„პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი,“ - აღნიშნულის შესახებს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ეფექტური ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა გახსნა.
ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვით, ამოღებით, ჩხრეკით, ფარული საგამოძიებო მოქმედებით და სხვა ღონისძიებების შედეგად, მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, მათ შორის დღეის მდგომარეობით პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.
გამოძიებით დადგენილია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში.
უწყებამ ამ ეტაპისათვის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონი ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.