პარიზის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციათა პროექტი დაუშვებელია, ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა. მისი თქმით, სანქციების შემოღების შემთხვევაში, ევროკავშირი აშშ-ს მტკიცე პასუხს გასცემს.
როგორც აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოხსენებაშია ნათქვამი, საფრანგეთი ატარებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ამერიკული ციფრული კომპანიების მიმართ, ამის საპასუხოდ კი ვაშინგტონმა, შესაძლოა, დააწესოს 100-პროცენტიანი ტარიფები 2,4 მლრდ დოლარის მოცულობის ფრანგულ პროდუქციაზე.
"შევხედავთ, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. მაგრამ უკვე ეს პროექტი, რომელიც შესაძლოა, 30 დღის განმავლობაში განხორციელდეს, ეს ის საქციელი არ არის, რასაც აშშ-სგან ველოდებით მათი მთავარი მოკავშირის - საფრანგეთისა და საერთოდ ევროპის მიმართ", - აღნიშნა ლე მერმა.
ცნობისთვის, 2019 წლის ივლისში საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონი ციფრული კომპანიების დაბეგვრის შესახებ.
ციფრულ კომპანიას, რომელსაც წლიურად 750 მლნ ევროზე მეტი აქვს შემოსავალი და საფრანგეთში მინიმუმ 25 მლნ ევროს გამოიმუშავებს, დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს.
საფრანგეთის ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მას უგუნური უწოდა.
ამავდროულად, შტატების პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ საფრანგეთი მიიღებს საპასუხო რეაქციას.
"საფრანგეთმა დამატებითი გადასახადები დაუწესა ჩვენს დიდებულ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს. თუ ვინმემ უნდა დაუწესოს მათ გადასახადები, ეს მათი სამშობლო, ამერიკის შეერთებული შტატებია.
მაკრონის უგუნური გადაწყვეტილების საპასუხოდ, საპასუხო ქმედებების შესახებ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამერიკული ღვინო, ფრანგულ ღვინოზე უკეთესია", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".
ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ საფრანგეთის გადაწყვეტილება უსამართლოა.