ENG / RUS

სოსო ცისკარიშვილი: თუ ხელისუფლემა ძალას გამოიყენებს, დასავლეთს შეუძლია საქართველოს ფინანსური დახმარება შეუწყვიტოს

რესპოდენტის შესახებ

არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გამართვა არ გამართვის საჭიროების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. მოსახლეობაში სულ უფრო მეტად ჩნდება ეჭვი რამდენად დაგეგმილი და გააზრებულია ოპოზიციის ქმედებები და აქვს თუ არა რადიკალურ ოპოზიციად წოდებულ ძალას კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც იგი მისი ერთადერთი მოთხოვნის, საქართველოს პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მიღწევას აპირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" ექსპერტს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
- ბატონო სოსო, რამდენად გააზრებულად და დაგეგმილად მოქმედებს ოპოზიცია. ოპოზიციის ლიდერებმა ჯერ განაცხადეს, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით აქციები არ იქნებოდა, შემდეგ კი გადაიფიქრეს და გადაწყვეტილება შეცვალეს. ხომ არ ნიშნავს, ეს იმას, რომ ოპოზიციას კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვს და იგი სტიქიურად მოქმედებს.

_ ოპოზიციას ქონდა სურვილი იმისა, რომ დაესვენა, თუმცა შექმნილმა სიტუაციამ დაარწმუნა, რომ აქციები უნდა გაგრძელებულიყო. იმის მიუხედავდ, რომ ვფიქრობ ხელისუფლების სიჯიუტე უკვე სიბრიყვის ზღვარს გადადის. თუ ოპოზიციამ აქციებთან დაკავშირებით ვინმეს აზრი გაიზიარა, ეს მისასალმებელია.

_ როგორ ფიქრობთ, უნდა მიუსხდეს თუ არა დიალოგის მაგიდას ოპოზიცია და ხელისუფლება?

_ ხელისუფლების მხრიდან დიალოგის შეთავაზება იმ მასშტაბებიდან და კრიტიკული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია, არასერიოზული იყო. შესაბამისად, მოლოდინი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღის წესრიგთან დაკავშირებით, თანხმობის მიღწევაზე, ზედმეტად ოპტიმისტური იქნებოდა. ამის მაგივრად უპრიანი იქნებოდა, დაწყებულიყო მცდელობა ორმაგი დღის წესრიგის პირობებში შეხვედრის გაკეთებისა, რომელშიც მონაწილეობას არა მარტო ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ ნდობის ჯგუფები მიიღებდნენ. ორმაგი დღის წესრიგით მუშაობა ნიშნავს იმას, რომ თვითოეული დაპირისპირებული მხარე წარადგენდა 3-3 საკითხს, რომელზეც მათი სურვილის მიუხედავად, მათთვის არასასურველ თემებზე საუბარი და მათი განხილვა მაინც მოუწევდათ.
_ როგორი იქნება ოპოზიციის მოქმედების შემდეგი გეგმა, თუ ხელისუფლება მოლაპარაკებაზე არ წამოვა?

_ იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები გამოწვეულია ხელისუფლების ქმედებითა თუ უმოქმედობით, ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოქმედებები არაპროგნოზირებადია და ამაზე საუბარი წინასწარ არ შეიძლება.

_ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად?

_ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს საკუთრი პასუხისმგებლობა და მართლმსაჯულებას წარუდგინოს მასალა იმის შესახებ, რომ ბოლო დღეებში ნებსით თუ უნებლიეთ თავს ესხმიან ოპოზიციის მხარდამჭერებს, აზიანებენ მათ კერძოO საკუთრებას, უმტვრევენ მანქანებს და საფრთხეს უქმნიან მათ სიცოცხლეს. ეს ხდება იმისათვის რომ დათესონ შიში საზოგადოებაში. ხელისუფლება სწორედ ამ საქმეების გამოძიებით უნდა დაინტერესდეს. მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ხელისუფლებამ დაიცვას საკუთარი ხალხი და პოლიცია არ წარმოაჩინოს როგორც მხარე. ეს არ არის ახალი დაავადება, როცა ხელისუფლება საკუთარ თავს, საკუთარი ინტერესების დაცვას სახელმწიფოსთან აიგივებს. ხელისუფლებამ კარგად უნდა გაათვითცნობიეროს, რომ იგი თავად არის საზოგადოების ნაწილი, იმ საზოგადოებისა, რომელმაც იგი მმართველობითი ფუნქციის აღსასრულებლად დანიშნა და მას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. რაც მალე გაიაზრებს ამას ხელისუფლება, რაც უფრო მალე დაიწყებს ხელისუფლება კრიზისიდან გამოსვლაზე ფიქრს, უკეთესი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

_ თუ ხელისუფლებას ნერვები უმტყუნებს და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, რა იქნება მაშინ?

_ ხელისუფლებას, რომელმაც ვერ შეძლო სტაბილურობის, სამართლიანობის, კეთილდღეობის შენარჩუნება, თუ ნერვები კიდევ ერთხელ უმტყუნებს, ამ ხელისუფლების ქვეყნის სათავეში ყოფნა მიზანშეწონილი აღარ იქნება.

_ თუ დასავლეთის ისედაც შესუსტებული მხარდაჭერის ფონზე ხელისუფლება მაინც გამოიყენებს ძალას, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია?

_ მთავარი პრობლემა ხელისუფლების ის არის, რომ მას თავი საქართველო ჰგონია. თუ დასავლეთის მხარდაჭერა კვლავ გაიზრდება და ეს გამოიწვევს იგივე პროცესებს იმ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ქვია, სააკაშვილს ვერავინ შეეკამათება. თუმცა რაც შეეხება დასავლეთის მხარდაჭერას, მისი შესუსტება საქართველოს არ ელოდება. ამაზე თავად ვაშინგტონშიც საუბრობენ. ამაზე საუბარია ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის პერიოდშიც და შემიძლია ამაში დაგარწმუნოთ იმ პირადი კონტაქტებით, რომელიც მე მაქვს.

_ ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენების შემთხვევაში როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია?

_ ერთადერთი, რაც დასავლეთს შეუძლია გააკეთოს, ეს არის ზემოქმედების მარტივი გეგმა. მას შეუძლია საქართველოს შეუწყვიტოს ის ფინანსური დახმარება, რომლის ნაწილის რეალიზაციაც საქართველოში უკვე დაწყებულია და ამის შემდეგ კი ნამდვილად ვერ დავიტრაბახებთ, რომ საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოშლილა.

 

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ნინო ფოფხაძე

ავტორი: . .