„ისრაელის სახლის“ მასპინძლობით, თბილისში იმყოფება ისრაელში მაღალრეიტინგული ტელეგადაცემის BEST IN THE WORLD-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით რეპორტაჟს ამზადებს. ამ პროექტში „ისრაელის სახლის“ ძირითადი პარტნიორია ჯონიტურსი. გადაცემის წამყვანია ისრაელში პოპულარული მსახიობი და მოდელი იარდენ ჰარელი.
გადამღებ ჯგუფს „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე მეგზურობს. პირველი გადაღება ისრაელის სახლის საქმიანობას, ტურიზმში ურთიერთობებს და ქართული ხალხურ პოლიფონიას მიეძღვნა. სპეციალურად გადაღებისთვის „ქართულმა ხმებმა“ ძველ თბილისში რამდენიმე სიმღერა შეასრულა. რეპორტაჟში თბილისის და მცხეთის ღირშესანიშნაობები მოხვდება. დაგეგმილია გადაღება ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ვინდამ გრანდშიც“, როგორც წარმატებული ინვესტიცია, რომლის ინიციატივაც ისრაელელ ინვესტორებს ეკუთვნის.
იციკ მოშეს თქმით, ტელეგადაცემის BEST IN THE WORLD -ს გადამღები ჯგუფი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ მიერ საქართველოს ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციას კამპანიის ფარგლებში იმყოფება. წელს განსაკუთრებული აქტივობის წყალობით, ისრაელიდან საქართველოში ტურისტთა რიცხვი, სავარაუდოდ, 30% გაიზრდება და 200.000 კაცს მიაღწევს. გაისად კი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბუნებასა და კულინარიის გარდა, აქცენტს გააკეთებს მდიდარ კულტურაზეც, რადგან ქვეყნის პოტენციალი ამ მხრივაც გამორჩეულია. „ეს იქნება სრულიად ახალი მიმართულება და მოიზიდავ მაღალი ბიუჯეტის მქონე ტურისტებს. ისრაელელების გარდა, ასათვისებელია მსოფლიო ებრაელობის სეგმენტიც, რომელიც, როგორც წესი, ძირითადად, კულტურული მემკვიდრეობითაა დაინტერესებული. ამ მხრივ, საქართველო საინტერესოა მათთვის, ვინაიდან აქ უკვე მესამე წელია, „ისრაელის სახლი“ ევროსაბჭოს ეგიდით ახორციელებს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის სერტიფიცირებულ მარშრუტს. ამას გარდა, „ისრაელის სახლი“ ცდილობს, საქართველოში გადმოიტანოს ისრაელთან დაკავშირებული ზოგიერთი საერთაშორისო ფორუმი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან მაღალბიუჯეტიან ვიზიტორთა რაოდენობას და ქვეყანასაც პოპულარიზაციას გაუწევს“, - აცხადებს იციკ მოშე.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“, საქართველოს ბიზნეს და ტურისტული პოტენციალის პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით 2020 წელს კიდევ უფრო გააქტიურებენ მუშაობას ისრაელის წამყვან პრესასთან. იციკ მოშეს მიაჩნია, რომ მაღალბიუჯეტიან ტურისტების მოსაზიდად აუცილებელია საქართველოს მთავრობის მონაწილეობით საპიარო აქციები. დაიგეგმება მედიატურებიც.