ENG / RUS

სოსო ცისკარიშვილი: რუსეთი ყოველთვის დაიცავს ახლანდელ მთავრობას

რესპოდენტის შესახებ

დღეს საქართველოს შსს-მ მუხროვანის აჯანჯების შესახებ ვიდეომასალა გაავრცელა. ვიდეომასალაში ბუნტის ლიდერებზე იყო საუბარი. ფარულ ჩანაწერში ნახსენები იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედრო პირები. ექსპერტები ამ ჩანაწერს ეჭვქვეშ აყენებენ. "ჯი-ეიჩ-ენი" დაუკავშირდა ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს, რომელსაც ვთხოვეთ გავრცელებულ ვიდეომასალაზე კომენტარის გაკეთება.

_ ბატონო სოსო, თუ შეიძლება კომენტარი გაგვიკეთოთ შსს-ის მიერ დღეს გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ.

_ ვიდეომასალის სარწმუნოება ძალზე დაბალია იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ქართველ მაყურებელს აქვს. ჩემთვის გაუგებარია, ადამიანი, რომელიც მაღალჩინოსნების ჩართვას ცდილობს რაღაც სამხედრო გადატრიალებაში, რატომ აძლევს რიგით სამხედროებს ასეთ დეტალურ ჩვენებას, ანუ პრიმიტიულ "ჩაშვებას", როდესაც მას არც კი უსვამენ ამგვარ შეკითხვებს. სულ არ აინტერესებდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც შინაგან საქმთა სამინისტრო კადრში მალავს, გენერლების შეხვედრები, რომელი ორი ადამიანი უნდა დაემატოთ მათ, სად იმუშავებენ ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოსვლის მერე და ა. შ.. ეს, უბრალოდ, აბსურდის თეატრია.
_ ანუ თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ ამ ვიდეომასალის უტყუარობას?

_ მე არ გამოვრიცხავ სამხედრო ნაწილებში საპროტესტო განწყობილების არსებობას, თუნდაც ეს ბუნტი ავიღოთ, მაგრამ ის, რაც წინ წაუმძღვარეს აგიტატორებმა ამ ამბოხებას, მიგვანიშნებს ერთზე: ჩვენ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით, ანუ როცა ყიდულობდნენ გაურკვეველი ადამიანები იარაღს და გამყიდველს წინასწარ ეუბნებოდნენ, ვინ უნდა მოეკლათ ამ იარაღით. სცენარის ავტორი და ამ ფილმის დამკვეთი ვერ იზრდება, სამწუხაროდ, რადგან ასეთი საცოდავი "პიარნაბიჯებით" ის ვერანაირად მოიპოვებს საზოგადოებაში ავტორიტეტს.

_ თქვენი აზრით, როგორ დაემთხვა ბუნტი და ამ ვიდეომასალის გავრცელება, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ნაბიჯი იყო?

_ რასაკვირველია, ჯერ ეს მასალა მომზადდა და შემდგომ განხორციელდა ბუნტი. არ მინდა რაიმე ეჭვი გამოვთქვა სამხედროების წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს წინდაწინ იყო გათვლილი. რადგან ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი შევიდა ბაზაზე ამბოხებულებთან, ეჭვებს ბადებს თვითონ ამბოხების შესახებ.

_ რაც შეეხება ვიდეომასალაში ნახსენებ პირებს, მათ რა ბედი ელოდებათ, რადგან კობა კობალაძე უკვე დაკავებულია.

_ ხელისუფლება მზადაა ყველანაირი ხერხით მოიპოვოს "არგუმენტი" იმისთვის, რომ დაარწმუნოს დასავლეთი ასეთი ბუნტის სინამდვილეში და გამოიყენოს მათ მიერვე შეთხზული სცენები, რათა შემდგომში დაერიოს ოპოზიციასა და მათ მხარდამჭერებს, ეს იქნება ძალიან პრიმიტიული გათვლა, დასტური იმისა, რომ ხელისუფლებას საბოლოოდ უმტყუნა ნერვებმა. აქედან დასკვნა: თურმე, ეს დღეები კულტურული მოთმენის ნაცვლად, რაც ხელისუფლება იჩენდა, სინამდვილეში ჩასაფრების პერიოდი ყოფილა და არა დემოკრატიის მისამართით გამოხატული პატივისცემა.

_ და მაინც, რა ბედი ელით გია ყარყარაშვილსა და დავით თევზაძეს, რომლებიც ნახსენები იყვნენ გავრცელებულ ვიდეომასალაში?

_ ეგ ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან რა უნდა ვთქვა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩემსავით შეიტყვეს ეს ინფორმაცია ტელევიზორიდან. ბატონი დავითი, როგრც ვიცი, უკრაინაშია უკვე სამი წელია და ნაკლებად მგონია, დაიჭირონ. რაც შეეხება ყარყარაშვილს, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ასე ყოველ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ჩანაწერი, ახსენოს ვიღაცის გვარები და შემდგომ დააჭერინოს ისინი. ხელისუფლებისგან მე მაინც მეტ ლოგიკას ველოდები და იქნებ მომავალში მაინც ახსნას თავისი ქმედებები უფრო დამაჯერებლად. მანამდე კი რამის პროგნოზირება მიჭირს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემი აზრით, დღევანდელი აურზაურის მთავარი მიზანი არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ასეთ მდგომარეობაში ყველანაირი მიტინგი კანონგარეშედ გამოცხადდება.

_ ანუ თქვენ ამ ბუნტის უკან ხედავთ ხელისუფლების წინდაწინ გათვლილ მცდელობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ?

_ ამ ალოგიკურობისა და გაურკვევლობის მდგომარეობაში ეს ყველაზე ლოგიკური აზრია, რაც შეიძლება ადამიანს დაებადოს. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

_ დაბოლოს, რაც შეეხება ამ სიტუაციაში რუსეთის როლს, რა რეაქციებს და პასუხს შეიძლება ველოდოთ მისგან?

_ მე მახსენდება შარშანდელი გაზაფხულის სიტუაცია, როდესაც საქართველო და რუსეთი საომარი მოქმედებების დაწყებისთვის მზადებას ერთმანეთს აბრალებდნენ. დღესაც იგივე სურათის მომსწრენი ვართ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს უკეთესი კანდიდატურა არ ჰყავს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსაყვანად, ამიტომ ის ყოველთვის დაეხმარება სააკაშვილს სამხედრო დისტაბილიზაციის შექმნით, რათა ხალხი ისევ გაერთიანდეს მის გვერდით. ამ გზას პრეზიდენტი ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში მიმართავდა და დღეს, ამ აქციების ფონზე, სააკაშვილმა ახსენა რუსეთი და კონფლიქტური ზონები. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. რუსეთი ყოველთვის დაიცავს ახლანდელ მთავრობას.

_ დაცვაში რას გულისხმობთ?

_ თუ საჭირო იქნება, რუსეთი სამხედრო საშიშროების საფრთხეს შექმნის და ტანკებს თბილისისკენ, დაახლოებიღ ათი კილომეტრით დაძრავს. დანარჩენი კი ისევ სცენარის მიხედვით განვითარდება, სააკაშვილს სულ მცირე კიდევ ერთ წელიწადს გარანტირებული ექნება სავარძელი.

"jი-ეიჩ-ენი", ესაუბრა გიორგი რაზმაძე

ავტორი: . .