ENG / RUS

იულონ გაგოშიძე: 2009 წელს ქართული დიასპორითვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ

რესპოდენტის შესახებ



დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გასულ წელს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა. მისი ძირითადი მოვალეობა სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ქართულ დიასპორებზე ზრუნვაა. რამდენად ეფექტური იყო ამ მხრივ განხორციელებული სამუშაოები და რა კონკრეტულ პროექტებს გეგმავს 2009 წელს სახელმწიფო აპარატი? - ამ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი” სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში იულონ გაგოშიძეს ესაუბრა.

_ ბ-ნო იულონ, როგორ ფიქრობთ რამდენად ეფექტური და მნიშვნელოვანი იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მუშაობა გასულ წელს?

_ ჩვენი აპარატი ოფიციალურად 1-ლი თებერვლიდან არსებობს, თუმცა საქმეს რეალურად აგვისტოდან შევუდექით. მუშაობის დაწყება ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგვიხდა. რუსული ოკუპაციისას ჩვენ ძირითადად ქართული დიასპორების ინფორმირებით ვიყავით დაკავებულნი.

ომის დროს სწორი ინფორმაციის გავრცელება და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ინფორმირება მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ჩვენი საშუალებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები, რომლებმაც რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ერთდროულად გამართეს.

გარდა ამისა, ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში 200-ზე მეტ დელეგაციას ვუმასპინძლეთ. ქართული დიასპორა ანგარიშგასაწევი ძალაა, ამიტომ მათ ყურაღება და ხელშეწყობა სჭირდებათ.

_ თქვენ ოფიციალური ვიზიტით ბრძანდებოდით სომხეთში. რა საკითხებზე გამართეთ მოლაპარაკებები და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ხომ არ იქნა მიღებული ნორაშენის ტაძართან დაკავშირებით?

_ სომხეთში ვიზიტისას შეხვედრები გავმართე ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ჩემს კოლეგასთან ჰრანუშ ჰაკობიანთანაც. რა თქმა უნდა საუბარი ნორაშენის ტაძრის პრობლემასაც შეეხო. სომხეთში წასვლამდე პატრიარქს შევხვდი, სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით გავემგზავრე იქ. სომხურ მხარეს ვუთხარი, რომ ტაძრის შენობა ქართული სახელმწიფოს საკუთრებაა და მისი მოვლა ჩვენ გვევალება.

სომხური მხარისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ  ტაძრის ტერიტორიაზე ქართულ-სომხური კულტურის ცენტრი შეიქმნას. ამის შესახებ საუბარი ინტენსიურად მიმდინარეობს.

_ თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას? რამდენად მისაღები იქნება ეს ქართული მხარისთვის?

_ ქართულ-სომხური კულტურის ცენტრის შექმნა, ვფიქრობ ქართული მხარისთვის მისაღები წინადადებაა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. საქართველოსა და სომხეთის ისტორია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ისინი ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან და მათთან ქიშპობა არ შეიძლება.

_ რას გეგმავს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2009 წელს? რაიმე კონკრეტული პროექტები თუ არის დაგეგმილი?

_ 2009 წლისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვამზადებთ. მნიშვნელოვანია ჰოლანდიასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც მათ მიერ გამოყოფილ გრანტს ექსპერტად ქართველები გამოყვებიან და გასამრჯელოს არა უცხოელი სპეციალისტები, არამედ იქ მყოფი ქართველები მიიღებენ.

ასევე მნიშვნელოვანია ესპანეთთან და შვედეთთან მიღწეული შეთანხმებაც, რომელიც ფულად გადმორიცხვებზე შეღავათიან პროცენტულ გადასახადს ითვალისწინებს. მომავალი წლისთვის სხვა სერიოზული ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი, რომელიც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.










ავტორი: . .