საია - საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ, ბევრი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელია

საქართველო, თბილისი - 2015-12-13 12:10:00

2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროს აფეთქების შესახებ საია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ერთი წლის წინ, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია “RMG-Gold”-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროზე უკანონო აფეთქება განახორციელა. აფეთქების შედეგად არქეოლოგიური ობიექტის შეუქცევადი განადგურება დაიწყო. გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ გასული წლის დეკემებრის თვეში მომხდარ ფაქტს და აღვნიშნოთ შემდეგი.

საიას კვლავაც მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დადგეს იმ ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეების (მათ შორის პირველ რიგში მაღალი თანამდებობის პირების) პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უშუალოდ მონაწილებდნენ საყდრისი-ყაჩაღიანის განადგურების საქმეში. ასევე, საქართველოს პროკურატურამ უნდა ჩაატაროს დროული და ეფექტური გამოძიება და გამოავლინოს ყველა ის პირი, რომლებიც 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის უკანონო აფეთქებასთან არიან დაკავშირებული.