ENG / RUS       12+

ირაკლი სესიაშვილი: რევოლუციების საფრთხის თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასია დანარჩენი მსოფლიოს წ

რესპოდენტის შესახებ

იქნება თუ არა კავკასია შემდეგი? რევოლუციული ტალღა, რომელმაც არაბულ სამყაროს ახალი წლის დადგომასთან ერთად გადაუარა, უკვე მესამე თვეა ბობოქრობს. რა ხდება არაბული სამყაროს თავს, რამდენად არსებობს საპროტესტო მღელვარების დანარჩენ მსოფლიოზე გავრცელების ალბათობა, საერთოდ რა არის რევოლუცია და არის თუ არა სახელმწიფო გადატრიალების ერთი კონკრეტული სცენარი ყველა ქვეყნისთვის ერთი და იგივე შედეგის მომტანი, „ჯი-ეიჩ-ენი" უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.


- ბატონო ირაკლი, არაბულ სამყაროში სიტუაცია ისევ დაძაბულია. თქვენი აზრით, რამ განაპირობა რევოლუციური ტალღის თანმიმდევრობით გავრცელება არაბულ ქვეყნებზე?

- არაბულ სამყაროში მიმდინარე რევოლუციად მონათლული პროცესები რომ შევაფასოთ, საჭიროა ვიცოდეთ იქ მცხოვრები ადამიანების ტრადიცია, ისტორია და ის სიტუაცია, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. მარტივად რომ ვთქვათ, მათ ყელში ამოუვიდათ მობერებული დიქტატორები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არაბული სამყარო შეჩვეულია დიქტატორულ მმართველობას. იმ ქვეყნებმა, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს (საფრანგეთის, ინგლისის, ესპანეთის) კოლონიებს წარმოადგენდნენ, თუმცა დეკოლონიზაციის შემდგომაც ჰქონდათ მათთან საკმაოდ ხშირი ურთიერთობა, საკუთარი თვალით დაინახეს რა არის დემოკრატია, რა შედეგის მოტანა შეუძლია და როგორ ზემოქმედებს სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე. ამ ყველაფერმა ახალგაზრდა თაობაში გააჩინა თავისუფალი ცხოვრებისთვის უფრო მეტი ბუნებრივი მოთხოვნილება. ის, რაც არაბულ სამყაროში დღეს ხდება, არის არა რევოლუცია დემოკრატიისთვის, არამედ რევოლუცია დიქტატორული მმართველობისგან თავის დაღწევისთვის. ეს ძალიან განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც, თუნდაც, პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობს. პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებმა ეს ეტაპი, რაზეც ახლა არაბული ქვეყნები იმყოფებიან, გაიარეს და ეს იყო ბრძოლა საბჭოთა კავშირიდან გასვლისთვის. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს გავლილი აქვს ბრძოლის მეორე ეტაპიც, რაც უკვე საბჭოური გადმონაშთებისგან გათავისუფლებას შეეხებოდა. ბრძოლის შემდეგი ეტაპი კი მიმართული იქნება არა კონკრეტულად რეჟიმების წინააღმდეგ, არამედ ეს იქნება ბრძოლა დემოკრატიული ღირებულებებისთვის, იმ ტიპის სახელმწიფოების ჩამოყალიბებისთვის, როგორებიც არსებობენ ევროპაში, ამერიკაში...

- გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ლიბიის საკითხზე რეზოლუციის მიღებას რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებოდა. თქვენი აზრით, რატომ იყვნენ ეს ქვეყნები ასეთი კატეგორიულები?

- ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა შტეფან ფულემ ევროპარლამენტში გამოსვლისას ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომ ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს და არა დიქტატორებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კლავენ. ვფიქრობ, ეს არის ისტორიული განცხადება, რადგან ის თავის თავში გულისხმობს იმას, რომ როცა ხალხი რეჟიმის წინააღმდეგ, დემოკრატიისთვის იბრძვის, არ შეიძლება დასავლეთმა მასზე თვალი დახუჭოს. შესაბამისად, მაშინ, როცა ლიბიის მეთაურმა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს გადააბიჯა, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა და ფაქტობრივად, კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, დასავლეთი აღმოჩნდა გარკვეული ვალდებულების წინაშე, რომ დაეცვა საერთაშორისო სამართალი და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აღმოჩნდებოდა იმ რეალობის წინაშე, რომ საკუთარი სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებს. სწორედ ამიტომ დასვა დასავლეთმა საკითხი, როგორ მოქცეულიყო ლიბიასთან მიმართებაში? ამ კონტექსტში ერთ-ერთ ვერსიად ქვეყნის საჰაერო სივრცის კონტროლი განიხილებოდა, რადგან თუ კადაფი მეამბოხეებზე უპირატესობას ფლობდა, ფლობდა სწორედ "ჰაერში", საიდანაც ის ძალიან ადვილად ბომბავდა მშვიდობიან მოსახლეობას ან მისი რეჟიმის წინააღნდეგ მებრძოლებს. სხვათაშორის, ეს რომ რომელიმე ქვეყანას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე გაეკეთებინა, გაჩნდებოდა საფრთხე, რომ ის საერთაშორისო სამართლის დარღვევად, კერძოდ კი ინტერვენციად აღიქმებოდა, რაც, ჩემი აზრით, ზოგიერთ არაკეთილმოსურნე სახელმწიფოს ხელ-ფეხს გაუხსნიდა შემდგომში მსგავსი ნაბიჯები მისი ინტერესების მქონე სხვა ქვეყნებში თავადაც გადაედგა. მაგალითად, თუ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ან საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე შეიჭრებოდა ლიბიაში, არ იყო გამორიცხული, რომ რუსეთს ეს ფაქტორი იმ შემთხვევაში გამოეყენებინა, თუკი რევოლუციას პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ექნებოდა ადგილი - მოსკოვი თავადაც შევიდოდა და იტყოდა, რომ ხალხს იცავს რეჟიმისგან. ამ შემთხვევაში დასავლეთს გაუჭირდებოდა შეწინააღმდეგებოდა მოსკოვს, რამდენადაც მსგავსი მაგალითი უკვე იარსებებდა. გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუკი საერთაშორისო სამართლის ნორმებს თავად დემოკრატიული სახელმწიფოები დაარღვევდნენ, ეს საერთაშორისო სამართლის მიმართ პატივისცემას შეამცირებდა, რაც ძალიან ცუდად იმოქმედებდა მსოფლიო წესრიგზე.

რაც შეეხებათ უშუალოდ რუსეთსა და ჩინეთს, რომლებიც აღნიშნული რეზოლუციის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. არაბულ სამყაროში შექმნილმა კრიზისმა, რამაც ნავთობის ფასის გაძვირება გამოიწვია, რუსეთს საშუალება მიეცა ამ მიმართულებით კარგად ეხეირა და საკმაოდ დიდი მოგება ენახა. სავარაუდოდ, რუსეთი იმ ვარიანტსაც განიხილავდა, რომ რომელიმე სახელმწიფო ამბოხებულების დასახმარებლად ლიბიაში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშეც შეიძლებოდა შესულიყო, თუკი მისი მიღება ვერ მოხდებოდა, რაც მოსკოვს სამომავლოდ პარალელების გავლების არგუმენტაციას უჩენდა და ამ ფაქტორს პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოიყენებდა. ფაქტობრივად, რუსეთი იყო ჩასაფრებული და ამ ჩასაფრების პირობებშიც ის ნახულობდა საკმაოდ დიდ მოგებას. გარდა ამისა, კადაფი დაპირდა რუსეთსა და ჩინეთს, რომ, როგორც რეზოლუციის მიღების მოწინააღმდეგე ქვეყნებს, ნავთობს მოჰყიდდა, რასაც ეს უკანასკნელნი უკვე თავად გაყიდდნენ დასავლეთის ქვეყნებზე ანუ კარგი მოგების შანსით დააინტერესა ეს ქვეყნები ლიბიის მეთაურმა. მაგრამ, საბოლოოდ, გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მაინც მიიღო (მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა, ჩინეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ და გადაწყვეტილების მიღებისას თავი შეიკავეს). როგორც ჩანს შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა დაარწმუნეს რუსეთი, რომ ლიბიაში არსებული სიტუაციის განსამუხტად დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყება იყო აუცილებელი და უთხრეს, რომ კადაფი, რომელმაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია. რუსეთი ისევ საკუთარ პოზიციაზე რომ დარჩენილიყო, მის საერთაშორისო იმიჯს სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა.
უშუალოდ რეზოლუციის პროექტი, რომელიც ლიბიის საჰაერო სივრცის გაკონტროლებას ითვალისწინებს და იქ რომელიმე ქვეყნის სამხედრო ძალის შესვლას დაუშვებლად მიიჩნევს, პრევენციის თვალსაზრისით, საკმაოდ სერიოზულია. თუკი დასავლეთი ლიბიელ ამბოხებულებს მხარს "ჰაერიდან" დაუჭერს, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კადაფის ძალები დასუსტდეს და ამბოხებულებს ამოსუნთქვის და წინ წაწევის საშუალება მიეცეს. სხვათაშორის, რეზოლუციის შედეგმა არ დააყოვნა. კადაფი, რომელიც თავიდან აცხადებდა, რომ არანაირ რეზოლუციას არ დაეთანხმებოდა, შეიძლება ითქვას, რომ ამ დოკუმენტმა გატეხა. მან შეცვალა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ ის მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

- რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი არაბულ სამყაროში მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებისთვის მზად არ იყო? ამაზე თუნდაც მუამად კადაფის მუქარის ტონი მეტყველებს, რომელიც მსოფლიო ლიდერებს პირობებს იქეთ უყენებდა.

- კადაფიმ კონტროლის სადავეები ხელიდან გაუშვა მაშინ, როცა შესაძლებელი იყო ლიბიაში არსებული კრიზისი უსისხლოდ დასრულებულიყო, თავისი მილიარდები შეეტყაპუნებიდა, მარტივად რომ ვთქვათ, პენსიაზე წასულიყო და გადაედგა შემხვედრი ნაბიჯები, მაგრამ კადაფიმ ზღვარს გადააბიჯა. უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ის საერთაშორისო სამართლის მიხედვით დამნაშავედ იქნა აღიარებული, გადავიდა საკუთარი თავის შანტაჟის გზით გადარჩენაზე, თუმცა იცის, რომ არც ეს უშველის.

- რამდენად მოსალოდნელია რევოლუციული ტალღის არაბული სამყაროდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე გადმოსვლა?

- არაბულ სამყაროში რევოლუციები ალბათ გაგრძელდება, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტზე და სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზით, იქ უფრო მეტად ძალისმიერი იქნება. სად რა შედეგს მივიღებთ, ამაზე საუბარი ნაადრევია. არ არის გამორიცხული, რევოლუციებმა (ოღონ სხვა ტიპის რევოლუციებმა) იფეთქოს იმ ქვეყნებშიც, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, სადაც არსებობს ნახევრადდემოკრატიული ან ნახევრადდიქტატორიული მმართველობები. არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები ამ ტიპის რევოლუციებისთვის არ იქნება პირდაპირი ბიძგი, მაგრამ ეს საზოგადოებაში მოტივაციის ამაღლების საფუძველი შეიძლება გახდეს, რადგან სწორედ არაბულ ქვეყნებში დაწყებულ რევოლუციებს მოჰყვა დასავლეთის დიდი გამოხმაურება და იმ ახალი მესიჯის გახმოვანება, რომლის მიხედვითაც, საჭიროა ახალი მიდგომის შემუშავება და მხარდაჭერის გამოცხადება არა არადემოკრატიული და დიქტატორიული რეჟიმებისთვის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისთვის. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში არსებული ზოგადი ფონის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ სამხრეთ კავკასია ყველაზე წინა რიგებშია იმ თვალსაზრისით, სადაც რევოლუციების გადმოდინების საფრთხე არსებობს, თუმცა კავკასია არაბულ სამყაროზე ცოტა მაღალ ეტაპზეა და აქაური საზოგადოების მენტალიტეტის, ტრადიციების, გამოცდილებისა და ისტორიების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, აქ აჯანყებები არ იქნება ისეთი სისხლიანი, როგორიც არაბულ სამყაროშია.
რაც შეეხება ზოგადად რევოლუციებს, მას ახდენს ხალხი, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი არის ხელისუფლება და ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს. თუ ჩვენი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს რევოლუციის საფუძველი, ცდება - საკმაოდ მაღალია ხალხში პროტესტის განცდა. თუკი აქამდე საზოგადოება კრიტიკული ჩვენი ხელისუფლების მიერ წარმოებული უსამართლო პოლიტიკის მიმართ იყო, დღეს ამას დაემატა მძიმე სოციალური ვითარება ( სადაც ასევე არის უსამართლობა: ჩინოვნიკები იღებენ ათიათასობით ლარს ხელფასის სახით და გვეუბნებიან კორუფცია არ არისო. ხელისუფლების ბიზნესმენები ფლობენ მონოპოლიებს თითქმის ყველა დარგში, არ არსებობს კონკურენციის საფუძვლები, არ არსებობს თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია, თავისუფალი არჩევნები)...

- ანუ სააკაშვილის "მუბარაქიზაციის" საფრთხე არსებობს?

- სააკაშვილი ჯერჯერობით ვერ გახდება მუბარაქი, მაგრამ პოტენციალი აქვს. მუბარაქი ათწლეულები მართავდა ეგვიპტეს და გამოკვეთილი დიქტატორი იყო. ვფიქრობ, სააკაშვილსაც აქვს სურვილი დიდი ხნის განმავლობაში მართავდეს ქვეყანას და ეს სურვილი ვერ დამალა, როცა სინგაპურიზაციაზე დაიწყო საუბარი, მაგრამ ცდილობს ეს ყველაფერი "დემოკრატიულ ფონზე" გააკეთოს. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი პრეზიდენტი საკმაოდ სერიოზულ თანხმებს ხარჯავს ლობისტურ ჯგუფებზე, ასევე დასავლეთში მოგზაურობაზე, სადაც ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც დემოკრატმა, დემოკრატიისთვის მებრძოლმა.

რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა საქართველოში მორიგი რევოლუცია მოხდეს, გასათვალისწინებელია ორი: ბუნებრივი და ხელოვნური ფაქტორები. ბუნებრივი ფაქტორია ის, რომ საზოგადოებაში პროტესტი მატულობს. ის მოლოდინები, რომლებიც ხელისუფლებამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გააჩინა, ნელ-ნელა ქრება და ამ ყველაფერს ემატება სოციალური უსამართლობა - გაჭირვება, ფასების მატება ანუ იზრდება ყველა ის ფაქტორი, რომელიც რევოლუციურ მუხტს კიდევ უფრო გააძლიერებს. ჩვენმა საზოგადოებამ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა თითქმის ყველა საშუალება გამოიყენეს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ქვეყნის დემოკრატიულად მართვის სენსორები გაღვივებულიყო. იყო მცდელობა, რომ საპროტესტო მოძრაობით მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე, იყო მედიის გათავისუფლების მოთხოვნა, დამოუკიდებელი სასამართლოს მოთხოვნა, მაგრამ არსებული ვითარება გვიჩვენებს, რომ აშკარად მივდივართ დიქტატურისკენ. ამის ნათელი მაგალითი ისაა, რომ 100 %-იანი ძალაუფლება უპყრია ხელთ "ნაციონალურ მოძრაობას". ხელისუფლება აკონტროლებს ყველა ძირითად ბიზნესსექტორს, რომელსაც აკრძალული აქვს ოპიოზიცური ძალების მხარდაჭერა. ძირითადი მედიასაშუალებები არიან არა თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, არამედ ხელისუფლების პიარკამპანიების გამშუქებლები. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მიხეილ სააკაშვილმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, როცა 2008 წლის 5 იანვარს არჩეულმა პრეზიდენტმა შემდეგი არჩევნები არა 5 წლის, არამედ 5 წლისა და 10 თვის შემდეგ დანიშნა. ქვეყანაში დემოკრატიის არარსებობის დასამტკიცებლად მხოლდო ამ ფაქტის მოყვანაც კი საკმარისი.
რაც შეეხება ხელოვნურ ფაქტორებს, ის იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიანი გზით ბრძოლას უპერსპექტივოდ მიიჩნევენ, იწყებენ რევოლუციისთვის მზადებას. ხელოვნურად ქმნიან რევოლუციურ ფონს და არა მხოლოდ ქმნიან, არამედ ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევენ. რამდენად კარგია ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია არ არის რაციონალური პროცესი, ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოფხიზლება სჭირდება. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მუბარაქი ან კადაფი ჩვენს ქვეყანაშიც არ მივიღოთ.

- დაანონსებული რევოლუციებით შესაძლებელია "ქვეყნის გამოფხიზლება"?

- რევოლუციის დაანონსება ზოგადად არასერიოზულია, მაგრამ საქართველოში ეს, სავარაუდოდ, იმიტომ ხდება, რომ მომავალი პროცესების ორგანიზატორად თავი ამა თუ იმ პარტიამ გამოაცხადოს. როცა არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებსა და კავკასიაში, მათ შორის საქართველოში მოსალოდნელ რევოლუციებს შორის განსხვავებაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ სწორედ იმაზე, რომ იქ, არაბულ სამყაროში რევოლუციები არაბულ სამყაროში ქაოტურად მოხდა და სწორედ ამიტომაც ამ ყველაფერმა სისხლიანი ფორმა მიიღო. ორი წლის წინ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელსაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვესწრებოდი, დავით ბაქრაძეს ვუთხარი, რომ ხელისუფლება ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ მან ხელი უნდა შეუწყოს, რომ უმცირესობამ საპროტესტო ელექტორატი მართოს. იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო ელექტორატს, ასე ვთქვათ, მმართველი ძალა გამოეცლება, შეიძლება რევოლუციამ ან საპროტესტო მოძრაობამ ქაოტური ხასიათი მიიღოს, რომლის დროსაც ყველა, ვისაც კი ამის სურვილი ექნება, ქვის მსროლელი გახდება. ამიტომ, რაღაც კონტექსტში უმჯობესია კიდეც რევოლუციები იმართებოდეს და რომელიმე ძალა მასზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებდეს, ვიდრე ერთ დღესაც ხალხი ქუჩაში იმით გამოვარდეს, რასაც ხელს მოკიდებს.

- თქვენი კოლეგების შეფასებით, ოპოზიცია სუსტია და მის მიერ ახალი რევოლუციის მოწყობის მორიგი მცდელობაც ისევე უშედეგოდ დასრულდება, როგორც ეს წინა შემთხვევებში მოხდა. თქვენი შეფასება როგორია?

- ოპოზიცია სუსტია ძლიერის ფონზე. რევოლუციის გზით მოსულმა ხელისუფლებამ "კარგად" გამოიყენა საკუთარი ძალაუფლება და ძალიან მოკლე დროში საკუთარი პოზიციების მაქსიმალურად გამყარება შესძლო. სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი გვაქვს, პოლიცია და ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებულნი არიან და ისინი ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციის, შანტაჟისა და ტერორის იარაღს წარმოადგენენ. სუსტად გამოჩნდა ოპოზიცია სწორედ იმიტომ, რომ მან ვერ შესძლო ხელისუფლება რაიმე დათმობაზე წაეყვანა. საზოგადოების ნიჰილიზმი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის უშედეგობისა და შესაბამისად, ოპოზიციური ძალების მიმართ სწორედ ხელისუფლების პრინციპულმა და მკაცრმა, რადიკალურმა მიდგომამ განაპირობა იმის თაობაზე, რომ „არაფერს შეცვლის". ყველას სურს, რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ რაიმე გამარჯვების დემონსტრირება მოახდინოს, რაც მას ლიდერად ჩამოაყალიბებს. თავისთავად ლიდერის არასრებობა გამოწვეულია იმით, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია მარცხდებობა, რიგ შემთხვევაში არასწორი მოქმედებით, რიგ შემთხვევაში დაქსაქსულობით, რიგ შემთხვევაში გაუბედაობით, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ გაუბედაობასაც თავისი მიზეზი აქვს, რადგან როცა თავგანწირვას იჩენ, იქ, რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებით გარკვეული რისკები ჩნდება. ამასთან, როცა ოპოზიციის სისუსტესა და ხელისუფლების არადემოკრატიულობაზე ვლაპარაკობთ, კრიტიკით უნდა შევხედოთ საზოგადოებასაც, ვინაიდან, სწორედ ხალხში არ არის საკმარისი კულტურა იმისთვის, რომ იყოს ერთიანობა, ერთიანი ბრძოლა და არადემოკარტიული რეჟიმის მიმართ მეტი გამბედაობა.

- ხალხს რაში ადანაშაულებთ?

- არ არის საკმარისი შენი პროტესტი მხოლოდ ერთ დღეს, ორი საათით გამოხატო.

- სამი თვეც მდგარა ხალხი ქუჩაში, მაგრამ მაინც უშედეგოდ...

-ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო ძალიან ბევრი არასასურველი მოვლენა მოხდა, არ არის საკმარისი ქუჩაში მოსახლეობის მძოლოდ მცირე ნაწილის გამოსვლა, თან როცა ეს გამოსვლები უფრო მეტად ორგანიზებულობის დამსახურებაა, ვიდრე იმის პასუხისმგებლობის გააზრება, რომ იქ უნდა იდგე. გაიხსენეთ, რა მოხდა საბერძნეთში: ერთი ახალგაზრდა ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა, მას ბრმა ტყვია მოხვდა და ეს მიზეზი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მთელი საბერძნეთი ფეხზე დამდგარიყო. ჩვენთან ძალიან ბევრი უბედურება მოხდა და ხდება. არ მინდა ვინმეს მტკივნეულ ადგილზე დავადგა ფეხი, მაგრამ დღეს რომ ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია, გარკვეულწილად, ჩვენი ხელისუფლების ბრალია. გარდა ამისა, მოქალაქეები მუდმივი ტერორის ქვეშ არიან, ციხეები გამოტენილია უსამართლო პატიმრებით. ალბათ, ადამიანების ციხეებში გამოკეტვით ან ასიათასობით მოქალაქისთვის პირობითი სასჯელის დაწესებით, ხელისუფლება საპროტესტო მუხტის შეკავებას და ხალხის კონტოლის ქვეშ მოქცევას ცდილობს, რაც ვერ მივგვიყვანს ნორმალურ ცხოვრებამდე და ადრე თუ გვიან, ეს პროტესტი აუცილებლად იფეთქებს.

საჭიროა გონიერება გამოიჩინოს, უპირველესად, თავად ხელისუფლებამ, რადგან მის ხელშია ძალაუფლება. მას შეუძლია სიტუაციაზე ზემოქმედება და მოვლენების ისე განვითარება, რომ ადგილი არ ჰქონდეს არც რევოლუციას, არც ძალადობას და ყველაფერი მშვიდად, ლამაზად დასრულდეს. რა არის ამისთვის საჭირო? მარტივი რამ - საკუთარი შეცდომების აღიარება და რეალური ნაბიჯების გადადგმა დემოკრატიისკენ. ამის გაკეთება შეეძლო კადაფსაც, მუბარაქსაც და თავის დროზე სხვა ლიდერებსაც. ამიტომ, ვფიქობ, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს არა ქუჩაში, არამედ ხელისუფლებაში.

- ამ სეზონზე საქართველოში ორი რევოლუცია დაანონსდა, ერთი „ქართულ პარტიის", მეორე „ სახალხო კრების" მიერ. როგორ წარმოგიდგენიათ  ერთ ქალაქში, ერთ მოედანზე, ორი დაპირისპირებული ძალის მიერ ორგანიზებული ერთდროულად ორი რევოლუცია?

- მართლაც არაორდინალური სიტუაციაა. რაც შეეხება რევოლუციის მოსალოდნელ შედეგებს, ისევ ვიმეორებ, ეს ხალხზეა დამოკიდებული - რამდენად ირწმუნებს და ისურვებს ის, რომ შეცვალოს ხელისუფლება, გამოვიდეს ქუჩაში, რამდენად იქნება თავგანწირვისთვის მზად, რაშიც, არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ძალისმიერ მოქმდებას და მხოლოდ სამოქალაქო თავგანწირვა მაქვს მხედველობაში - როცა ადამიანები პროტესტს გამოხატავენ და ამ პროტესტს იცავენ პრინციპულად. როგორ შეიძლება ორი დაანონსებული რევოლუციის ორგანიზატორებმა ერთმანეთში საერთო გამონახონ და პროცესი ეფექტურად წარმართონ? ეს დამოკიდებული იქნება მათ გონიერებაზე, იმაზე, რამდენად შეძლებენ ისინი საკუთარი ამბიციების, პიროვნური დაპირისპირებების გვერდზე გადადებას და სახელმწიფო ინტერესების წინ დაყენებას.

- ანუ გაჩეჩილაძე-ბურჯანაძე ერთად უნდა დაგდნენ?

- ისინი ერთად დადგებიან, თუ ერთმანეთს ზურგს შეაქცევენ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, ისინი სახელმწიფო ინტერესებისთვის რამდენად იმოქმედებენ.

- და ბოლოს, ბატონო ირაკლი, ავტოკრატიული, თუნდაც ჰიბრიდული რეჟიმები თავის თავში უკვე გულისხმობს რევოლუციის გარდაუვალობას?

- არაბულ სამყაროში მომხდარმა რევოლუციებმა ახალი ბიძგი მისცა ქვეყნის მმართველობების მიმართ მსოფლიოს მსოფლმხედველობას. დასავლეთი მივიდა იმ აზრამდე, რომ რომელიმე ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება სტაბილური, მიზანშეწონილი და მისაღები იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის ხელისუფლებას ქვეყანაში რეალურად აქვს შექმნილი საზოგადოებისთვის მისაღები გარემო. ეს შეიძლება არ იყოს ისეთი ხარისხის დემოკრატია, როგორიც საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-შია, მაგრამ აუცილებლად უნდა ემყარებოდეს მინიმალურ სტანდარტებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ძალაუფლება უნდა იყოს გადანაწილებული.


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

ავტორი: . .