40%-ს არ დავთანხმდებით, მაგრამ 60%-ს ვერანაირად ავცდებით - ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე

საქართველო, თბილისი - 2019-07-30 21:19:00

ჩვენ 40%-ს არ დავთანხმდებით. ჩვენ არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ ამ ყველაფერზე თანხმა, - განაცხადა"რუსთავი 2-ის" ახალ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ ჯარჯი აქიმიძემ.

შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ მან "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებს, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს "რუსთავი 2-ის"წილის 40% შესთავაზა, რაზეც მათ კმაყოფილება ვერ შეატყო.

"ჩვენ 40%-ს არ დავთანხმდებით. ჩვენ არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ ამ ყველაფერზე თანხმა. შესაძლოა, ვთქვათ, რა არის ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ ჩვენ და რა შემოთავაზება იქნება შემდეგ უკვე ქიბარისგან, შემდეგ გამოჩნდება," - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ და აღნიშნა, რომ ყველაზე მაღალი ციფრი, რომელიც შეიძლება დასახელდეს, ეს 60%-ია. ჯარჯი აქიმიძის თქმით, ამის ზემოთ ციფრები უბრალოდ ვერ წავა.

"60%-ს ვერანაირად ვერ ავცდებით იმიტომ, რომ ჩვენი იყო 60%. ამის მაღლა ჩვენ უბრალოდ ვერ წავალთ", - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას, ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ მოქმედი დირექტორი არ ერევა გადაწყვეტილებებში და ჟურნალისტები მუშაობენ თავისუფლად.