ENG / RUS       12+

მამუკა არეშიძე: რუსეთის მუქარა, რომ შესაძლოა ბორჩალომ და ჯავახეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ბედი გაიზიაროს, ვირტუალური იდეაა

რესპოდენტის შესახებ

ე. წ. რუსი სამშვიდობოების ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ ვრცელი წერილი გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ თუ ქართული მხარე ჩერქეზი ხალხის გენოციდს აღიარებს, ასეთ შემთხვევაში ბორჩალო (ქვემო ქართლი) და ჯავახეთი აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბედს გაიზიარებს. ამასთან, ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების შემთხვევაში, ჯავახეთისა და ბორჩალოს (ქვემო ქართლი) საკითხის წამოწევის გარდა, რუსეთი იმუქრება, რომ "საქართველოსთან ნებისმიერ თემაზე ყოველგვარი მოლაპარაკება გამოირიცხება". აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

_ ბატონო მამუკა, რამდენად რეალურია რუსული მხარის მუქარა, რომ შესაძლოა ბორჩალომ (ქვემო ქართლი) და ჯავახეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ბედი გაიზიაროს?

_ ეს არის ვირტულური იდეა, რომელიც კრემლში ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი არ აქვს. ყოველ ჯერზე ამაზეა ლაპარაკი მუდმივად. ამჯერად საუბარია მარტო ბორჩალოსა (ქვემო ქართლი) და ჯავახეთზე, მაგრამ უფრო პოპულარულია აჭარისა და სამეგრელოს ხსნება. ამ შემთხვევაში მხოლოდ პირველი ორია ნახსენები.

ვიდრე განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ბორჩალოს თემა გამორიცხულია. აზერბაიჯანზე, ერთი შეხედვით, ძალიან არის საქართველო დამოკიდებული. ამავე დროს, აზერბაიჯანსაც აქვს თავისი კონკრეტული ინტერესები ენერგომატარებლების სისტემაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. აქედან გამომდინარე, ორივე მხარე დელიკატურად უდგება თავისი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების მდგომარეობას ცალკე ქვემო ქართლში და ცალკე საინგილოში.

რაც შეეხება ჯავახეთს, რასაკვირველია, აქ მეტი გავლენა აქვს რუსეთს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯავახეთში დღემდე ცხოვრობენ ის ადამიანები, ვინც მუშაობდა რუსულ ბაზებში და სავარაუდოდ, მათზე გავლენა უნდა ჰქონდეთ. ასეთი კი ათას კაცზე მეტია. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება გარკვეული წარმატებით ფლობს იქ სიტუაციას, ასე რომ, ჯავახეთში "წყლის ამღვრევა" ასე იოლი და მარტივი არ არის. თუმცა, რასაკვირველია, რუსეთი შეიძლება ამას შეეცადოს.

_ პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღირება?

_ მე არ ვარ გენოციდის აღიარების მომხრე, თუნდაც იმიტომ, რომ ბუნებრივი შეკითხვა გაუჩნდებათ სომხებს, - თუ იმათი გენოციდი აღიარეთ, ჩვენი რატომ არა? სომხებს სერიოზული არგუმენტები უჭირავთ. მათი გენოციდის საკითხი საფრანგეთის პარლამენტმა აღიარა _ ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესმა ორგანომ.

ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით უხერხულ მდგომარეობაში. ვფიქრობ, ეს საკითხი გულისხმობს სერიოზული შესწავლის პროცესს. სიტყვა "გენოციდს" არ ვხმარობ - მე ვხმარობ შემდეგნაირ ფორმულირებას, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა: ეს არის ჩერქეზების, აფხაზებისა და სხვა ჩრდილოკავკასიელი ერების ტრაგედია, რაც მოხდა მე-19 საუკუნეში და რაც მოხდა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ არანაკლები ტრაგედია დაატყდათ ქართველ მუსულმანებს და იმ პერიოდში არანაკლები ქართველი მუსულმანი გაასახლეს საქართველოდან. ასე რომ, ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც კომპლექსურად უნდა იქნას შესწავლილი. საკითხის შესწავლის პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს ამ ტრაგედიის მიზეზებისა და შედეგების დაგენაზე და ჩერქეზი ხალხი იქნება, აფხაზი თუ ჩეჩენი, მორალური დაკმაყოფილება უნდა მიიღოს.

რაც შეეხება სიტყვა "გენოციდს", მისი ხმარება საფრთხილოა. ჯერ ერთი, სიტყვა "გენოციდი" შეიქმნა 1943 წელს და ტრაგედია უფრო მეტის მომცველია. იგი გულისხმობს ეთნოწმენდასაც, გენოციდის საკითხებსაც და სხვასაც. ამიტომ ჯობს, ამ შემთხვევაში ეს ტერმინი ვიხმაროთ, რადგან ის არ არის პოლიტიკური. პოლიტიკური ტერმინის გამოყენების შემთხვევაში გვექნება პრობლემები სომხეთთანაც, რუსეთთანაც და სხვებთანაც.

_ ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია ,ჯავახეთის საკითხმა წამოიწიოს?

_ რასაკვირველია, შეიძლება გაააქტიურონ. თუმცა თუ დასჭირდა რუსეთს ჯავახეთის საკითხის გააქტიურება, ჩერქეზების გენოციდის მიღების გარეშეც შეუძლია. ვიმეორებ, ძალიან გაუჭირდება, მაგრამ შეუძლია.

_ წერილში, რომელიც ე. წ. რუსი სამშვიდობოების ვებგვერდზე გამოქვეყნდა, საუბარია, რომ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ჩაშლა საქართველოს ინტერესებში შედის...

_ სოჭის ოლიმპიადის საკითხი საქართველოს ჩართვის გარეშეც აქტუალურია, რადგანაც ჩერქეზები აქტიურად აყენებენ ოლიმპიადის ჩატარების ფორმატის საკითხს. ისინი მიიჩნევენ, რომ ოლიმპიური ტრასების ნაწილი მათ წინაპართა საფლავებზე გადის, იგულისხმება "კრასნაია პოლიანას" ტერიტორია, სადაც სათხილამურო ტრასებია და ზოგიერთი სხვა. ჩერქეზები მიიჩნევენ, რომ ეს არის მათი ტერიტორია და ოლიმპიადის ჩატარების წინ პროცესის მიმდინარეობის შესახებ მათ უნდა მოელაპარაკონ.

ბუნებრივია, ჩერქეზების აზრი არავინ არაფრად ჩააგდო. ასე რომ, ამ მხრივ რუსეთს პრობლემები ისედაც შეექმნა, მით უმეტეს, რომ მთელი ევროპულ-ამერიკული და ზოგიერთი აზიური ქვეყნის დიასპორა, თურქეთის გარდა, დარაზმულია ამ ოლიმპიადის წინააღმდეგ.

ასე რომ, ეს ისედაც პრობლემატური საკითხია და საქართველოზე გადმობრალება ბოლომდე არ იქნება მართებული. ვფიქრობ, ეს პრობლემა, პირველ ყოვლისა, რუსეთმა თვითონვე უნდა მოაგვაროს, თუ ოლიმპიადის ნორმალურად ჩატარება უნდა.

_ თუ სოჭის ოლიმპიადა ჩატარდა, რუსულ მხარე მიიჩნევს, რომ ეს კავკასიაში რუსეთის ქმედების ირიბ მხარდაჭერად აღიქმება...

_ ეს ცოტა რთული სათქმელია. ჩინეთში ჩატარდა ოლიმპიადა. მაშინ გამოვიდა, რომ მსოფლიო ტიბეტში ჩინეთის საქმიანობას მხარს უჭერს?! ეს ასე არ არის. ეს ნონსენსია. მართალია, რუსებს აქვთ არგუმენტი, რომ ჩინეთის ოლიმპიადა ტიბეტის ტერიტორიაზე არ ჩატარებულა, აქ კი სხვა სიტუაციაა: სოჭის ოლიმპიადა ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩერქეზულ მიწებზე ტარდება. ეს არის სულ სხვა პოლიტიკური მოვლენა, რომელსაც სხვა წინაპირობა აქვს. არა მგონია, ამ ოლიმპიადამ ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ბუნებრივია, ტერორისტულ აქტებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ საპროტესტო გამოსვლებს. ეს ოლიმპიადა რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერად არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ ღონისძიება, იმიტომ, რომ როდესაც მოსკოვისა და ლოს ანჯელესის ოლიმპიადები სანახევროდ ჩაიშალა, ამან მსოფლიო სპორტის მოძრაობას ცუდის მეტი არაფერი მოუტანა, ამიტომ მოერიდებიან ამ ოლიმპიადის ჩაშლას.

_ საქართველოს ხელისუფლებამ სოჭის ოლიმპიადისთვის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ინერტული მასალის უკანონო გატანა არაერთხელ გააპროტესტა. როგორ ფიქრობთ, შეუძლია ამ ფაქტს 2014 წლის ოლიმპიადაზე გავლენის მოხდენა?

_ საქართველოს ხელისუფლების ორიენტირი არ უნდა იყოს ოლიმპიადის ჩაშლა, რადგან ეს არ არის სწორი მიდგომა და მსოფლიო საზოგადოება ამას მართებულად ვერ გაიგებს. საქართველოს ორიენტირი შეიძლება იყოს მხოლოდ ჩერქეზი, კავკასიელები ხალხების მხარდაჭერა მათი კანონიერი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მომგებიანი და სწორი იქნება არა სიტუაციის არევა საქართველოში, არამდე ჩერქეზების გარკვეული პრეტენზიების დაკმაყოფილება. ეს მათ ხელეწიფებათ. თუნდაც საკანონმდებლო დონეზე აღიარება, რაც მოხდა მე-19 საუკუნეში. რუსეთის ხელისუფლებას ეშინია, რომ თუ ის აღიარებს ჩერქეზი ხალხის ტრაგედიას, მათ^ფინასური პრეტენზიები გაუჩნდებათ, მაგალითად, კომპენსაციის თვალსაზრისით, მაგრამ რუსეთი დიდი სახელმწიფოა და ამას უნდა შეეგუოს. ახლა რა გამოდის, რუსეთს არ უნდა თავის შეცდომები აღიაროს და სხვა ქვეყანას ებრძვის?! ეს არის ნონსენსი.

_ რუსეთი იმუქრება, რომ "საქართველოსთან ნებისმიერ თემაზე ყოველგვარი მოლაპარაკება გამოირიცხება"...

_ თუ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ბეჭედი დასვა და რუსეთ-საქართველოს შორის ომი იწყება, რაც ჩვენ ხელს არ გვაძლევს. ჩვენთვის ხელსაყრელია პროცესი. მთელი ეს პროცესი, ნელ ცეცხლზე შემოდგმული, მუდმივად უნდა იყოს. რუსეთი უნდა ეხედავდეს უსიამოვნო ნიშნებს, იმპულსებს საქართველოდან, რომ მათ რეაგირება მოახდინოს ჩერქეზების სასარგებლოდ.

თუ ჩვენ პოლიტიკურ ბეჭედს დავსვამთ, უნდა გავაჩაღოთ ომი რუსეთთან, თუნდაც საინფორმაციო. ამით რას მოვიგებთ? ვერაფერს, გარდა იმისა, რომ კიდევ სხვა ერები _ სომხები, ქურთები _ თავიანთი გენოციდის აღიარებას მოგვთხოვენ. ეს არის ძალიან საეჭვო პროცესი და ჩემთვის მიუღებელია.

ქედს ვიხრი იმ ტკივილის წინაშე, რომელიც განიცადა ჩერქეზმა ხალხმა, ინგუშებმა, ჩეჩნებმა, აფხაზებმა, მაგრამ აუცილებელია, ამას მივცეთ სხვა შეფასება და არა პოლიტიკური: დავეხმაროთ მათ, მიაღწიონ მიზანს, რომ რუსეთმა მათი პრობლემების განხილვა დაიწყოს.

ესაუბრა თამარ მამუკაშვილი, "ჯი-ეიჩ-ენი"

 

 

ავტორი: . .