ENG / RUS

გოკა გაბაშვილი: გავა თუ არა სააკაშვილი ხალხთან, ვიტყვი, რომ ის ხალხის გვერდით ისედაც დგას

რესპოდენტის შესახებ

9 აპრილის აქცია მოახლოვდა, თუმცა პოლიტიკური უმცირესობის მტკიცების მიუხედავად, ხელისუფლებას შეშინების არაფერი ეტყობა, ყოველშემთხვევაში სიცილის ხასიათზე ჯერ კიდევ არის. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერს და ხელისუფლების გუნდის აქტიურ წარმომადგენელს გოკა გაბაშვილს გულიანი სიცილის ხასიათზე აყენებს იმის მოსმენა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსასვლელად უკვე ემზადება.
"ჯი-ეიჩ-ენთან" ინტერვიუში გაბაშვილი ყველა იმ შეკითხვას პასუხობს, რომელიც ოპოზიციას ხელისუფლების მისამართით აქვს. თუმცა, სამაგიეროდ, პოლიტიკურ უმცირესობასთან "ხურდის" სახით ერთ შეკითხვას თავადაც "აბრუნებს".

- ბატონო გოკა, 9 აპრილი მოახლოვდა. მომიტინგეების უსაფრთხოების დაცვა ვის პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს, ხელისუფლების თუ ოპოზიციის?

- პახუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაინაწილოს. კერძოდ, ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე იქნება იმის შედეგი, რაც აქციაზე მისული მოსახლეობისადმი აგრესიული ქმედებებისკენ მოწოდებას შეიძლება მოჰყვს. ჩვენ გვესმის, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც 9 აპრილს დაგეგმილ მიტინგზე აპირებს მისვლას, ხელისუფლების მიმართ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში არც თუ უსაფუძვლო პრეტენზიები აქვს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ მათი პრობლემები, რის მოსაგვარებლადაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

დარწმუნებული ვარ, საპროტესტოდ განწყობილი მოქალაქეების აბსოლუტურ უმეტესობას მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტის დაფიქსირება სურს და ისინი არეულობაზე არც ფიქრობენ.

- თუმცა პროვოკატორების თემა, ალბათ, არ უნდა გამოირიცხოს. როგორ ემზადება ძალოვანი უწყებები 9 აპრილისთვის, როგორც ამბობენ, სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული და ყაზარმალ რეჟიმზე გადავიდნენ...

- ახლა, საერთოდ არც ერთი პროვოკატორი არ გამოჩნდებათქო რომ გითხრათ, ამის პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვერ ავიღებ და ვერც ვერავინ აიღებს, მაგრამ ვფიქრობ, მიტინგის პროვოკატორებისგან დაცვა უფრო აქციის ორგანიზატორთა საქმე უნდა იყოს.

რაც შეეხება სამართალდამცავებს, არანაირ ყაზარმულ რეჟიმზე არ გადასულან. ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ და ანალოგიურად იმუშავებენ 9 აპრილსაც. პოლიცია მაქსიმალურად მოერიდება გარკვეული პროვოკატორთა ჯგუფებისგან გამაღიზიანებელ მოქმედებებს. ისინი მაქსიმალურად ფრთხილად იქნებიან, თუმცა ყველა სახელმწიფოში არსებობს რაღაც ლიმიტი, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა არ უნდა გადალახოს. საქართველოს მშვიდობიანი აქციების ჩატარების გამოცდილება აქვს, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ მიტინგის მონაწილეები კანონის ფარგლებში მოექცევიან და არ გამოიყენებენ იმ ცუდ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს ისტორიას ახსოვს.

- ანუ, თუ ე.წ. ლიმიტს, რომელიც თქვენ ახსენეთ, აქციის მონაწილეები გადავლენ, 7 ნოემბრის სცენარის გამეორება მოხდება?

- ხელისუფლების ინტერესებში შედის, რომ აქცია წყნარად, მშვიდად, ყოველგვარი დაძაბულობის, კონფრონტაციის გარეშე წარიმართოს. მშვიდობიანი საპროტედტო მანიფესტაციის გამართვას, როგორც ეს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება მხარს ვუჭერთ. არანაირი გართულება, თუნდაც მცირე, როგორებსაც სხვადახვა ქვეყნის დემონსტაციების დროს აქვს ხოლმე ადგილი, არც პოლიციის და არც საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვსურს, ოპოზიციამ მისი პროტესტი მშვიდობიანი გზით დააფიქსიროს.

- მაგრამ ოპოზიცია ქუჩაში უბრალოდ პროტესტის გამოსახატად არ გამოდის. პოლიტიკურ უმცირესობას კონკრეტული მოთხოვნა და მიზანი აქვს, რასაც ხელისუფლების შეცვლა ჰქვია და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ გეგმას, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განახორციელონ ეს, არ ახმაურებენ, მიზნის მიღწევაში დარწმუნებულია...

- ჯერ ერთი, ცოტა უცნაურია, როცა მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებ და გეგმებს არ ახმაურებ. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ნორმალური მიტინგის ორგანიზატორები საპროტესტო აქციის ფორმებს, შინაარს, მოითხოვნებს წინასწარ აქვეყნებენ. ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერების ქმედება კი დამეთანხმეთ, გარკვეულ უცნაურობას მოიცავს.

- ამ "უცნაურობისთვის" თუ არის მზად ხელისუფლება, მით უფრო, რომ რამდენიმე დღის წინ 9 აპრილის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კახა კუკავამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ "სააკაშვილის რღვევა მისი გარემოცვიდან" დაიწყება? საინტერესოა, თქვენი გუნდიდან კიდევ ხომ არ ფიქრობს ვინმე ხელისუფლებასთან გამიჯვნას?

- ხელისუფლების გუნდი აბსოლუტურად კონსოლიდირებული და ერთიანია. აქვს თავისი პოლიტიკა და საქართველოში არსებული ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები. მეტიც, მოვუწოდებთ ოპოზიციას, შემოგვიერთდეს, უკვე არსებული პროექტების განხორციელებაში ჩაერთონ. გეგმები კი, როგორც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისისგან დაცვის, ისე საარჩევნო კოდექსის რეფორმირებისა და სხვა მიმართულებით, ერთად შევიმუშაოთ. მზად ვართ მათთან დიალოგზე, მოლაპარაკებაზე, რაც ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის აუცილებელია.

- თუმცა პოლიტიკური უმცირესობა ამბობს, რომ ხელისუფლებას დიალოგის შეთავაზება დააგვიანდა, რომ ეს იქამდე უნდა მომხდარიყო, ვიდრე აქციები დაიგეგმებოდა...

_ არასერიოზული მჯელობაა. დიალოგსა და საუბარს, განსაკუთრებით პოლიტიკურად გართულებულ ვითარებაში, ალტერნატივა არ აქვს. როცა დიალოგზე უარს ამბობ, მაშინ რა გზას ირჩევ - ძალის გამოყენებას? მე არ ვიცი რადიკალურად განწყობილ ოპოზიციაში ვის რა გეგმა და მოსაზრება აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც აქციაზე წასვლას აპირებენ, ძალადობის წინააღმდეგია.

- პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებასთან გამიჯვნის შემდეგ განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბრის აქციების დროს ოპოზიციისთვის დიალოგის მაგიდასთან მიპატიჟება მისი ინიციატივა იყო და ამ იდეას მაშინ მხარს არავინ უჭერა...

- ქალბატონი ნინო ტყუის. ხელისუფლება დიალოგის მომხრე ყოველთვის იყო. ასე რომ, ქალბატონი ნინოს მიერ წარსულის რეტროსპექტიული გახსენება უცნაურ ფორმებს იღებს. დღევანდელი გადასახედიდან ის თავის თავს რაღაც ძალიან სხვანაირად ხედავს.

- რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც მან "უცნობთან" საკანში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმის შიშით, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად სხვა პარტიას არ გაემარჯვებინა, მზად იყო ომი დაეწყო. თქვენ, როგორც პრეზიდენტთან საკმაოდ დაახლოებულ პირს გეცოდინებათ, რამდენად იყო სააკაშვილი წამსვლელი მსგავს ნაბიჯზე?

- ეს კიდევ უფრო დიდი ტყუილია, და ალბათ მომავალში, კიდვე უფრო დიდი და ბევრი ტყუილი ითქმება. როგორც ჩანს, ქალბატონ ნინოს ძალიან სურდა საკუთარი თავი რადიკალურ ოპოზიციაში დაეფიქსირებინა და ამის გამო, არაფერზე საუბარს არ მორიდებია, თუმცა, როგორც ამბობენ, ენას ძვალი არ აქვს.

- ამჟამად ოპოზიციაში და პოლიტდევნილობაში მყოფი _ ხელისუფლებას გამიჯნული კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი - ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში ჩამოსვლას გეგმავს, თუმცა ამისთვის დროს არჩევს. როგორც მოიქცევა შესაბამისი უწყება თუ თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში დაბრუნდება?

- ოქრუაშვილი გასამართლებულია, მსჯავრდებულია.

- ანუ, მისი დაპატიმრება მოხდება?

- რა თქმა უნდა, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად.

- რაც შეეხება დაგეგმილი აქციების კონტექსტში მოსალოდნელ გარე საფრთხეებს, რამდენად შეიძლება საქართველოს არასტაბილური შიდა სიტუაცია რუსეთმა სათავისოდ გამოიყენოს?

- არამგონია, რუსეთმა სამხედრო ინტერვენციის მეორე ტალღა გაბედოს. მით უფრო, საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს. ამას მსოფლიოში ვერავის გადააყლაპებს.

- პოლიტიკური უმცირესობა ამტკიცებს, რომ დაგეგმილი მანიფესტაციის გამო ხელისუფლება ძალიან შეშინებულია. კონკრეტული პასუხი რომ გამცეთ, მართლა გეშინიათ?

- არავის არაფრის ეშინია. ეს მხოლოდ ოპოზიციის პროპაგანდაა. ხელისუფლებაში არსებული ვითომდა შიშის შესახებ ლეგენდები ერთმანეთს მაინც დააჯერონ.

ბუნებრივია, როგორც ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური სპექტრი შეშფოთებულები ნამდვილად ვართ, რა განცდაც ახლა თავად ოპოზიციონერებსაც უნდა ჰქონდეთ და უნდა ესმოდეთ, რომ მათი ხმამაღალ ტონალობაში საუბარი ქვეყნისთვის დიდ საფრთხეებს შეიცავს, თუმცა არ მაქვს საუბარი იმ ოპოზიციურ ძალებზე, რომლებსაც, იღონდაც თავიანთი თანამდებობრივი მიზნის მიღწევის სურვილი დაიკმაყოფილოს და არ აინტერესებს ქვეყანაში ქვა ქვაზე დარჩება თუ არა.

- პოლიტიკური უმცირესობა გასული წლის ნოემბრის აქციების დროს, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდ შეცდომად იმას მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მაშინ ხალხთან არ გავიდა. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ სააკაშვილი ასე რომ მოქცეულიყო, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აღარ მოუწევდა, რადგან ხალხი მას დაუჯერებდა და მიტინგიც დაიშლებოდა. აპრილის აქციებზე მაინც თუ გავა პრეზიდენტი ხალხთან?

- კიდევ ვიმეორებ, ხელისუფლება მზადაა ხალხის პროტესტი მოისმინოს და ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე თავდაუზოგავად იმუშაოს, რომელიც ქართულ საზოგადოებას აწუხებს.

ჩვენ საქართველოს შიგნით მტრები არ გვყავს. მტრებად არც ოპოზიციის ლიდერებს არ აღვიქვამთ, ჩვენ ცივილიზებული, ნორმალური ურთიერთობის მომხრე ვართ. რაც შეეხება იმას, გავა თუ არა სააკაშვილი ხალხთან, პრეზიდენტი ხალხის გვერდით ისედაც დგას.

- და ბოლოს, თუ დაგეგმილ მანიფესტაციაზე პროცესებმა უმართავი ხასიათი მიიღო და აუცილებელი გახდა, ყველაზე კარგ ვარიანტში, 7 ნოემბრის სცენარის გამეორება, რა შეფასებას უნდა ელოდოს საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობისგან?

- საქართველოს ხელისუფლება კანონის შესაბამისად და კონსტიტუციის მიხედვით იმოქმედებს, იქნება ძალიან ფრთხილი, მოერიდება ყველანაირ კონფრონტაციას. აქციის მიმდინარეობის შესახებ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივი, ყოველ საათობრივი, ყოველ წუთობრიბი ინფორმაცია ექნებათ. საქმის კურში ჩავაყენებთ ყველა დეტალის თაობაზე, ვინ როგორ მოქმედებს, არის თუ არა პროცესი კანონის ფარგლებში, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ხელისუფლება, როგორ იმოქმედებს.

ასე რომ, არაფერი დასამალი და დაფარული საქართველოს ხელისუფლებას მსოფლიოში არაფერი არ აქვს. ჩვენ ყველა გამოცდილებას, როგორც კარგს, ასევე უარყოფითს გავითვალისწინებთ და ამის შესაბამისად შევეცდებით პროცესების კანონის ფარგლებში მოქცევას.

და ბოლოს, იცით რა ჰკითხეთ ჩემგან ოპოზიციას? აქციის ორგანიზატორი ვინ არის, ამ საკითხზე მაინც თუ მიაღწიეს შეთანხმებას.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

 

ავტორი: . .