ENG / RUS       12+

ნესტან კირთაძე: რელიგიური უმცირესობების შესახებ მიღებული კანონი საქართველოს დაქუცმაცებისკენ არის მიმართული

რესპოდენტის შესახებ

„რელიგიური უმცირესობების შესახებ მიღებული კანონი საქართველოს დაქუცმაცებისკენ არის მიმართული", - აცხადებს „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მისაღებად.

- ქალბატონო ნესტან, როგორ შეაფასებთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონს, რომელიც საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

- „ეს არის რამდენიმე ათეული პოლიტიკოსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, ასევე ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ეს არის ერთი კონკრეტული ქვეყნის ინტერესების ლობირება საქართველოში და დროა სააკაშვილმა ყურად იღოს მოთხოვნა ვეტოს დადების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალში გამოიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება სწორად და თავად გადახედავს ამ ფაქტს, არა როგორც ერთ კანონს, არამედ როგორც მოვლენას, უაღრესად საშიშ პროცესს, რომელიც მიმართულია საქართველოს დაშლისა და დაქუცმაცებისკენ.

- უკავშირდება აღნიშნული კანონის მიღებას საქართველოში სრულიად სომეხთა კათოლიკო-პატრიარქის გარეგინ მეორის ვიზიტს?

- პირდაპირ უკავშირდება. მოთხოვნები, რომელიც სომხეთის პატრიარქმა საქართველოში ვიზიტისას გაახმიანა, ცნობილი მოთხოვნებია. მათ შორის, სამწუხაროდ ევროსაბჭოს ვალდებულებების დონეზე. თუმცა დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა და პარლამენტმა ვერ გაუბედა საქართველოს ეს. ეს გაბედეს და შეძლო 60 თუ 70 უსამშობლო პოლიტიკოსმა ერთი მაესტროს ჯოხის მოქნევით ჩუმად და ფარულად საქართველოს კატოლიკოს- პატრიარქსა და ქართულ საზოგადოებასთან შეუთანხმებლად. ამ კანონის მიღებას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ და უფლებრივ საკითხებთან. ილია მეორესთან მიუღწეველი საკითხები პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფმა მისაღწევი გახადა სომხეთის ინტერესების სასარგებლოდ.

- ეს ხომ არ გამოიწვევს ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას ქართულ და სომხურ საპატრიარქოებს შორის?

- საქართველოს საპატრიარქოს ყველასთან მშვიდობა უნდა, მაგრამ არა საქართველოს შემდგომი დაშლისა და დაქუცმაცების ხარჯზე. ეს უნდა გაიგონ ჩვენმა მეზობლებმა და ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. აქ გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი: ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ისტორიული. უნდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია - ავტო - კეფალურია. იგი ჩვენს ქვეყანაში მოქმედი სხვა რელიგიური ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ეკლესიის ნაწილი კი არ არის, არამედ 20 საუკუნეა ორგანიზაციულად დასრულებული სახით სწორედ საქართველოშია წარმოდგენილი და მართლმადიდებლობა ქართული ცივილიზაციის საფუძველი და მისი იდენტობის განმსაზღვრელია. სხვა კონფესიები კი საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული რელიგიური ორგანიზაციების მხოლოდ სტრუქტურული ერთეულებია და შესაბამისად, ექვემდებარებიან თავიანთ ცენტრებს. მათ არ გააჩნიათ დამოუკიდებელი მოქმედების უფლებამოსილება და სრულიად განსხვავებულია მათი როლი საქართველოს ისტორიაში.

- როგორ შეიძლება მოგვარდეს რელიგიური უმცირესობების პრობლემა საქართველოში?

- რელიგიური უმცირესობების სამართლებრივი მდგომარეობა უნდა განისაზღვროს კანონმდებლობით, რომელიც შემუშავდება ფართო დისკუსიის, საერთაშორისო პრაკტიკის და ქართულ-ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე. რაც მთავარია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეთანხმებით. და ეს უნდა იყოს უფლებრივი კანონი, ანუ არ შეიზღუდოს მათთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული ნორმები და პრინციპები და არა ასე, ქონებრივი და სხვა მძიმე შედეგების მომტანი უფლებებით. მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ პატრიარქთან ვიყავი სტუმრად. ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოვიდა და თან ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი მოიყვანა... ბაპტისტმა სტუმარმა უთხრა პატრიარქს: მოვედი იმიტომ, რომ გითხრათ, რათა ერთად ვილოცოთ ქრისტიანული ღირებულებების გასავრცელებლადო. პატრიარქმა უთხრა: - თქვენ, ალბათ იცით , რომ მე ილია მეორე ვარ. ილია პირველი კი ქრიტიანულ მართლმადიდებელ საქართველოში მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდაო და წამოდგა. აგრძნობინა, რომ საუბარი დამთავრდა და თემა დახურა. მგონი ამით ყველაფერი გითხარით, მაგრამ ერთი რამ მინდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს და კარგად გაიგონოს: ქართული სახელმწიფო სერვისი არ არის მოქალაქეებისათვის. ქართული სახელმწიფო რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიულ-ეროვნული ცივილიზაციაა. ეს არის ჩვენი რეალობა და ნუ იქცევი ქართული სახელმწიАოს მესაფლავედ. მართმადიდებლობამ გადაარჩინა და მოიყვანა საქართველო დღემდე. მართლმადიდებლობა გადაარჩენს და გაიყვანს საქართველოს სამშვიდობო გზაზე.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლექსო ნაბახტეველი

ავტორი: . .