აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს. ამ მიზნით, სამინისტრომ ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ 4261 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირობებიან აუქციონზე გამოიტანა.
ობიექტის საწყისი ღირებულება 1 მლნ 50 ათასი ლარია და მისი გასხვისება 30 დეკემბრისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.
აუქციონში გამარჯვებული სუბიექტი საპრივატიზაციო თანხას, 2020 წლის 20 სექტემბრამდე 3 ეტაპად გადაიხდის. მისი ვალდებულებაა ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა 50 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.
პოტენციურმა ინვესტორმა სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
საპრივატიზაციო პირობებს მიხედვით, ინვესტორმა სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში მინიმუმ 1 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.