ENG / RUS       12+

ბირთვული სახელმწიფოები და მათი ბირთვული არსენალი

2019 წლის ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოში ბირთვული იარაღის რაოდენობა 13 865-ს აღწევს. ნათქვამია სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

ანგარიშს მიხედვით, წლევანდელი მონაცემები 600-ით ჩამორჩება გასული წლის მონაცემებს, მსოფლიოში ბირთვული იარაღის რაოდენობის შესახებ.

1980-იანი წლების შემდეგ, მსოფლიოში ბირთვული იარაღის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. იმ დროისთვის დაახლოებით 70 000-მდე ბირთვული იარაღი იყო აღრიცხული.

ბირთვულ იარაღს ფლობს ცხრა ქვეყანა: შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა.

როგორც სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის ანგარიშშია მითითებული, მსოფლიოში ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირება, ძირითადად, რუსეთსა და აშშ-ზე მოდის, რომლებიც ფლობენ მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის 90%-ზე მეტს.

ეს ორი ბირთვული სახელმწიფო, სტრატეგიული ბირთვული არსენალის შემცირებას განაგრძობს, თუმცა ამის კვალდაკვალ, ისინი არ წყვეტენ ბირთვული შეიარაღების დაფინანსების მზარდ დაფინანსებას.

ვინ რამდენ ბირთვულ ქობინს ფლობს

SIRPI

ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა 2018 წელს 10-დან 20-მდე ბირთვულ ქობინს ფლობდა. 2019 წლის მდგომარეობით კიმ ჩენ ინის რეჟიმის ხელში 20-30 ბირთვული ქობინია.

ისრაელი

ისრაელი 80-დან 90-მდე ბირთვულ ქობინს ფლობს, რაც გასული წლის მონაცემების იდენტურია.

ინდოეთი

ინდოეთის ბირთვული იარაღის საერთო ოდენობა: 130-დან 140-ს შორის მერყეობს. ისრაელის მსგავსად, ინდოეთის განკარგულებაში მყოფი ქობინების რაოდენობა, გასული წლის შემდეგ, არ გაზრდილა.

პაკისტანი

გასული წლის მონაცემებით, პაკისტანი 140-დან 150-მდე ბირთვულ ქობინს ფლობდა, რაც 2019 წელს მცირედით გაიზარდა და 150-160 შეადგინა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

2018 წელს ჩინეთს 280 ბირთვული ქობინი ჰქონდა, რაც მიმდინარე წელს მცირედით გაიზარდა და 290 შეადგინა.

დიდი ბრიტანეთი

2019 წლის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთი 200 ბირთვულ ქობინს ფლობს, რომელთაგან 120 გამოსაყენებლად არის განთავსებული. 2018 წელს ბრიტანეთი 215 ბირთვულ ქობინს ფლობდა.

საფრანგეთი

2019 წლის მონაცემებით, საფრანგეთი 300 ბირთვულ ქობინს ფლობს, რომელთაგან 280 გამოსაყენებლად არის განთავსებული. 2018 წელს საფრანგეთი იდენტური რაოდენობის ქობინებს განაგებდა.

ამერიკის შეერთებული შტატები

2019 წლის მონაცემებით, შეერთებული შტატები 6 185 ბირთვულ ქობინს ფლობს, რომელთაგან 1750 გამოსაყენებლად არის განთავსებული. გასულ წელს, შტატები 6 450 ქობინს ფლობდა.

რუსეთი

2019 წლის მონაცემებით, რუსეთი 6 500 ბირთვულ ქობინს ფლობს, რომელთაგან 1600 გამოსაყენებლად არის განთავსებული. გასულ წელს, რუსეთი 6 850 ქობინს ფლობდა.