ENG / RUS

ირაკლი სესიაშვილი: ბევრ პოლიტიკურ ძალასა და ლიდერს ვიწროპოლიტიკური ამბიციები ამოძრავებდა

რესპოდენტის შესახებ

2010-შიც პოლიტიკური მოვლენების იმავე სცენარით განმეორებაა მოსალოდნელი - ე. წ. რადიკალები, ალბათ, ბოლო წლებში ჩატარებული სხვა არჩევნების მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნებსაც არალეგიტიმურად შეაფასებენ და, ალბათ, ახალი საპროტესტო ტალღის აგორების გეგმასაც დასახავენ... ალბათ, თბილისი ისევ საკნების, კარვების ან ვინ იცის კიდევ რის ქალაქად იქცევა, თუმცა საკითხავი ის არის, გამოვა თუ არა ქუჩაში საზოგადოება, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად უკვე ოპოზიციაც ყელში ამოუვიდა.

მოსალოდნელია თუ არა 2009-ის პოლიტიკური სცენარის მომავალ წელსაც გაგრძელება, რატომ აღმოჩნდა ეს წელი უიღბლო პოლიტიკური უმცირესობისთვის და რისი "წყალობით" მოახერხა ხელისუფლებამ თავის დაძვრენა გაზაფხულზე შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან... "ჯი-ეიჩ-ენთან" ინტერვიუში წლის შედეგები ამჯერად პოლიტოლოგმა ირაკლი სესიაშვილმა შეაფასა.

- ეს წელი ქვეყნისთვის პოლიტიკური დაძაბულობის თვალსაზრისით უმძიმესი იყო. ასეთი მძიმე წელი მე არ მახსოვს. უმძიმესი იყო იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ 2008-ში ომი გადავიტანეთ და შესაბამისად, მთელი 2009-ის განმავლობაში, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, საქართველოს დევნილების დაბინავების და მათი სათანადოდ უზრუნველყოფის პრობლემაც ჰქონდა. ამას ემატება რუსეთის მხრიდან გარკვეული საფრთხეების არსებობა, რომელიც, მართალია, გამოკვეთილი არ ყოფილა და მისი განმეორების მაღალი რისკები არ არსებობდა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება, შეიძლება პირდაპირ ითქვას, მთელი წლის განმავლობაში მისი მოსალოდნელობის შესახებ გვაშინებდა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, საზოგადოების რეაქცია, რომელმაც როგორც აგვისტოს მოვლენებამდე, ისე უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ ხელისუფლების უმძიმესი შეცდომები ნახა, ადეკვატური იყო. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის დროს ჩვენი პრეზიდენტი ძალიან შეშინებული ჩანდა და ბევრ დაპირებას იძლეოდა, რომ ერის კონსოლიდაცია მომხდარიყო, სიტუაციის დაწყნარების შემდეგ, როცა დაინახა, რომ რუსული ჩექმა ამ ეტაპზე აღარ გვემუქრებოდა, გეგმები შეცვალა და ისევ მხოლოდ ძალაუფლების გამყარებასა და მის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი.

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის პრიორიტეტს მთელი 2009 წლის განმავლობაში ვიწროპოლიტიკური ინტერესები წარმოადგენდა - შეენარჩუნებინა ძალაუფლება. სახელმწიფო ინტერესები მხოლოდ მესამე, მეოთხე და მეხუთე რიგში მოდიოდა. ხელისუფლება მზად იყო, გავლენის შესანარჩუნებლად ყველა ბინძურ კამპანიაზე წასულიყო, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დევნა-შევიწროებაზე, მათ დაპატიმრებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ბინძური კამპანია იყო, როცა ბევრ ჩვენს მოქალაქეს უწოდეს მოღალატე; ბინძური კამპანია იყო, როცა მუხროვანის ამბოხებიდან რამდენიმე წუთში გაკეთდა განცხადებები, თითქოს ქართული ჯარი რუსებთან ერთად თბილისის აღებას აპირებდა - ეს სამარცხვინო განცხადება იყო; სამარცხვინო იყო მიხეილ სააკაშვილის ის განცხადებაც, როცა ამბოხების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში შეკრებისას მან მადლობა გადაუხადა არტილერისტებს, რომლებიც, მისი თქმით, ბრძანების შემთხვევაში, მზად იყვნენ, მიწასთან გაესწორებინათ მუხროვანის ბრიგადა, მაშინ, როცა ეს ის ნაწილია, რომელმაც მოითხოვა, თბილისში რუსების შემოსვლის შემთხვევაში, პირველ საბრძოლო რიგებში განეთავსებინათ.

- ფაქტია, რომ ხელისუფლება ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას ყოველთვის ახერხებს. როგორ ფიქრობთ, ეს იმის გამო ხდება, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, ყველა ბინძურ ხერხს მიმართავს, თუ ამას თავად ოპოზიციის სისუსტე განაპირობებს?

- ხელისუფლება იყენებს ყველა ბინძურ ხერხს, თუმცა არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამის გამართლება, მაშინ, როცა არსებობს მორალი, სამართლიანობის გრძნობა და ა. შ. თუ გვინდა ღირსეული, დემოკრატიული სახელმწიფო შევქმნათ, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას ვერ გავამართლებთ.

- რაც შეეხება ოპოზიციას, წლის მიწურულს მისი რეიტინგი საზოგადოებაში არცთუ სახარბიელოა. რა გახდა ოპოზიციის წარუმატებლობის მიზეზი?

- რაც შეეხება ოპოზიციას, პირველად საქართველოს ისტორიაში შეიძლება ითქვას, რომ წელს საზოგადოებრივ-სამოქალაქო პროტესტის სერიოზული ფორმები დაფიქსირდა. 26 მაისის შეკრება კი შეიძლება ისტორიულადაც შევაფასოთ. თუმცა ოპოზიციამ მაინც ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია. ამის მიზეზები, ერთი მხრივ, ის იყო, რომ ხელისუფლებამ შეგნებულად ყრუს როლი ითამაშა, ხოლო მეორე მხრივ, პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ბევრ პოლიტიკურ ძალასა და ლიდერს, ხელისუფლების მსგავსად, უფრო მეტად ვიწროპოლიტიკური ამბიციები ამოძრავებდა, ვიდრე საერთო საქმეზე ფიქრი. ხშირ შემთხვევაში მათი პრინციპული მიდგომები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა.

- კონკრეტულად ვის ამოძრავებდა ვიწროპოლიტიკური ამბიციები, თქვენი აზრით?

- ყველა ძირითად ძალას და ძირითადი ძალა ვინ იყო, ყველამ ვიცით. ისინი ვერ თანხმდებოდნენ პრინციპულ საკითხებზე, უპირველესად, სტრატეგიაზე და ეს, რა თქმა უნდა, აბნევდა, როგორც მოსახლეობას, ისე პოლიტუკური უმცირესობის შიგნით იწვევდა გარკვეულ დაპირისპირებას და არაეფექტურს ხდიდა მათ მოქმედებას.

ამასთან, ოპოზიციის შეცდომებში შეიძლება ჩავთვალოთ გარკვეული დეტალები, რომლებიც პიარ-ტექნოლოგიურ საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ ქვეყნებთან ურთიერთობას და ა. შ. უკავშირდება.

ოპოზიციის ბრძოლის შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ, ალბათ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ (მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიცია რადიკალურ ნაწილად შეფასოს) ხელისუფლება უფრო რადიკალური იყო თავისი ქმედებებით და პოლიტიკით, ვიდრე პოლიტიკური უმცირესობა.

- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ყველაზე დაზარალებული საზოგადოებაა. ოპოზიციამ მას ნდობა ვერ გაუმართლა და თითქმის 4-თვიანი ქუჩაში დგომისგან ვერაფერი მიიღო.

- ბრძოლა პროცესია... რა თქმა უნდა, ხალხი განიცდის გარკვეულ მორალურ-ფსიქოლოგიურ ტრავმას, როცა ხედავს, რომ ცხოვრობს იმ ქვეყანასა და იმ რეჟიმში, რომლის ღირსიც არ არის და ხედავს იმასაც, რომ ბრძოლის მიუხედავად სიტუაციის გამოსწორების პოზიტიური ცვლილება არ შეინიშნება. ამას დაემატა ისიც, რომ ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა და იმ ვითარებაში, როცა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შენი ხელისუფლება არაა მზად ამის გამო პასუხი აგოს, ხოლო ოპოზიციას არ აქვს უნარი, შენი მოთხოვნა სასურველ შედეგამდე მიიყვანოს, ცხადია, მოსახლეობა კიდევ უფრო ითრგუნება. რეალურად დღეს ამ ვითარებაში ვიმყოფებით.

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, შეძლებს არსებულ ხელისუფლებაზე უკეთ მართოს ეს სახელმწიფო?

- პოლიტიკა ლატარიაა, ძნელია ახლა იმის პროგნოზირება, მაგალითად, როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც კარგი ორატორი და ლიდერია. მე ცოტა სხვა კუთხით ვუყურებ ვითარებას. ვფიქრობ, რომ დროა, საქართველომ პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით ახალი ნაბიჯები გადადგას. სასურველია გვქონდეს ჭრელი ხელისუფლება, ჭრელი პარლამენტი, სადაც პოლიტიკურ ძალთა ბალანსი იარსებებს. შეიძლება ამან ხშირი პოლიტიკური მღელვარება და ცვლილება, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები გამოიწვიოს, მაგრამ...

- სიჭრელეში რას გულისხმობთ, თან ისეთში, რომელმაც კიდევ უფრო ხშირი პოლიტიკური მღელვარება და მეტი რიგგარეშე არჩევნები შეიძლება გამოიწვიოს?

- როგორც წესი, როცა ხელისუფლბაში ან პარლამენტში ძალთა ბალანსია, ხშირია შემთხვევები, როცა გადაწყვეტილებები ვერ მიიღება და დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების გამოცხადების აუცილებლობის საკითხი დგება. ასე გრძელდებოდა იტალიაში, ასეა ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ისრაელშიც, სადაც საპარლამენტო ვადა მგონი არც ერთი მოწვევის პარლამენტს არ ამოუწურავს. შეიძლება ჩვენც მოგვიხდეს ამ გზის გავლა. ამ გზაზე ვისწავლით სულ მცირე დემოკრატიულ მმართველობას და მასთან ერთად პოლიტიკური კულტურაც ჩამოყალიბდება.

იმ პირობებში კი, როცა ჩვენ, ფაქტობრივად, ერთპარტიული მმართველობა გვაქვს და გვყავს დიქტატორი პრეზიდენტი, შეიძლება მეტად დაბალანსებული პარლამენტი, მთვარობა, ხელისუფლება ყველასთვის საჭირო აღმოჩნდეს. მაშინ ხალხს უფრო მეტი საშუალება ექნება სწორად შეაფასოს, ვის აქვს ქვეყნის მართვის უნარი.

- თუმცა ამისთვის ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და არა დახიოს მანდატები, როგორც ეს ქართულ სინამდვილეში მოხდა...

- რა თქმა უნდა.

- ბატონო ირაკლი, რჩება შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე წელია მოვლენები ერთი და იმავე სცენარით ვითარდება. ვადამდელი არჩევნები, ოპოზიციის მიერ მისი არალეგიტიმურად გამოცხადება და საპროტესტო ტალღა რუსთაველზე... სხვათა შორის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა ამჯერადაც ამბობს, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბებით ჩატარდება, დედაქალაქში მორიგი საპროტესტო ტალღა დაიწყება. როგორ ფიქრობთ, სცენარის შეცვლა ხომ არ არის საჭირო? სანამდე მიიყვანს ეს ყველაფერი ქვეყანას?

- ეს მაშინ დასრულდება, როცა, ხელისუფლებაც და ოპოზიცია დაიწყებენ სახელმწიფოებრივად აზროვნებას, რაც დღეისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. კიდევ ვიმეორებ, 2009 წელი იყო წელი, როცა ხელისუფლება და ოპოზიციაც პირველ ადგილზე აყენებდა საკუთარ ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს, ამბიციებს და მხოლოდ ბოლო რიგებში იყო სახელმწიფო ინტერესები, რის გამოც ჩვენმა ქვეყანამ უსერიოზულესი ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის დარტყმები მიიღო.

რა თქმა უნდა, ოპოზიიის გარკველ ნაწილსაც აქვს საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამოსვლის პრობლემა. ამიტომ თუ მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ძალები უპირველესად ორიენტირებულნი იქნებიან სახელმწიფო ინტერესებზე და ამის მიხედვით ააგებენ ჩვენი ქვეყნის განვითარების გეგმებს, მაშინ მეტი შანსია, ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები და შეიქმნას რეალური საფუძველი იმისა, რომ ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიულად. დღეს ამის შანსი ნულის ტოლია. მარტივად გეტყვით - ილუზიას, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, წერტილი უნდა დავუსვათ. ჩვენ ვართ სახელმწიფოში, რომლის მმართველობის ფორმაც დემოკრატიულია, მაგრამ რეალურად, ერთპარტიული დიქტატორული მმართველობაა დამყარებული და ხელისუფლება დემოკრატიის მხოლოდ ფარდად - თვალის ასახვევად გამოყენებას ცდილობს.

ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ყველა არჩევნების წინ ცვლის საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო გარემოს და მას იმ დროისა და ვითარების მიხედვით ირგებს, რომელიც იმ მომენტში ხელს აძლევს, არ შეიძლება დემოკრატიულად ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, არც მაისში დაგეგმილმა არჩევნებმა შეიძლება ქვეყანში მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა მოიტანოს. მერწუმეთ, მიუხედავად იმისა, როგორ ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, მისადმი საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების ნდობა ნულის ტონი იქნება. ამიტომ, ცხადია, შემდეგი წლის ზაფხულსაც მღელვარებაა მოსალოდნელი...

- სწორედ თვითმმართველობის არჩევნებზე მინდა გკითხოთ... ოპოზიციის მტკიცებით, საარჩევნო კოდექსი მხოლოდ ხელისუფლების ტყავზეა მორგებული. ამის მიუხედავად, პოლიტიკური უმცირესობის დიდი ნაწილი მაისში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას მაინც აპირებს. პირადად თქვენ მასში მონაწილეობა უფრო გამართლებულად მიგაჩნიათ თუ მისი ბოიკოტირება?

- კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რადგან არჩევნებამდე დიდი დროა. ვითარება მაისამდე, ალბათ, შეიცვლება და ოპოზიცური ძალები რაღაც საკითხებზე შეთანხმდებიან. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, მთავარია, ბრძოლა იყოს პრინციპებისთვის. ვგულისხმობ სამართლიანობას, თავისუფლებას, დემოკრატიას და ა.შ.. თუ ოპოზიციას ამ პრინციპების მნიშვნელობა ესმის, ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს გაერთიანება, თუმცა ვიმეორებ: როცა მათ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესები უფრო ამოძრავებთ (რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციურ ძალას არ ეხება), ძნელი სათქმელია, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას. ერთი რამ ცხადია, საარჩევნო პროცესი დაგვანახებს, რამდენად არიან პოლიტიკური ძალები მზად, უპირველესად, პრინციპების გულისთვის იბრძოლონ.

- თავად ოპოზიციაც ამბობს, რომ გიგი უგულავა არჩევნებზე ძლიერი კანდიდატი იქნება. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესძლებს მისთვის კონკურენციის გაწევას, თუნდაც ოპოზიციის ერთადერთი კანდიდატი?

- რა თქმა უნდა, შეძლებს. არის მეორე მომენტიც - ახლა საზოგადოება იმედგაცრუებულია და ფიქრობს, რომ ოპოზიცია დამარცხდება და ხელისუფლება გაიმარჯვებს, თუკი არჩევნებში ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ამის გამო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები არჩევნებზე, შესაძლოა, საერთოდ არ წავიდნენ და სამარცხვინო შედეგიც დადგეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ არა უმცირესობა ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას. მეტიც, შედეგიც ამაზე იქნება დამოკიდებული. მაპატიეთ ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ, ალბათ, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ამბიციოზები, რომლებიც იტყვიან, რომ მის პოლიტიკურ ორგანიზაციას არჩევნებში საკუთარი კანდიდატის დასახელება სჭირდება, რათა მოსინჯოს, რა ძალა აქვს, მაგრამ ეს სახელმწიფოებრივ აზროვნებას მოკლებულია, რაზედაც უკვე გესაუბრეთ...


ესუბრა ლელა ბაღდავაძე, "ჯი-ეიჩ-ენი"

ავტორი: . .