ENG / RUS

მამუკა ქაცარავა: ეპიდემიის გამოცხადების შემთხვევაში მივიღებთ გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის შეჩერების შესახებ

რესპოდენტის შესახებ

თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა აცხადებს, რომ ე.წ ღორის გრიპთან საბრძოლველად დედაქალაქში ყველა წინაპირობაა შექმნილი. ქაცარავას თქმით, ამ დროისათვის არსებული სტატისტიკა ეპიდემიის გამოცხადების საფუძველს არ იძლევა. მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეპიდემიის გამოცხადების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურება.

თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს "ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა.

მამუკა ქაცარავა: ეპიდემიის გამოცხადების შემთხვევაში შეიძლება მიღებული იყოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის შეჩერება შედარებით ადრე, არდადეგების დაწყებამდე. თუ იქნება ის სტატისტიკა, რომლითაც ცხადდება ეპიდემიები ქვეყანაში. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, ტარდება აბსოლუტურად ყველა ის ღონისძიება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული. სამედიცინო სექტორი არის სრულ კოორდინაციაში დაწყებული სასწრაფო დახმარებიდან პოლიკლინიკების ექიმებისა და ჰოსპიტალური სექტორის ჩათვლით. ყველა საავადმყოფოში არის მობილიზებული სპეციალური პალატები, სპეციალური განყოფილებები, საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი აპატარებიც, რომელიც შესაძლებელია დაჭირდეთ ავადმყოფებს გართულებების შემთხვევაში. 

მობილიზებულია პრეპარატ "ტამიფლუს" აბსოლუტურად საკმარისი რაოდენობა, საგანგაშო და საპანიკო მდგომარეობა ქალაქში ნამდვილად არ არი. ეს არის პერიოდი, როდესაც ვირუსული ინფექციებით გამოწვეული გრიპი აღწევს პიკს დეკემბრის შუა ნახევრიდან.

_ რამდენი ადამიანია დაინფიცირებული ბოლო მდგომარეობით?

_ როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა, ამისი სტატისტიკა ძალიან ძნელია, რადგან ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი სახლის პირობებში მკურნალობს და ეს არის თვითგანკურნებადი დაავადება 95% შემთხვევაში.

გამოძახებების შემთხვევები გაზრდილია, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია, იგივე საინფორმაციო წყაროების აქტიურობის გამო. სასწრაფო დახმარების გამოძახება ქვეყანაში ორი ათასს გადააჭარბა, ასევე მაღალი არის პოლიკლინიკების ექიმების გამოძახება, მაგრამ 80% შემთხვევებში ეს არის არამიზნობრივი გამოძახება. ადამიანები ხველის დაწყების ან უმნიშვნელო ტემპერატურული რეაქციის შემთხვევაშიც კი პანიკის გამო, რომელიც ქალაქში არის, იძახებენ ექიმებს. გამოძახების შემთხვევაში ადამიანებს ეძლევა რჩევა-დარიგება და არავითარი პრობლემები არ არის, მაგრამ 20%-ში არის გარკვეული მიზნობრივი გამოძახებები, სადაც ზოგ შემთხვევაში დასანიშნია "ტამიფლუ", ზოგ შემთხვევაში ანტიბიოტიკი და ერთეულ და ათეულ შემთხვევებში საჭირო ხდება ხოლმე ჰოსპიუტალიზაციაც.

_ გაზრდილია გამოძახებების რაოდენობა, რამდენად აქვს 033-ს ავტომანქანებისა და სამედიცინო ბრიგადის საკმარისი რესურსი?

_ გამოძახებების რიცხვი იმდენად მაღალია, რომ რაც არ უნდა დიდი რესურსი ჰქონდეს, ამდენ გამოძახებას ვერ გაუძლებს, იმიტომ, რომ 80% ეს არის არამიზნობრივი გამოძახება. თუ Aადრე ასეთი გამოძახებები იყო 10-15% შემთხვევაში ახლა 70% შემთხვევაში უბრალო სიცხის გამო იძახებენ სასწრაფოს. სასწრაფოს ექიმები გაფრთხილებულებულები არიან, რომასეთი გრიპოზული გამოძახებების შემთხვევაში მათ უფლება მივეცით გარკვეული დროით დაგვიანების, იმიტომ, რომ ამ შემთხვევებში ერთი საათის დაგვიანება კატასტროფას არ ქმნის. სასწრაფო რეჟიმში მუშაობს სხვა გამოძახებების შემთხვევაში. თუ არის ავტოავარიის შემთხვევა, ურგენტული ქირურგიული შემთხვევები, ან ჭრილობები და ა.შ. ასე, რომ ჯერჯერობით, რესურსი წვდება და რაიმე გართულებას სასწრაფო დახმარების დაგვიანების მიზეზით ადგილი არ აქვს.

_ როგორი არის ე.წ ღორის გრიპით დაავადებული იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც მძიმედ იმყოფებოდნენ?

_ ჯერჯერობით მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. სამედიცინო პერსონალიყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გამოიყვანონ ისინი მძიმე მდგომარეობიდან. საერთოდ გეტყვით, რომ ნებისმიერი ვირუსული ინფექციების სეზონური მატების დროს, არის რამდენიმე ლეტალური შემთხვევა. იგივე ლეტალობის შემთხვევები იყო ჩვეულებრივ ვირუსულ გრიპებზე, მაგრამ საზოგადოება ამას ვერ გებულობდა, იმიტომ, რომ დაინტერესება არ იყო ასეთი მაღალი. სტატისტიკა არის აბსოლუტურად იგივე, რაც გვქონდა წინა წლებში, როგორც გართულებების, ასევე ლეტალობის მხრივ. კონკრეტულ შემთხვევაში ვაკვირდებით ავადმყოფების მდგომარეობას და იმედი გვაქვს, რომ პაციენტები ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვლენ.

_ პრეპარატი "ტამიფლუ" საკმაოდ ძვირია. სახელმწიფო თუ ეხმარება მოქალაქეებს, რომელთაც ძვირადღირებული პრეპარატის შეძენა არ შეუძლიათ?

_ ყველა პოლიკლინიკას დარიგებული აქვთ "ტამიფლუ". მოგეხსენებათ, რომ ბინაზე პოლიკლინიკის ექიმის გამოძახება არის უფასო. როდესაც ექიმი მიდის ბინაძე და მიიჩნევს საჭიროდ, რომ "ტამიფლუ" უნდა დაინიშნოს, ის ავადმყოფს უტოვებს "ტამიფლუს", მაგრამ არა ავადმყოფის მოთხოვნით, რომ ვთქვათ რეზერვში დაიტოვოს ოჯახში ეს პრეპარატი. როგორც იცით, 140 ათასი დოზა არის სამინისტროს მიერ შესყიდული. ამ ეტაპზე ეს აბსოლუტურად საკმარისია. ჯერჯერობით "ტამიფლუს" ძალიან დიდი რაოდენობის მარაგია ქვეყანაში. საჭიროებიშ ემთხვევაში იანვარშიც შეიძლება დამატებით იყოს შესყიდული პრეპარატი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჭიროებენ "ტამიფლუთი" მკურნალობას, შეუძლიათ გამოიძახონ პოლიკლინიკის ექიმი, ან მიმართონ პოლიკლინიკას საცხოვრებელის მიხედვით და ისინი უფასოდ მიიღებენ ამ პრეპარატს, ოღონდ კიდევ ვიმეორებ: მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.თუ ექიმმა შეაფასა, რომ საჭიროა "ტამიფლუთი" მკურნალობა. სხვა შემთხვევაში ტამიფლუ არ დარიგდება.


  "ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ჯონი გველესიანი 

 

 

ავტორი: . .