ჩვენი მთავრობა, ივანიშვილის ჩათვლით, არამარტო ფლირტაობს რუსეთთან, არამედ უკვე კუდებით არიან გადაბმული, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებისთვის იწყებს ბრძოლას, კარგავს ამ ძალაუფლებას.
"გავრილოვის სავარძელში ჩაბრძანებამ და შემდეგ უკვე „გავრილოვის ღამემ“ ძალიან ბევრი რამ დაგვანახა ჩვენ როგორც საზოგადოებას; დაგვანახა ის, რომ ჩვენი მთავრობა, ივანიშვილის ჩათვლით, არამარტო ფლირტაობს რუსეთთან, არამედ უკვე კუდებით არიან გადაბმული, დაგვანახა ის, რომ ივანიშვილი აბსოლუტურად უტიფარია და სამსახურიდან გაშვების ნაცვლად გახარია პრემიერად დაგვასვა თავს, დაგვანახა ის, რომ გამოაცხადა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ამას აჩვენებს საქართველოს უახლესი ისტორია – ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც იწყებს ბრძოლას არა ხალხისათვის, ხალხის ინტერესებისთვის, არამედ ძალაუფლებისთვის, კარგავს ამ ძალაუფლებას.
ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში და გავაპროტესტოთ", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ მას ლოგიკურად მიაჩნია იდეა, რომ აქციები მოედოს რეგიონებს, ქალაქებს და "შემდეგ ერთ მუშტად გაერთიანებული დაუბრუნდეს თავის საწყისებს".
ფოტო: რადიო თავისუფლება