დღეს, 18 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა კომენტარი გააკეთა რუსთავი ორთან დაკავშირებით.
რუსთავის ორი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დამოუკიდებელი პროდასავლური არხის არსებობა, ლავრომა შემდეგნაირად უპასუხა:
„მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოში იყოს პროქართული არხი“.
ამ ინფორმაციას საკუთარ ფესიბუკგვერდზე ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის უფროსი მარია ზახაროვა.
დღეს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომელიც აჩერებდა რუსთავი 2-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
თავის დროზე უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის შესახებ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო, რომელიც მოგვიანებით შეაჩერა სტრასბურგის სასამართლომ, დროებითი ღონისძიების სახით.
2017 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს დიდმა კოლეგიამ მოსარჩელეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 პროცენტი – შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.
სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ.