ENG / RUS       12+

გიორგი ასანიძე: თუ 8 მაისს ოპოზიციის პიკეტი კონსტიტუციის ფარგლებს გაცდება, ხელისუფლება უბრალოდ დაშლის პიკეტს

რესპოდენტის შესახებ

8 მაისს ოპოზიციის პიკეტი ხელისუფლებამ, შესაძლოა, დაშალოს, თუ ოპოზიცია გაცდება კონსტიტუციის ფარგლებს. თბილისის შემოსასვლელი გზების პიკეტირება დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა მუხროვანის ამბოხებამ და შსს-ის მიერ გავრცელებულმა ვიდეომასალამ, აქციის თარიღი სამი დღით გადაწია. ოპოზიცია მუხროვანის ინციდენტს ხელისუფლების მორიგ სპექტაკლად აფასებს. როგორ განვითარდება 8 მაისს მოვლენები და რას ფიქრობს ხელისუფლება ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შეფასებაზე, "ჯი-ეიჩ-ენი" უმრავლესობის წარმომადგენელს, გიორგი ასანიძე ესაუბრა.
_ ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ეჭვს, შსს მიერ დღეს გავრცელებული ვიდეომასალის უტყუარობის შესახებ?

_ დღეს სახეზე გვქონდა სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რომელიც შეიძლებოდა თავისუფლად განხორციელებულიყო, რომ არა ჩვენი ქმედება, რამაც ეს მცდელობა აღკვეთა. დაკავებულმა გენერალმა და სამხედროებმა აღიარეს საკუთარი ქმედებები. სხვა ყველა გავრცელებული ინფორმაცია თავისით საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს გადატრიალება მართლაც რეალობა იყო. დანარჩენზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა და სჯობს დეტალებზე მათ ისაუბრონ. ხოლო, რაც შეეხება ოპოზიციას, ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ შევიდნენ ამგვარ დაჯგუფებებთან კავშირში. დანარჩენს გამოძიება დაადგენს, თუ ვის რა კავშირი გააჩნდა ამ ამბოხებასთან.

_ ოპოზიციას არ სჯერა ამ ჩანაწერის და ისინი ხელისუფლებას მორიგ სპექტაკლის დადგმაში სდებენ ბრალს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ სჯერა ოპოზიციას?

_ თუ ოპოზიცია უარყოფს ამ ამბოხთან რაიმენაირ კავშირს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს რომ დადგმული სპექტაკლი არაა, ესეც ფაქტია. მათ საკუთარი თვალებით შეეძლოთ ენახათ, თუ რა მდგომარეობა იყო მუხროვანის ბაზაზე, რადგან ამას უბრალოდ ვერ დადგამ.

_ თქვენ თქვით, საკუთარი თვალებით ენახა ოპოზიციას, თუ რა ხდებოდა მუხროვანის ბაზაზე, მაგრამ იქ არ შეუშვეს ტელეკომპანია "კავკასიისა" და "მაესტროს" კორესპოდენტები. ხომ არ იცით რატომ?

_ ეს იყო დახურული სპეცოპერაცია, მაგრამ ეგ საკითხი ისევ და ისევ შსს-ის პრეროგატივაა, ამიტომ მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური რომ გაგცეთ პასუხი.

_ მაშინ რატომ დართეს "რუსთავი 2-ს", "იმედს" და "პირველ არხს" ნება ბაზაზე შესვლისა და იქ მუშაობის, ხოლო უცხოურ მედიასთან ერთად, სხვა არხები მუხროვანში არ შეუშვეს?

_ მე არანაირი ინფორმაცია გამაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს სპეცოპერაცია იყო დახურული. ამიტომ, მათ გარეპერიმეტრზე შეეძლოთ თავისუფლად ემუშავათ და შეგნით ისინი ვერანაირად მოხვდებოდნენ.

_ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ხომ არ გამოავლინა რაიმე კავშირი ოპოზიციასა და მეამბოხეებს შორის?

_ ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს, რომ არ ექნება ასეთ ინციდენტს ადგილი, თუმცა თუ გამოვლინდება კანონის, კონსტიტუციის დარღვევის რაიმე სახის ფაქტი, მაშინ ამის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ, მე კიდევ და კიდევ ვიმეორებ, ეს გამოძიების საქმეა და ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

_ ოპოზიციამ აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით გააჟღერა დაგეგმილი მიტინგების, მხოლოდ დროებით გადადების შესახებ, ანუ ისინი არ წყვეტენ საპროტესტო აქციებს. რა პოზიცია გააჩნია ამჟამად ხელისუფლებას?

_ საქართველოში დღეს ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და საშუალება. ამიტომ, მათ შეუძლიათ ისევ გააგრძელონ საკუთარი ქმედება. თუმცა, ყველაზე კარგი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, ჩემი აზრით, დიალოგია. დიალოგის რეჟიმი ჯერ კიდევ არაა მკვდარი. მე ვფიქრობ, ოპოზიციაში არის ბევრი ადამიანი, რომელთანაც შეიძლება საუბარი ქვეყანაში შექმნილ და არსებულ პრობლემებზე. ყველაზე იოლი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან ესაა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყება.

_ ანუ ხელისუფლება ისევ რჩება დიალოგის მომხრე, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციამ სააკაშვილი დღეს განვითარებული მოვლენების ავტორად დაასახელა და მას მატყუარა უწოდა.

_ ეს სცენარები არ მოქმედებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამიტომ, მათ თუ რამის თქმა უნდათ, ყველაზე კარგ საშუალებად დიალოგი შეიძლება განვიხილოთ. ჩვენ მუდამ მზად ვართ ოპოზიციასთან შესახვედრად და ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც რაიმე სახითზე სურთ ჩვენთან საუბარი.

_ ოპოზიცია თქვენგან განსხვავებით, დიალოგზე ჯერ-ჯერობით არ თანხმდება და პირიქით, 8 მაისს აპირებს თბილისის შემოსასვლელთან, ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას. როგორ შეაფასებდით თქვენ ამ ქმედებას?

_ რა თქმა უნდა არის პრობლემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, არ გაცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს, რადგან ამას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვეს. მე ვფიქრობ, დღეს ძალიან ბევრი ადამიანია მზად სამშობლოსთვის თავის გასაწირად. ამიტომ, ჩვენ ბევრი კარგი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამ დაპირისპირებამ, რომელიც გარკვეული ხანია გრძელდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ხელი არ უნდა შეგვიშალოს ასეთი საქმეების კეთებაში. დღეს საქართველო საშიშროების წინაშე დგას, ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ოპოზიცისს ყველა ლიდერს, რათა ახლა ერთად დავდგეთ ამ პრობლემების წინააღმდეგ. ხოლო მთავრობის წასვლა-მოსვლის საკითხი, მხოლოდ დროის ფაქტორია და ამის გამო ჩვენ არ უნდა გავწიროთ ჩვენი სამშობლო.

_ 8 მაის დაგეგმილი აქცია ნიშნავს თუ არა კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ დარჩენას და რა ზომებს შეიძლება მიმართოს ხელისუფლებამ?

_ რა თქმა უნდა, აქციები და პიკეტირება იმ გზების, რომლებსაც არ გააჩნიათ ალტერნატიული სამოძრაო გზები, მაშინ ეს უკვე არის კანონდარღვევა. მე მაინც მგონია, რომ საქმე არ მივა აქამდე.

_ და თუ მივიდა?

_ მაშინ ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონით დადგენილი ნორმები კარნახობენ და დაიცავს კონსტიტუციის ჩარჩოებს. ხელისუფლება ტყვიას ხომ არ ესვრის ხალხს, ამიტომ უბრალოდ დაშლის პიკეტს. თუმცა, მინდა ავღნიშნო, დაშლა არ ნიშნავს კონფლიქტს, თუ ვინმე არღვევს კანონს, ეს პროცესი უნდა შეწყვიტოს ხელისუფლებამ. ჩემი იმედი იქნება, რომ საქმე აქამდე არ მივა.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა გიორგი რაზმაძე

ავტორი: . .