ENG / RUS       12+

კონფლიქტები და კონფლიქტის რისკები სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის

თანამედროვე სამყაროში კონფლიქტები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. თუკი მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მაგალითზე ვიმსჯელებთ, კარგად ჩანს, რომ ეს საკითხი პრობლემურია ყველა ტიპის მმართველობაში და ყველგან ახდენს გავლენას სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე. თუმცა, კონფლიქტები განსაკუთრებით მწვავედ გადასატანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან აქ ისედაც მყიფე ინსტიტუტებს არაერთი მიმართულებით უქმნის საფრთხეს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდა რუსეთის, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის მიერ ამ სივრცეზე კონტროლის შენარჩუნების სურვილი, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდა რიგი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მისწრაფებებთან, მათ შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კონფლიქტები საქართველოში, რაც განსაკუთრებულად მგრძნობიარეა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

როდესაც კონფლიქტებზე ვსაუბრობთ, აქცენტი ორ საკითხზე კეთდება - ერთი არის არსებული კონფლიქტების, ე.წ. გაყინული კონფლიქტების თემა და მეორე, ახალი კონფლიქტების გაჩენის საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთ პრობლემას წარმოადგენს, მათ მაინც სხვადასხვა ასპექტები გააჩნია, რაზეც აუცილებელია  ყურადღების გამახვილება. ამიტომ ჩვენ მათ ცალცალკე განვიხილავთ.

 არსებული კონფლიქტები  და მათი გამწვავების საფრთხეები

პოსტსაბჭოთა სივრცეში სამხრეთ კავკასია იმით გამოირჩევა, რომ რეალურად პატარა გეოგრაფიულ სივრცეში სამი კონფლიქტია, რომელთა მოგვარება დღემდე ვერ ხერხდება და ამიტომაც ე.წ. გაყინულ კონფლიქტებად მიიჩნევა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ვითარება არ იცვლება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) კონფლიქტი რეალურად სხვა სტატუს-კვოში აღმოჩნდა, რაც ცხადია, ვითარებას ცვლის და კონფლიქტს უფრო ამწვავებს. მით უმეტეს, რომ რუსეთი პერიოდულად ცდილობს პრობლემების შექმნას ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევით, ადამიანების გატაცებით თუ სხვა მცდელობებით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ განისაზღვროს ის საფრთხეები, რაც ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით არსებობს, რადგან  სახელმწიფოს რეაგირება პოსტფაქტუმ არ დასჭირდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ადამიანისეულ უსაფრთხოებას (Human Security), რომელსაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლებად ექცევა ყურადღება, რადგანაც აქცენტი ძირითადად სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზეა გადატანილი.

კონფლიქტური ტერიტორიები რომ ოკუპირებულია, არის მოცემულობა და ცხადია, კონფლიქტის გაღვივებაშიც, შემდეგ გამწვავებაშიც და ბოლოს ოკუპაციით დასრულებაში არსებითი როლი რუსეთმა ითამაშა და ეს განსაკუთრებით ბოლო წლებშია აქცენტირებული. ის, რომ რუსეთის ქმედების საერთაშორისო აღიარება მოხდა, რა თქმა უნდა, სწორია და საქართველოს რუსეთთან მომგებიან პოზიციაში აყენებს. მაგრამ ამას თავისი პრობლემებიც აქვს, რადგან ეს კონფლიქტი რუსეთის მიერ კია პროვოცირებული და აქტიურად ხელშეწყობილი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პრობლემა მხოლოდ ამ დონეზე არ დაიყვანება და, თუკი მხოლოდ ამაზე  გაკეთდება აქცენტი, წინ ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება.

ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტებთან დაკავშირებით ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, სადაც საერთაშორისო აქტორებიც არიან ჩართული და ამ ფორმატს ამის გამო არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, პრობლემაა ის, რომ ამ ფორმატში რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილედ არ აღიარებს და მხოლოდ შუამავლის როლში გამოდის მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებას აღიარებული აქვს ამ ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთის მცდელობა, აირიდოს კონფლიქტის მონაწილის როლი და საერთაშორისო თანამეგობრობის გარკვეული პასიურობა, მნიშვნელოვნად აქვეითებს ამ ფორმატის ეფექტიანობას, რაც კონფლიქტის მოგვარებაზე ნეგატიურად აისახება.

ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს რუსულ ოკუპაციას, ეს ცალსახად დადებითი მომენტია და ცხადია, არც უნდა შეიცვალოს და ამიტომ ხდება მუდმივად სამოქალაქო სექტორის ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ არ შენელდეს რუსეთზე საერთაშორისო ზემოქმედება. როდის წაიღებს აღიარებას რუსეთი, ეს ცალკე განსახილველი თემაა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება კონფლიქტების მოგვარებაში. თუმცა, ამის პარალელურად არის მეორე საკითხიც. კონფლიქტებს, რუსეთის ინტერესების და ქმედებების გარდა, აქვს სხვა მასაზრდოებელი ფაქტორებიც - ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა, თავისი დაშვებული შეცდომებით და მოგვარების სურვილის არქონით, რაც ძალიან არსებითი ფაქტორია და, თუკი ეს საკითხი უკანა რიგში გადაიწევს, ცხადია, პრობლემის მოგვარების პერსპექტივაც შემცირდება. 

ყველა ტიპის კონფლიქტს აქვს თავისი მიზეზი და ფაქტია, რომ საქართველოში არსებულ კონფლიქტებს აქვს ეთნიკური საფუძველი. სხვა თემაა, ეს საკითხი რუსეთის მიერ როგორ იქნა და იქნება გამოყენებული, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი და პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ წლების განმავლობაში არ ჩანდა ამ პრობლემის მოგვარების სურვილი. აქ იგულისხმება ის, რომ მხოლოდ ერთი მხარის სურვილი და ქმედებები საკმარისი არ არის. აქ ორივე მხარის ჩართულობაა აუცილებელი და ეს მაშინაც კი ვერ მოხერხდა, როდესაც რუსეთი ფორმალურად მაინც შუამავლის როლს თამაშობდა და ახლა, როდესაც კრემლის პოლიტიკა რადიკალურად არის შეცვლილი და უკვე ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა ფორმალურად მაინც აქვს აღიარებული, ყველაზე მთავარი საფრთხე არის სწორედ ის, რომ არ შემცირდეს ეთნიკური ასპექტის მნიშვნელობა, რაზეც სულ უფრო ნელდება საუბარი და ფაქტობრივად, ამაზე არც არავინ საუბრობს, რომ  ორივე მხრიდან პრობლემის მოგვარების სურვილი გაჩნდეს.  

ის, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას აქვს თუნდაც მხოლოდ რუსული და თუნდაც მხოლოდ ფორმალური აღიარება, მათ აძლევს განცდას, რომ ქართულ მხარესთან სალაპარაკო არაფერი აქვთ, რაც ამ კონფლიქტებს უფრო მეტად ამწვავებს, ვიდრე სხვა ქვეყნის ანექსიაა. ეს ანექსია, ადრე თუ გვიან, დასრულდება და რუსეთში ვითარების შეცვლა გააჩენს ამ კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივასაც და ამ დროისთვის, მინიმუმ, ის მაინც უნდა არსებობდეს, რომ მხარეებს ერთმანეთთან სალაპარაკო ჰქონდეთ, რასაც უნდა დაეფუძნოს პრობლემის მოგვარების ორმხრივი სურვილი, რაც ამ კონფლიქტების არსებობის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა.

ამ პრობლემას კი შესაძლოა, ისიც ამძაფრებდეს, რომ დღეს ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს ერთმანეთთან პირისპირ საუბრის საშუალება არა აქვთ. აქ აუცილებელია, ჩატარდეს ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე კონფლიქტში ჩართულ დაინტერესებულ მხარეების ანალიზი, რომ გაირკვეს, ვინ უწყობს ხელს კონფლიქტის მხარეების დაახლოებას და ვინ პირიქით, ცდილობს მათ კიდევ უფრო დაშორიშორებას და დაპირისპირებას. ამიტომაც უპრიანია, დავიწყოთ ფიქრი ჟენევის ფორმატის პარალელურად პირდაპირი საუბრის გაჩენის შესაძლებლობებზე, რადგან დღეს საფრთხე არის ის, რომ არ მოხდეს კონფლიქტებში ეთნიკური ასპექტის დაკარგვა, რაც პერსპექტივაში ამ კონფლიქტების მოგვარების მთავარი ფაქტორი უნდა გახდეს. ამიტომაც აუცილებელია, რომ ხელისუფლება მხოლოდ საერთაშორისო დონეზე რუსეთის ფაქტორის შენარჩუნებაზე იყოს კონცენტრირებული და ამის პარალელურად უნდა დაიწყოს მუშაობა საერთო ინტერესების გაჩენაზე, თუნდაც ოკუპაციის პირობებში, რაც ადვილი არ არის, მაგრამ კონფლიქტის ხასიათიდან გამომდინარე, შედეგის მისაღწევად და რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელია.

            ახალი კონფლიქტების საფრთხე

კონფლიქტები რომ კრემლის პოლიტიკის ინსტრუმენტია, ამას თავად რუსეთის პოლიტიკა ადასტურებს და ამ შემთხვევაში ჩვენ სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებზე ვსაუბრობთ, რაც საქართველოსთან არის დაკავშირებული. არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სტატიის წინა ნაწილში ვისაუბრეთ, მაგრამ ეს საკითხი იმდენად პრობლემური არ არის, რაც ახალი კონფლიქტების გაჩენის საფრთხე. ამისთვის კი რამდენიმე არსებითი ფაქტორი არსებობს. პირველი ის, რომ არსებულმა კონფლიქტებმა, ფაქტობრივად, ამოწურა რუსეთისთვის სარგებლის მოტანის შესაძლობლობა და ამით რუსეთი იმაზე მეტ სარგებელს ვეღარ ნახავს, რაც აქამდე შეეძლო. სხვა თემაა, ამ თვალსაზრისით რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების აღიარება მათთვის შეცდომა იყო თუ არა, მაგრა ფაქტია, რომ ახლა რუსეთისთვის ეს აღარ არის საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტი იმ დოზით, როგორც ამას აღიარებამდე იყენებდა. ყველაზე მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც რუსეთს შეეძლო, იყო ამ ტერიტორიების აღიარება. დღეს აქ რუსეთის ფიზიკური თუ პოლიტიკური ყოფნა იმდენად მაქსიმალურია, ამ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენას თბილისთან სავაჭროდ ვეღარ გამოიყენებს. მეორე მხრივ კი, რუსეთისთვის კავკასიაში გავლენების შენარჩუნება აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ამიტომაც მისთვის შედარებით მარტივი ახალი კონფლიქტის გაღვივება და ამის ბერკეტად გამოყენებაა. ამ მხრივ კი საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ არსებობს არაერთი თემა, რომლის გამოყენებაც რუსეთს საკუთარი მიზნებისთვის შეუძლია, მით უმეტეს, როდესაც თანამედროვე ინფორმატიულ სამყაროში მცდარი ინფორმაციის გავრცელება ძალიან მარტივია.

ამ თვალსაზრისით ამის ყველაზე კარგი მაგალითია ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, სადაც რამდენჯერმე შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებითი კონფლიქტი გაჩნდეს, რაც ცხადია, რუსეთის ინტერესში შედის. განვითარებული პროცესების ანალიზი კი ცალსახად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ხდება ძალიან სენსიტიური თემის გამოყენება ე.წ. პატრიოტულ გრძობებზე სათამაშოდ, როდესაც რეალურად აღარ ხდება ცივი გონებით მსჯელობა და კონფლიქტის გაჩენისთვის ერთი ნაპერწკალიც საკმარისია.

გარდა ამისა, არის მთელი რიგი საკითხები, რაც საქართველოს მეზობლებთან ურთიერთობების გაფუჭებას ემსახურება, რომელიც მერე შესაძლოა, ძალიან მარტივად გადაიზარდოს კონფლიქტში. ასეთი კი, პირველ რიგში, ინტერესთა კონფლიქტის გაჩენა ან კონფლიქტის პროვოცირებაა, რაზეც რუსეთს მუშაობა, ისევ ცრუ ინფორმაციების მეშვეობით, დაწყებული აქვს. ამის მაგალითია პრორუსული მედიის მიერ ძალიან ხშირად იმ ინფორმაციების გავრცელება, რომ ევროკავშირი ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ მიდის და  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაც კი, რაც მეზობელი ქვეყნებისთვის უფრო მეტ შანსს აძლევს, მათთვის საფრთხის მომტანად არის განხილული.

ეს, ერთი შეხედვით უწყინარი, თუმცა, შინაარსით პროვოკაციული და სენსიტიურ თემებზე მიმართული ინფორმაციები (ე.წ. "ინფორმაციული კონფლიქტები“ და „ინფორმაციის მიზანმიმართული გაჟონვები“) კი რეალურად მოქმედებს რიგით ადამიანებზე და არ არის გამორიცხული, ადამიანებს შორის კონფლიქტი გააჩინოს იმის გამო, რომ მათ მიეწოდებათ ისე, თითქოს ეს მათი ქვეყნისთვის და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველია და მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ხელისუფლება ასეთ საკითხებზეც მუშაობდეს და მეზობლებთან კონფლიქტების გაჩენის შანსების მინიმიზაციას ახდენდეს, სადაც კი ეს შესაძლებელია.

ცხადია, ეს ისეთი საკითხია, სადაც ხელისუფლებასთან ერთად, მედიის და არასამთავრობო სექტორის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ინფორმაციის სწორად მიწოდებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იმ დროს კი, როდესც მედია, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ძირითადად ორიენტირებულია რეიტინგულ და მყვირალა თემებზე, ეს საკითხი შესაძლოა, მინიმუმ, ყურადღების მიღმა დარჩეს, რაც ფეიკნიუსების გავრცელებისთვის კარგ შანსს იძლევა. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ამ მიმართულებით მოხდეს სენსიტიური თემატიკის განსაზღვრა და შემდეგ უკვე სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის და მედიის ერთობლივი მუშაობა იმისთვის, რომ საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს სწორ ინფორმაციაზე და არ რჩებოდეს ინტერპრეტირების საშუალება არაჯანსაღი ინტერესების მქონე დაინტერესებული მხარეებისთვის.

ფაქტია, რომ დღეს ეს საკითხი სათანადოდ არ არის მოგვარებული და ვერ ემსახურება კონფლიქტების პრევენციას. უახლესი ისტორიის გამოცდილება აჩვენებს, რომ კონფლიქტების პრევენციის ეფექტური მექანიზმების შემუშავება და მისი ასახვა სათანადო სახელმწიფო პოლიტიკებში დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.  

რუსა მაჩაიძე