შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული 4 არასრულწლოვანი: 2008 წელს დაბადებული ა.ა., 2006 წელს დაბადებული შ.ო., 2008 წელს დაბადებული მ.ა. და 2009 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქალაქ მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ.
"სამართალდამცველებმა, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაზიანებულ ჩარიცხვის აპარატებს მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის ნოემბერში, მარნეულში სამედ ვურღუნის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „მაგნიტიც“ გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.