დუშეთის რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტრიპოლსკი იქნება

საქართველო, თბილისი - 2012-07-01 19:09:00

კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დუშეთის რაიონში ირაკლი ტრიპოლსკი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, დღევანდელი აქციისთვის დუშეთშიც განწყობა არის იგივე, როგორც სხვა რაიონებში - ხალხს უნდა ცვლილებები.

"მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ დაშინების მანქანა აამოქმედონ, ეს არ გაჭრის. შეიძლება 10-დან ერთი დაექვემდებაროს ხელისუფლების მუქარას, თუმცა, დანარჩენ ხალხს ისინი ვერ დააშინებენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, დღეს დასახელდებიან ისეთი კანდიდატები, რომლებიც ოთხივე რაიონისთვის მისაღები იქნება.