სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

საქართველო, თბილისი - 2017-04-05 14:47:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ზ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ. თბილისში, ზ.გ.-მ თავის ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც თავის არეში მინის ჭიქის ჩარტყმით მიაყენა დაზიანება. ზ.გ.-ს ქმედებით დაზარალებულმა  ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ზ.გ. 2016 წლის 21 დეკემბერს თბილისში დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლა და დაუნიშნა სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დანიშნული სასჯელი და  ზ.გ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით.