სენატში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის განხილვა იანვარს დაიწყო.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიტჩ მაკკონელმა იმპიჩმენტის პროცესის გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, სენატში მოწმეები არ დაიკითხებიან და არც დემოკრატების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თუ დოკუმენტების განხილვა მოხდება. რესპუბლიკელებს სურთ, რომ იმპიჩმენტის პროცესი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
რესპუბლიკელების გეგმას გამოეხმაურნენ, დემოკრატები და მას სამარცხვინო უწოდეს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის კი ეჭვი აქვს, რომ რესპუბლიკელები "პრეზიდენტის დანაშაულისთვის ხელის დაფარებას ცდილობენ".
სენატმა პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატებსა და წარმომადგენელთა პალატის მიერ არჩეულ იმპიჩმენტის მენეჯერებს თავიანთი პოზიციების დასაფიქსირებლად ოცდაოთხსაათიანი ვადა განუსაზღვრა.
ვარაუდობენ, რომ იმპიჩმენტის მენეჯერები სენატის წინაშე 22-23 იანვარს წარსდგებიან, ტრამპის ადვოკატები კი 24-25 იანვარს. ამის შემდეგ, დამატებით გამოყოფილ დროში, მხარეებს სენატორთა მიერ დასმულ წერილობით შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.
კითხვა-პასუხის რეჟიმის შემდეგ კი გაიმართება ოთხსაათიანი დებატები.
წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი გასული წლის 19 დეკემბერს დაუჭირა. პალატამ პრეზიდენტისთვის წაყენებულ ორ ბრალდებას ცალცალკე უყარა კენჭი.
კენჭისყრამდე კონგრესის ქვედა პალატაში 12-საათიანი დებატები გაიმართა.
პალატამ პრეზიდენტს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლაში დასდო.
როგორია ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა?
იმპიჩმენტი შეერთებულ შტატებში კონსტიტუციური პროცესია, რომლის მიხედვით, კონგრესს აქვს შესაძლებლობა ბრალდება წარუდგინოს სამოქალაქო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომელთაც სავარაუდო დანაშაულებები ჩაიდინეს.
შეერთებული შტატების დამფუძნებელმა მამებმა კონგრესს მისცეს უფლებამოსილება თანამდებობიდან გადააყენოს "პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის პირები", თუ მას ბრალად "ღალატი, მოსყიდვა ან სხვა მძიმე დანაშაული" ედება.
უფრო მარტივად რომ ითქვას, იმპიჩმენტის პროცესი დაახლოებით ჩვეულებრივ სასამართლო პროცესს წააგავს, ყველა მონაწილე მხარით, ბრალმდებელი, დაცვის მხარე, ნაფიცი მსაჯულები და მოსამართლე.
შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრაპმის იმპიჩმენტი 2019 წლის 18 დეკემბერეს მოახდინა.
ფორმალურად, პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება, თუმცა ჯერ კიდევ იკავებს თეთრს სახლს, ვიდრე სენატი საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს.
იმპიჩმენტის პროცესის წამოწყების უფლებამოსილება მხოლოდ კონგრესის წარმომადგენელთა პალატას გააჩნია. წამყვანი ადგილი პროცესში პალატის იურიდიულ კომიტეტს უჭირავს, რომელიც უძღვება მოწმეთა მოსმენებს და საბოლოოდ ახდენს პრეზიდენტის მიმართ ბრალდებების ფორმულირებას.
იმპიჩმენტის განხილვა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტა კი კონგრესის ზედა პალატის, სენატის ხელშია.
სენატს სიმბოლურად, ნაფიც მსაჯულთა ჟიურის როლი ეკისრება, წარმომადგენელთა პალატას - ბრალმდებლის, დაცვის მხარეს პრეზიდენტის ადვოკატები უზრუნველყოფენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კი მოსამართლის ფუნქცია აქვს.
თუკი იმპიჩმენტს სენატორების 2/3 დაუჭერს მხარს, ეს საბოლოო განაჩენია და პრეზიდენტმა პოსტი უნდა დატოვოს.
სენატის კენჭისყრის შედეგი საბოლოოა, ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, მის პოსტს იკავებს ვიცე-პრეზიდენტი.
შეერთებული შტატების ისტორიაში იმპიჩმენტის წამოწყების მხოლოდ სამი შემთხვევა არსებობს - აშშ-ის მე-17 პრეზიდენტი, ენდრიუ ჯონსონი, 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი და 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
აშშ-ის 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი კი, უოტერგეიტის სკანდალის გამო, იმპიჩმენტის თავიდან ასაცილებლად თავად გადადგა თანამდებობიდან.