პრეზიდენტი არ არის სანდო. ის არ იქცევა ადეკვატურად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთია, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ მეორეა თავად პროცესი, ვინ შესთავაზა პოლიციელის მკვლელის შეწყალება, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც კრიმინალთან დაახლოებული მკვლელი გამოაშვებინა პრეზიდენტს ციხიდან, რის სანაცვლოდ.
„ შედეგი არის ძალიან ცუდი, შედეგი არის ის, რომ პრეზიდენტი არ არის სანდო. ის არ იქცევა ადეკვატურად. მოსდის ძალიან სერიოზული შეცდომები. თუ ამ სფეროში შეცდომა მოგივა, რა გამორიცხულია, რომ სხვა სფეროშიც არ მოუვა, თან ქვეყნის მთავარსარდალი ჰქვია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. დავით ოთხმეზური პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.
ასლან ბეჟანიძე პოლიციამ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, 2016 წლის 26 მარტს დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მაშინ ბრალდებული გაამართლეს.
მოგვიანებით, 2018 წლის 2 მარტს ასლან ბეჟანიძე კვლავ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.