რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს პრეზიდენტისგან სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, რადგან მან რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ მოიხსენია.
ვოლოდინმა აღნიშნული განცხადება რუსულ ტელეკომპანიაში ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა მოიბოდიშოს, მან ასევე უნდა განმარტოს თავისი პოზიცია, რადგან სხვაგვარად რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება გართულდება.
ვოლოდინმა თქვა, რომ როდესაც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, „იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პრეზიდენტს დაეგმო ინცინდენტი, მან რუსეთს აგრესორი უწოდა“.
დუმის სპიკერი შეეხო ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების საკითხს და აღნიშნა, რომ ასამბლეაში ანტირუსული დღის წესრიგის შექმნას სათავეში „აშშ-ის სატელიტები უდგანან - პოლონეთ, უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირეთი“.
შეგახსენებთ, 20 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია საქართველოს პარლამენტში გაიხსნა, რა დროსაც სესიის მონაწილეებს, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა, რასაც პარლამენტარებისა და საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
სწორედ გავრილოვის თავხედურმა მოქმედებამ დაუდო საფუძველი საზოგადოების მრავალდღიან პროტესტს, რასაც აქციის მონაწილეების ძალადობრივი დაშლა მოჰყვა.
მაშინ საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას და განაცხადა "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა???? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს".