ვანო მერაბიშვილი მძიმე მდგომარეობაშია, ის კვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს - გიორგი ჩივიაშვილი

საქართველო, თბილისი - 2018-09-12 21:21:00

შსს-ის ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას კვლევები უტარდება. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა მიაწოდა.

როგორც ის განმარტავს, 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ, ყოფილი შსს-ს მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოსწორებულა.

"ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია, ანუ ცუდად არის ადამიანი.

ის დღეს, 18:00 საათის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს დამატებითი კვლევებისთვის. ის უკვე მესამედ გადაიყვანეს სხვა საავადმყოფოში. 2 თვის განმავლობაში მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, ანალოგიურ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მისი საკნიდან საავადმყოფოში გაყვანა გახდა საჭირო.

ის მძიმე მდგომარეობაშია, 2 თვის განმავლობაში უკეთესობა არ ჰქონია", - აცხადებს ჩივიაშვილი.

ადვოკატისთვის სამედიცინო კვლევების შედეგი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. ხვალვე შეხვდებიან უფლებადამცველები მერაბიშვილს.