კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც თანახმაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე ნატოში შევიდეს არის სამშობლოს მოღალატე, - განაცხადა “დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუსენის მოსაზრებასთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო დასავლელი პარტნიორებისათვის მეორეხარისხოვნად და რუსეთის გასაღიზიანებელ ინსტრუმენტად რჩება.
7 აპრილის განცხადებაში მე აღვნიშნე, რომ ადამიანებს, ვინც გაყოფილ საქართველოთი ნატოს წევრობას გვთავაზობს, საქართველო "ფეხზე ჰკიდია".
მაშინ ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და საზოგადოებას ჩემს განცხადებაზე ადეკვატური რეაქცია რომ ჰქონოდა, დღეს რასმუსენი ამ განცხადების გაკეთებას ვერ გაბედავდა.
მე მაშინ განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც თანახმაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე ნატოში შევიდეს არის სამშობლოს მოღალატე.
თუ კვლავ წავუყრუებთ ასეთ საგანგაშო განცხადებებს და საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს ზომებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, აუცილებლად სავალალო შედეგს მივიღებთ”, - ამბობს ბურჯანაძე.
ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოშიუნდა განიხილებოდეს, ისურვებთ თუ არა ნატო-ში მიღებას, ისე, რომ მე-5 მუხლი დაფარავს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ასპექტი როგორც საქართველოში, ისე ნატო-ს შიგნით, ეს არის ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი. თუ ერთ დღეს ნატო გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატო-სგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, იმ შემტხვევაში თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია – როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, ისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერაა კონტროლირებადი, ამაზე თავად ალიანსმაც უნდა იმჯელოს“, – განაცხადა რასმუსენმა.