რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 30 მარტს ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო მოლაპარაკებების მეათე რაუნდის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იუწყება, რომ მოლაპარაკებებზე განხილვის საგანი იქნება _ მდგომარეობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ტელეკომოპანია "იმედის" იმიტირებული ქონიკა" და ხელშეკრულება "ძალის გამოუყენებლობის შესახებ".
რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, "პირველადი მნიშვნელობა" ექნება მდგომარეობის განხილვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელზე მსჯელობაც პირველ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს.
"თბილისის საომარი ფანტაზიები, რომელთა აპოგეაც 13 მარტს ქართული ტელეკომპანია "იმედის" მიერ განხორციელებული საჯარო პროვოკაცია გახდა, მხოლოდ დასტურია იმისა, რომ აუცილებელია საქართველომ თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გააფორმოს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებმა უკვე დიდი ხანია მოიპოვეს მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრების უფლება", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე მითითებულია, რომ "ჟენევაში ვერავინ გვერდს ვერ აუვლის საქართველოს ე.წ. სახელმწიფო სტრატეგიას "ოკუპირებული რეგიონების მიმართ, რომლის გამოტანასაც ბოლო დროის განმავლობაში თბილისელი ემისრები საერთაშორისო დონეზე ცდილობენ თავიანთი "მშვიდობისმოყვარე" განზრახვების დასადასტურებლად".
რუსეთის საგარეო უწყების აზრით, "ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ესაჭიროება ჯანსაღი და მოქნილი მიდგომები, რომელშიც გაითვალისწინებენ კავკასიაში არსებულ რეალურ ვითარებას და ხელს შეუწყობდნენ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას".
მათივე ინფორმაციით, განხილვების დროს, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე არსებულ სიტუაციას ნდობისა და უსაფრთხოების აქცენტის გათვალისწინებით.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსული მხარე მხარს დაუჭერს რეგიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობაში დინამიკისა და ეფექტურობის შეტანას, რომლებიც მხარეთა შორის პირდაპირ კონტაქტებს ითვალისწინებს.