ENG / RUS       12+

ნესტან კირთაძე: საქართველოში რეპრესიული დემოკრატიაა

რესპოდენტის შესახებ

"წლევანდელი ზაფხული იქცევა ქრესტომათიულ ნიმუშად, როგორ ძალადობს ხელისუფლება ხალხზე"

რაც უფრო მეტი დრო გადის "ვარდების რევოლუციიდან," ვარდები მით უფრო ჭკნება. საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ყოველი ახალი წელი გასულ წელთან შედარებით, სოციალური თვალსაზრისით, მძიმდება. უმუშევრობის პრობლემა ქვეყანაში ჯერ კიდევ მწვავედ დგას, თუმცა ფასები ყველა სეგმენტში და ყველა მიმართულებით იზრდება. მოქალაქეები ვარდის სურნელს ვეღარ გრძნობენ... ვარდები დაჭკნა... ისინი უკვე ეკლებზე სხედან...
რაშია მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება ქვეყანაში "ევროპულ ფასებს" აწესებს, მაშინ, როცა აქ ევროპული ცხოვრების დონე არაა, სანამდე მიგვიყვანს ეს ტენდენცია, რატომ დუმს თავად ხალხი და სადაა ოპოზიცია, რომელიც, ბოლო დროს, საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად მხოლოდ ტრაფარეტური განცხადებების კეთებით შემოიფარგლება, "ჯი-ეიჩ-ენი" ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივან ნესტან კირთაძეს ესაუბრა...

- ქალბატონო ნესტან, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და ერთი შეხედვით ქვეყანაში მშვიდი და ზედმეტად მშვიდი პოლიტიკური სიტუაციაც კი არის, სეზონის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ მოხდა - სხვადასხვა კონფესიებს რელიგიური სტატუსი მიენიჭა, რამდენიმე სოციალური თემატიკის გადაწყვეტილება იქნა მიღებული - გაძვირდა მგზავრობა, დაინერგა კომუნალური გადასახადების გადახდის ახალი სისტემა... და ამ ყველაფერმა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. შედეგები გასაგებია. საინტერესოა მიზეზები, რის გამოც აქამდე მივედით.

- ეს არ არის მხოლოდ ერთი მიზეზით გამოწვეული. ეს განაპირობა მიზეზთა მთელმა წყებამ, რომელიც მთლიანად არის დაკავშირებული ხელისუფლების საქმიანობის შინაარსთან. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იკვეთება სრულიად არაეროვნული პოზიციები, ხალხის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და საერთო ჯამში, იკვეთება ყველაზე მძიმე ტენდენცია - ეს არის რეპრესიული დემოკრატია (თუკი ასეთი მცნების მოშველიება შეიძლება ზოგადად პოლიტიკურ თეორიაში, საქართველოში ეს პრაქტიკული რეალობა გახდა). სწორედ რეპრესიულმა დემოკრატიამ, ფასადურმა თვალსაჩინოებამ, მხოლოდ ვირტუალ და პიარტექნოლოგიებზე აგებულმა პოლიტიკამ მოგვცა შედეგად ის, რომ პრაქტიკულად, საქართველოს მოსახლეობა (მთლიანად და არა უდიდესი უმრავლესობა) ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, ცალკე, უაღრესად მძიმედ და გაუსაძლისად და საქართველოს ხელისუფლება მასთან დაახლოებული ბიზნეს და პოლიტელიტის ჯგუფები, რომლებიც რამდენიმე ათეულ ან შეიძლება რამდენიმე ასეულ ოჯახს შეადგენენ, ცხოვრობენ ცალკე.

- ანუ, საზოგადოება და ხელისუფლება გახლეჩილი და პოლარიზებულია?

- ნამდვილად ასეა და ამას ემატება თვითონ საქართველო, რომელიც სახელმწიფოებრივად დაშლილი, ტერიტორიულად დანაკუწებული, დახლეჩილი და ისევ სისხლმდინარეა...

წლევანდელ ზაფხულს მე ვუწოდე "ძალადობის ზაფხული". წლევანდელი ზაფხული იქცევა ქრესტომათიულ ნიმუშად, როგორ ძალადობს ხელისუფლება თავისსავე ხალხზე.

- სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირების საპროტესტო აქციაზე მხოლოდ 30 კაცი მივიდა. ლოგიკურად ჩნდება შეფასება, რომ ან გაზრდილი ტარიფი არ წარმოადგებს პრობლემას ხალხისთვის და ან პროტესტის გამოთქმის ეშინია...

- საზოგადოების პასიურობა, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ მას აქვს თავისი მიზეზები და მას გაუცხოვება, ხელჩაქნეულობა, დეპრესია, 26 მაისის ცნობილი მოვლენები (როდესაც, პრაქტიკულად, სისხლის მდინარეები ჩქეფდა რუსთაველის მოედანზე გალახული, დასახიჩრებული და მოკლული თავისუფალი დემონსტრანტებისა), რა თქმა უნდა, შიში (რომელსაც დიდი თვალები აქვს), საყოველთაო დაპატიმრებები და ხელისუფლების ძალადობის რეაქცია ჰქვია.


- ლონდონშიც დააპატიმრეს დემონსტრანტები, იყო მსხვერპლიც მაგრამ ხალხი მაინც გამოთქვამდა პროტესტს...

- მოდით ღიად ვთქვათ - ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა ვართ. არ გვაქვს დიდი გამოცდილება, მათ შორის არც საპროტესტო გამოცდილება. დემოკრატიის დამკვიდრებას დრო სჭირდება. ჩვენთან არის ასეთი საყოველთაო კლიშე, რაც ვარდების ე.წ.-მა რევოლუციამ მოიტანა - არ მოგეწონება ხელისუფლება?, - შეგიძლია ის დაამხო. ამ მოსაზრებას თეორიულადაც, მორალურადაც და საერთაშორისო დოკუმენტებითაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ტიპის უფლება ხალხს უკვე აღარ აქვს. დღეს სხვა შედეგი დადგა, საქართველოს მოსახლეობა სრულიად უუფლებო გახდა... რევოლუციებით ხელისუფლების შეცვლის შანსი დაკარგულია...

- ლეიბორისტული პარტია ხელისუფლების მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლაზე ალაპარაკდა?

- არა. პოლიტიკაში და ომში ყველა გზა მისაღებია. ამბობენ ომში და სიყვარულშიო, მაგრამ პოლიტიკაშიც არის ყველა გზა მისაღები, თუკი ის დაკავშირებულია უფლებისთვის ბრძოლასთან, სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლასთან, ქვეყნის ერთიანობისთვის, წონასწორობის აღდგენისთვის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის ბრძოლასთან. ასეთ შემთხვევაში, კომპლექსურად, ყველა გზა არის მისაღები, მათ შორის მიტინგები, მანიფესტაციები, უკიდურესი პროტესტი, შიმშილობები... მაგრამ ხელისუფლების შეცვლის გზა, რომელსაც პირადად მე არასდროს და არც ერთ ვითარებაში არ გადავსინჯავ, არის მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზა.

- და ამას ამბობს იმ პარტიის საერთაშორისო მდივანი, რომელმა პოლიტიკურმა ძალამაც ბოლო პერიოდში ჩატარებულ ყველა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა?

- ბოიკოტიც პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ტაქტიკა გახლავთ. მე ვსაუბრობ არჩევნებზე, როგორც ხელისუფლების რეალურად შეცვლის გზაზე და არა მორიგ პოლიტიკურ სპექტაკლზე, რომლის შემდეგაც არაფერი იცვლება და ქვეყანა ისევ ისე, ძველი ინერციით აგრძელებს სვლას. თუ არჩევნებში არ გამოვიდა ქუდზე კაცი, ანუ არჩევნები არ გახდა მორალურად სავალდებულო ყველა მოქალაქისთვის, ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება.

დღევანდელ ვითარებაში კი ქართველი ხალხი არის სუვერენობა დაკარგული, დამოუკიდებლობა წართმეული, ქვეყანა სახელმწიფოებრივად დაშლილი, ტერიტორიულად დაქუცმაცებული და სრულიად უუფლებო, რომელმაც ხელახლა უნდა ისწავლოს თავისი უფლებებისთვის ბრძოლა, თავისი ვალდებულებების ბრძოლა. მძიმეა ეს ბრძოლა, მძიმეა ეს გზა, მაგრამ აუცილებლად გასავლელი...

- ამ თემის კონტექსტში რობერტ სტურუას მაგალითს გავიხსენებ. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, რეჟისორი თანამდებობიდან მოხსნეს სწორედ იმიტომ, რომ ის საკუთარი მოქალაქეობრივ აზრს, რომელიც ხელისუფლების პოზიციას არ ემთხვეოდა, ღიად აფიქსირებდა. როგორ ფიქრობთ, უბრალო, რიგითი მოქალაქეები დაძლევენ შიშს იმისა, რომ გამოთქმული პროტესტის გამო, შესაძლოა, მინიმუმ, უსამსახუროდ დარჩნენ?

- რობერტ სტურუამ შიში, როგორც ემოცია, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში "დაძლია". ის დიდი მაესტრო სწორედ იმ სპექტაკლებით გახდა, რომლებში ჩადებული უსაზღვროდ დიდი ალეგორიებითა და უსაზღვროდ დიდი თეატრალური მეტაფორებით დაუპირისპირდა ტოტალიტარიზმს, ავტორიტარიზმს, დიქტატურას და ისინი ტოტალიტარიზმის, ავტორიტარიზმის და დესპოტიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოებად აქცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხდებოდა საბჭოთა პერიოდში და ხდებოდა იმ დროს, როცა ცენზურა ძალიან დიდი იყო. ამ ტიპის ადამიანის, ამ აზროვნების, ამ შეხედულების ხელოვანის, ამ პრინციპების მატარებელი რეჟისორის პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასთან გასაკვირი არ იყო. პირიქით, მოსალოდნელიც იყო, ისე როგორც მოსალოდნელი იყო მისი გათავისუფლება. მე თვალს ვადევნებდი სოციალურ ქსელში ატეხილ ხმაურს და ეს კარგია, მაგრამ აშკარად გამოიკვეთა ერთი ფაქტორი - რობერტ სტურუას გათავისუფლება არავის გაკვირვებია და ყველაზე მძიმე და ცუდი რეალობა სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, საზოგადოებაზე კიდევ უფრო მეტად ამას ელოდა თავად დიდი მაესტრო. საკითხავი იცით რა არის? ბოლომდე გაუკვირვებელნი დავრჩებით, თუ... თუ... თუ... დავიწყებთ ამ მძიმე რეალობის შეცვლას? რა თქმა უნდა, ისევ მოდის შიშის ფაქტორი, მაგრამ ჩვენმა ხალხმა უკანასკნელ წლებში რამდეჯერმე აჩვენა შიშის გადალახვის მცდელობა, მათ შორის 26 მაისსაც, რომელიც, ამავე კუთხით, იმედია, უკანასკნელი არ იყო...

- შიშის ფაქტორის გარდა, მეორე პრობლემაა ისიც, რომ საზოგადოება, ფაქტობრივად, პოლიტიკური ლიდერის გარეშეცაა დარჩენილი. არსებულ სახელებს და გვარებს, უკვე აშკარად ჩანს, ხალხი აღარ ენდობა. საზოგადოება პოლიტიკოსებისგან მიტოვებულია...

- დარწმუნებული ვარ და ეს არ არის ჩემი პოლიტიკური პათოსი, რომ საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური პარტიების გარეშეც დადგება ფეხზე და დაიწყებს მისი უფლებებისთვის ბრძოლას. სხვა გზა არ აქვს, რადგან უკან მხოლოდ უფსკრულია.

- რელიგიურ თემაზეც მინდა გკითხოთ. ცოტა ხნის წინ სხვადასხვა კონფესიებს რელიგიური სტატუსი მიენიჭა, რაც სინოდმა თავდაპირველად გააპროტესტა, თუმცა მას შემდეგ, რაც საპატრიარქოში ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი შენიშნეს მისული, შეფასება შეცვალა და მიღებული კანონისადმი კრიტიკამაც იკლო. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას გარკვეული გავლენა, ან გავლენის მცდელობა აქვს ეკლესიაზე...

- მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება უკვე ფართოდაა ინფორმირებული, თუ რა მოხდა ფორსმაჟორში მიღებულ ამ კანონთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვუმარტავ თქვენს მკითხველს - კანონის მიღება მოხდა მეზობელი სახელმწიფოს რელიგიური ცენტრის მამამთავრის და მეზობელი სახელმწიფოს ლობისტური ჯგუფების ზეწოლით.

- სომხეთს გულისხმობთ?

- დიახ... და ეს კანონი თავისი შედეგებით იქნება ძალიან მძიმე და უკიდურესად საზიანო საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.


- და კონკრეტულად, რა ზიანის მოტანა შეუძლია?

- საუბარი დავიწყეთ იმით, რომ სახელმწიფოებრივად დაშლილი ქვეყანა ვართ. გავაგრძელეთ იმით, რომ ტერიტორიულად დანაკუწებული და დაქუცმაცებული ქვეყანა ვართ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მცირე ქვეყანა ვართ ფიზიკური გაგებით - ჩვენთვის ყოველ გოჯ მიწას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას არ აქვს მხოლოდ ისტორიისა და მემორიალის დატვირთვის ფუნქცია. ეს არის ჩვენი დღევანდელობა და ჩვენი მომავალი. ხოლო ამ კანონის მიღებით, არა თუ რომელიმე კონფესიას, არამედ ყველას, ვინც კი საქმიანობს საქართველოში, მათ შორის მცირე რელიგიურ ჯგუფებსაც კი, თავიანთი პრეტენზიების დაკანონების შესაძლებლობა ეძლევა, მათ შორის კონკრეტული ქონების, მიწის, ისტორიული მემკვიდრეობის - ტაძრების, მონასტრების და ა.შ. ეს არის ნამდვილი ეროვნული კატასტროფა.

- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა რელიგიური მემკვიდრეობა დავკარგოთ?

- ეს არის აბსოლუტურად რეალური საფრთხე და მას საქართველოს პარლამენტის არითმეტიკული ჯამის უმცირესობამ (70-მა დეპუტატმა) ხელის ერთი აქნევით დაუჭირა მხარი და მხარი დაუჭირა მისი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეების გაფანტვას, მისი ქვეყნის მიწების გადაცემას სხვადასხვა სახელმწიფოთა ინტერესებში.


- რომელი ქვეყნების ეკლესიების წარმომადგენლობებს შეიძლება გაუჩნდეთ პრეტენზია ჩვენს ისტორიულ და რელიგიურ მემკვიდრეობაზე?

- ყველას, ვისაც არ დაეზარება, ყველას, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება...

ასე რომ, ჩვენი ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც იქცეოდა მებრძოლი ათეისტური ბოლშევიკური ხელისუფლება. ჩვენმა ხელისუფლებამ გაუბედა საქართველოს ეკლესიას, მის მამამთავარს, წმინდა სინოდს (გაუბედა მორალურად, გაუბედა სახელმწიფოებრივად, გაუბედა სულიერად, ზნეობრივად და კონსტიტუციურად) მის ზურგს უკან მიეღო ასეთი ანტიეროვნული გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ გაუბედა ზეწოლის უპრეცენდენტო მაგალითი და პრაქტიკა საპატრიარქოს, როდესაც წმინდა სინოდის კრების წინა დღეებში იქ მისი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი გააგზავნა.

მე ძალიან ბევრი ფაქტი ვიცი კულისებიდან. ქართულ პრესაში ბევრი რამ იწერება, მათ შორის ტყუილიც, იმპროვიზირებული სიმართლეც, სიმართლეც, თუმცა ჩემს თავს არასდროს მივცემ უფლებას ეს ფაქტები გამოვიტანო. მე უბრალოდ ერთი რამ მინდა გითხრათ - მოხდა ზეწოლის უპრეცენდენტო შემთხვევა, მაგრამ ფორმულა, რომ პატრიარქი დამარცხდა, ფორმულა, რომ ეკლესიამ უკან დაიხია, ფორმულა, რომ სინოდი ვინმემ შეაშინა, სწორად არ მიმაჩნია.

- თუმცა, ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა, რატომ არ საუბრობს ეკლესია ღიად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე და რატომ აძლევს მთავრობას უფლებას რელიგიურ საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე?

- პატრიარქმა რამდეჯერმე დაგმო მიღებული კანონი და ისეთი ტიპის პრინციპული განცხადება, როგორიც უწმინდესმა გააკეთა, მე მისგან თითქმის არც მომისმენია. ასეთივე განცხადებები გაკეთდა რამდენიმე მღვდელმთავრის მიერაც. მიღებულ კანონს გამოეხმაურა მრევლიც და გახსოვთ, გრანდიოზული მსვლელობაც მოეწყო ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების ტაძრამდე. ეს იყო ხელისუფლებისადმი სიგნალი, ეს იყო გზავნილი იმისა, რომ შეიძლება მყისიერად, ხუთ წუთში დადგეს მთელი საქართველო ფეხზე...


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

ავტორი: . .