ENG / RUS       12+

საზოგადოებაში არის თანხმობა, რომ "ქართული ოცნება" უნდა წავიდეს - ლია მუხაშავრია

რესპოდენტის შესახებ

ლია მუხაშავრია - არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორი

ლია მუხაშავრია - არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორი

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებთან დაკავშირებით, ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელ დირექტორს, უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ვხედავთ რომ შექმნილია, ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღება არ უნდა. ხელისუფლებამ ვერ მოიფიქრა ამდენი დღის განმავლობაში რა იქნება გამოსავალი და თავის მოქალაქეებსა და ამომრჩეველს უპირისპირებს ძალას, ძალაუფლებასა და დიალოგის არქონის უნარს. ეს კი ძალიან სახიფათოა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის. ჩვენ პირველად არ ვხედავთ ამ ვითარებას ქვეყანაში და უახლესი ისტორიის გამოცდილება მაინც უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ. მათ სწორედ ის ევალებათ, რომ პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნას, ხოლო თუ შეიქმნა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ ქვეყანა ამ კრიზისიდან. რასაც ვხედავთ ეს ამას არ ემსახურება.  ძალიან სამწუხაროა, რომ კონფრონტაციაზე მიდიან და ფიქრობენ საზოგადოებას უკან დაახევინებენ ან ფიქრობენ, ეს არის საზოგადოების მცირე ნაწილის პროტესტი. თუ ვინმე იქ არ დგას, არ ნიშნავს რომ არ არის აღშფოთებული ივანიშვილის მიერ ხალხის გადაგდებით, როგორც შეიძლება ამ მოვლენას ვუწოდოთ.

- ის, რაც დღეს ხდება, როგორ აისახება ქვეყნის იმიჯზე?

- ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პოლიტიკური და ეკონომიკური მხარე. უპირველესად, ეს ყველაფერი ინვესტიციების შეწყვეტა-შემცირებას გულისხმობს. როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ ქვეყნის დედაქალაქში, სამთავრობო დაწესებულებებთან საპროტესტო აქციები იმართება, არავის არ მოუნდება ამ ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება.  მით უფრო, როდესაც ცხადი ხდება რომ ხელისუფლებამ თავისი ამომრჩეველი გადააგდო. ნებისმიერი ინვესტორი, რომელსაც ანალიზის უნარი აქვს, მიხვდება რომ როდესაც ხელსუფლება საკუთარ ამომრჩეველს ასე ექცევა და შეუძლია გადააგდოს, ინვესტორს რაღას უზამს...

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან უარყოფითია. ევროპელები ამბობენ, რომ ევროპულ ოჯახში მიიღებენ ევროპული ღირებულებების პატივისმცემელ საზოგადოებასა და სახელმწიფოებს. რომელი ევროპული ღირებულება გულისხმობს, რომ ადამიანებს, მთელ ქვეყანას მისცე პირობა, გააცხადო საჯაროდ, ოფიციალურად, მერე უცბად შეცვალო ეს პირობა და ამოატრიალო მთელი სისტემა. არც ევროკავშირი, არც ნატო და არც არავინ, ასეთ ნაბიჯს ღირსეულ პოლიტიკურ ნაბჯად არ ჩაუთვლის ივანიშვილს, რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს არ არის მისი ბრალი და არ არის გათამაშებული.

- თუ ღირსეულ პოლიტიკურ ნაბიჯად არ ჩაუთვლიან, ფიქრობთ რომ ზეწოლას მოახდენენ?

- ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგემა თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო თანამეგობრობა დაინახავენ რომ ხელისუფლება დიალოგზე კი არ მიდის საზოგადოებასთან, არამედ - კონფრონტაციის გზას ადგას და ძალის დემონსტრირებას აპირებს კიდევ უფრო მეტი სისასტიკით. არის ქმედითი მექანიზმები, რომელიც აიძულებს პირადად ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას, დაემორჩილოს წესებს, წესრიგსა და სტაბილურობის მოთხოვნებს.

ეს შეიძლება იყო მისი ანგარიშებისა გაყინვა და ქონების დაყადაღება უცხოეთში, რაც მას ყველაზე მეტად აშინებს და ზოგადადაც, ყველაზე ქმედითი იქნება. იმიტომ რომ როგორც ვხედავთ, ქვეყნის რეპუტაცია და პოლიტიკური სტაბილურობა მისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არ არის.

- ანუ, ხელისუფლება დათმობებზე წავა?

- გადადგამს ამ ნაბიჯს. მიხეილ საააკშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა - 2012-ში იძულებული გახდა ეღიარებინა 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგები. ის ამას არ აპირებდა, მერე უცბად გადაიფიქრა, გამოვიდა და აღიარა. ზუსტად იგივე მოხდება, უბრალოდ საწყენია, რომ ვერა და ვერ მივაღწიეთ ამ 2020 წლის არჩევნებამდე ისე რომ დესტაბილიზაცია აგვერიდებინა. ვფიქრობ, რაც უნდა დიდი მცდელობები ჰქონდეს ქართულ ოცნებას, რომ გაყალბებული არჩევნების, ან საარჩვენო სისტემის მანიპულაციებით შეინარჩუნოს ხელსუფლება, მას ეს არ გამოუვა. მით უფრო, რომ საზოგადოებაში არის თანხმობა, რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს.

- გათამაშებული ახსენეთ, თქვენი აზრით, უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლაც გათამაშებულია?

- ჩემი აზრით, უმრავლესობიდან გასული დეპუტატები "ქართული ოცნების" ყველაზე განათლებული ნაწილია და ვფიქრობ, ისინიც გადაგდების მსხვერპლნი გახდნენ. არ მოელოდნენ. ამაში მე დამარწმუნა თამარ ჩუგუშვილის კომენტარებმა და მგონი მათ თვალები აეხილათ რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. მათი მხრიდან ეს იყო ცოტა დაგვიანებული და მაგრამ მაინც პოზიტიური ნაბიჯი. თუმცა შეიძლება ეს ისეც შეფასდეს, რომ ჩასაძირად განწირული გემის დატოვებს სჯობს, ვიდრე ფსკერზე ჩაჰყვე.

- ოპოზიციის საპროტესტო აქციები, პიკეტირება უკანონოდ შეფასდა, თქვენ როგორ ფიქრობთ?

- იმის გათვალისწინებით, რომ რა შეურაცხყოფაც მიაყენა თავის ამომრჩეველსა და  საზოგადოებას და ვერ ვიტყოდი რომ ეს პიკეტირება უკანონოა. იმის გათვალისწინებით რომ ჩვენს სამხრეთელები ვართ და ძალიან ბევრი აღშფოთება და უბედურება გადავიტანეთ, საზოგადოება, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, კარგად იქცევა და მე ვიტყოდი, სამაგალითოდაც კი. თუ გავითვალისწინებთ იმ ტრაგედისაც, რაც 20-21 ივნისს მოხდა, საზოგადოება ძალიან შეგნებულად და ცივილიზებულად იქცევა.

ერთი წუთითაც კი არ შემიძლია წარმოვიდგინო თავი მაკო გომურის მშობლების ადგილას, რამდენად ტრაგიკული და მტკივნეულია ეს ამბავი და მაინც ეს გოგონა, ძალიან ღირსეულად იქცევა და ღირსეულ პოზიციებს იკავებს. ამ ფონზე, ხელისუფლების საქციელი არის სრულიად ამაზრზენი.  ამ ხელისუფლებას უკვე გარანტირებული აქვს წასვლა და შეიძლება ძალიან სამარცხვინო იყოს ასეთი სახელით ისტორიაში შესვლა. მათი მანდატი უკვე ამოწურულია.

© GHN