რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ციმბირსა და რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მძვინვარე ხანძრის ჩაქრობაში სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ იუწყება კრემლის პრესსამსახური.
პუტინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საგანგებო სიტუაციების მინისტრისგან მიიღო მოხსენება, რომ ციმბირში ხანძრის გავრცელების არეალი სულ უფრო და უფრო მზარდია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრასნოიარსკის მხარეში გაიგზავნება 10 თვითმფრინავი ილ-76 და 10 ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენი.
ამ დროისთვის, ხანძარმა დაახლოებით 3 მლნ ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. გარემოსდამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ეს „ეკოლოგიური კატასტროფაა“.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად არაფერს აკეთებს ხანძრის ჩასაქრობად.
დაახლოებით 700 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას გაატაროს ეფექტური ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება ხანძრის ლოკალიზებისკენ.
მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის ალექსანდრ უსის კომენტარმა, რომელმაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ ხანძარი ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა და მასთან ბრძოლა უაზრობაა.