გარდა შინაარსისა, შეიცვალა „ინფლაციის მიმოხილვის" გამოქვეყნების ვადებიც. 2013 წლიდან მომოხილვა გამოქვეყნდება მიმდინარე კვარტალის მომდევნო თვეში. ამასთანავე, ყოველი გამოცემის შემდგომ გაიმართება პრეზენტაცია ანალიტიკოსებთან, სადაც წარდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილებისა და პროგნოზების შესახებ.
პირველი შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართა, რომელზეც ანალიტიკოსებს (ბანკებისა და კომპანიების წარმომადგენლებს) წარედგინათ განახლებული „ინფლაციის მიმოხილვა". აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებული ეკონომიკური მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფასების დინამიკის ფორმირებაზე. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი მაკროეკონომიკური მოდელის პროგნოზებსა და მის უკან მდგარ დაშვებებს, რომელიც წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების საფუძველს.
ანალიტიკოსებთან შეხვედრისას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ „ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა იქნება, თუმცა მას ეტაპობრივად დაუახლოვდება 2014 წლის მეორე ნახევრიდან. ამ პროგნოზებზე დაყრდნობით, ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონესთან დაახლოებას."
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, მისამართზე: http://nbg.gov.ge/index.php?m=349
შემდეგი ინფლაციის მიმოხილვის გამოცემა და პერეზენტაცია დაგეგმილია 15 მაისს.