პეტრას ციხე დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 2021-05-18 14:07:00

დღეიდან პეტრას ციხე დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა.

პეტრას ციხე უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის ნანგრევებს წარმოადგენს, რომელიც სოფელ ციხისძირში, ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული და ვიზიტორთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. 

პეტრას ციხის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ კედლებს და დერეფნის უბანს, რითაც უფრო თვალსაჩინო გახდა ძეგლის თავდაპირველი დაგეგმარება.

2018-2021 წლებში ციხის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურითი მოწყობის პროექტი განხორციელდა. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, 2 საექსპოზიციო ნაგებობა, კინოსაპროექციო. ლიმონარიუმის 4 ტერასაზე გაკეთდა ადაპტირებული სასეირნო ბილიკები და 6 ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისათვის. ვიზიტორთათვის მოეწყო ავტო პარკინგი.

ციხე-ქალაქ პეტრას სახელწოდება კლდოვანი რელიეფის გამო შეერქვა, ხოლო მისი დაარსება და მშენებლობა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს სახელს უკავშირდება.