BBC ახალ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ადამიანების ერთმანეთთან დაახლოების შთაგონებით გადაიღეს. სიუჟეტი ეძღვნება ორ მეზობელს, რომლებმაც შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ საერთო სამანქანე სივრცის გარდა, გაცილებით ღრმა კავშირი აერთიანებთ.
ჰილარი ჰარისი და დოუნ ჯონსონი სტანდარტულ კეთილმეზობლურ ცხოვრებას ეწეოდნენ, როდესაც ჰარისმა დაუჯერებელი ამბავი აღმოაჩინა.
ჰარისმა ბავშვობიდან იცოდა რომ გააშვილეს. ის აგრეთვე ფლობდა ინფორმაციას მისი ნახევარდის შესახებ, რომელსაც სახელად დოუნ ჯონსონი ერქვა...
ჰილარი ჰარისმა და მისმა მეუღლემ სახლი ოკლერში 2011 წელს შეიძინეს, თუმცა 8 წლის განმავლობაში მის მეზობლად რამდენიმე ოჯახმა გამოიცვალა საცხოვრებელი. ჰარისი იხსენებს, რომ 2017 წელს მათ მეზობლად ერთი ოჯახი დასახლდა და რადგან ამ ორ სახლს საერთო სამანქანე სივრცე ჰქონდა, მეზობლების გაცნობა მოუხდა...
დოუნ ჯონსონიც გააშვილეს. ის ვისკონსინში მოსიყვარულე მშობლების ოჯახში გაიზარდა, რომლებიც დაქორწინებულები არ იყვნენ. ჰარისისგან განსხვავებით, მისი ბიოლოგიური მამის შესახებ ინფორმაცია 18 წლამდე არ ჰქონია. ჯონსონი იხსენებს, რომ 2017 წელს ოკლერში 20-ზე მეტი სახლი მოინახულეს და საბოლოოდ არჩევანი შეაჩერეს ქუჩაზე, რომელსაც საზიარო სამანქანე ადგილი ჰქონდა.
პირველად, ჰილარი ჰარისი და დოუნ ჯონსონი სწორედ საერთო სივრცეზე ზრუნვამ შეახვედრა. ჰილარიმ მაშინ პირველად გაიგო მისი სახელი და გაიფიქრა, „რა იქნება იმის შანსი რომ ეს ჩემი და იყოს“, თუმცა მისთვის გვარის კითხვა ვერ გაბედა.
ჰილარი ჰარისი იხსენებს დღეს, როდესაც საერთო სამანქანე სივრცეზე კერამიკული ფილებით დატვირთული უზარმაზარი სატვირთო მანქანა გაჩერდა. ჰარისმა ფილებზე დამაგრებული დიდი წითელი ბანერი შენიშნა, რომელსაც მინაწერი ჰქონდა - „ჯონსონი“.
მეზობლები ერთმანეთს რამდენიმე დღის შემდეგ შეხვდნენ, სადაც ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა.
ჰილარი და დოუნი BBC-თან საუბარში იხსენებენ შეხვედრის პირველ წუთებს:
ჰილარი: გამარჯობა, მე ჰილარი ვარ, შენი კარის მეზობელი. შენი გვარი ჯონსონია?
დოუნი: დიახ, ასეა.
ჰილარი: შენ იყავი Miss loyal Conrfes Queen? (ჰარისს ნახევარდის შესახებ სულ რამდენიმე ინფორმაცია ჰქონდა)
დოუნი: კი 1983 წელს გავხდი Miss loyal Conrfes Queen.
ჰილარი: მამაშენს რა ერქვა?
დოუნი: უეინ ჯონსონი ერქვა და ის 2010 წელს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა (ჰარისს გაზეთში დაბეჭდილი მამის ნეკროლოგი ჰქონდა წაკითხული, სადაც წერდნენ, რომ უეინ ჯონსონი 2010 წელს ტრაგიკულად დაიხრჩო).
ამის შემდეგ რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ კი ორივე მიხვდა რომ მათ სტანდარტულ მეზობლობაზე გაცილებით მეტი აკავშირებდათ...
მომდევნო დღეს დოუნმა ჰარისს გარდაცვლილი მამის ფოტოები აჩვენა, ყვავილები აჩუქა და ბარათი გაუგზავნა სადაც ეწერა, „კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა, დაიკო“! მათი ურთიერთობა კი შესანიშნავად აეწყო...
BBC-თან ინტერვიუში დოუნ ჯონსონი აღნიშნავს, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანებს მეზობლებთან უერთიერთობა აღარ აქვთ, რადგან მათი ცხოვრების რიტმი დაჩქარებულია. ბოლოს კი ხუმრობით თქვა:
„იყავით ერთმანეთს მიმართ კეთილგანწყობილები, რადგან შესაძლოა მეზობლად თქვენი ნახევარდა ცხოვრობდეს“.