ENG/RUS

ვინ გახდება დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი

1059-დღიანი მმართველობის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, დღეს მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერობა დატოვა.

ტერეზა მეი პრემიერად მანამდე დარჩება, ვიდრე პარტია მის მემკვიდრეს არ აირჩევს.

ვნახოთ რატომ ტოვებს ტერეზა მეი პოსტს და რა მოხდება მომავალში დიდ ბრიტანეთში?

რატომ გადადგა ტერეზა მეი?

პრემიერ-მინისტრის რანგში მოღვაწეობის განმავლობაში ტერეზა მეიმ ვერ შეასრულა მისი მთავარი მოვალეობა - ბრექსიტი.

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 53%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის გასვლას ევროკავშირიდან.

2,5 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა მოამზადეს ერთობლივი დოკუმენტი, თუ როგორ განხორციელდებოდა ბრექსიტი.

თუმცა ზოგიერთი კონსერვატორი პარლამენტარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ბრექსიტის დოკუმენტი და ამის გამო მთავრობის რამდენიმე წევრმაც კი დატოვა კაბინეტი.

მთავარი უთანხმოება, რასაც ბრიტანელები ბრექსიტის დოკუმენტში აწყდებოდნენ იყო ირლანდიის საზღვართან დაკავშირებული საკითხი. ბრექსიტის დოკუმენტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სასაზღვრო პუნქტები არ უნდა შექმნილიყო.

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილი ბრექსიტის დოკუმენტი სამჯერ ჩავარდა.

 

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 31 ოქტომბრამდე გადაიდო.

ვის სურს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობა?

რბოლა დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში განთავსებული პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის დასაკავებლად უკვე დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატობის ფავორიტად მიიჩნევენ ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრსა და ლონდონის მერს ბორის ჯონსონს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯონსონი აუცილებლად გახდება პრემიერ-მინისტრი.

ბორის ჯონსონის გარდა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას კიდევ 10 კანდიდატი ცდილობს, მათ შორის ორი ქალი.

ვინ ირჩევს მომავალ ლიდერს?

გამარჯვებულ კანდიდატს სჭირდება, როგორც კონსერვატორი პარლამენტის წევრების ასევე პარტიის წევრების მხარდაჭერა.

ლიდერის პოსტზე ნომინირებისთვის აუცილებელია 8 თანაპარტიელის ხელმოწერა.

13 ივნისს საპარლამენტო ფრაქციის წევრები კენჭისყრის პირველ რაუნდს გამართავენ, შემდეგი რაუნდები 18, 19 და 20 ივნისს გაიმართება.

შემდეგ ეტაპზე კი, კენჭისყრაში მონაწილეობას ორი პრეტენდენტი მიიღებს.

საბოლოო არჩევანი კონსერვატიული პარტიის წევრებმა უნდა გააკეთონ.

ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 22 ივლისის კვირაში გახდება ცნობილი.

ჩატარდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები?

ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია.

მაგრამ, შესაძლოა, ახალმა პრემიერ-მინისტრმა საჭიროდ ჩათვალოს ამომრჩევლების მხრიდან ხელახალი ნდობის გამოცხადება.

საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრისგან პარლამენტს წარედგინება შესაბამისი კანონპროექტი. გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტართა ორი მესამედის თანხმობაა საჭირო.

და კვლავ ბრექსიტი

მიუხედავად ტერეზა მეის გადადგომისა, ბრექსიტის პრობლემა ჯერ კიდევ შორს დგას გადაჭრისგან.

არის რამდენიმე გამოსავალი.

კიდევ ერთხელ წარედგინოს პარლამენტს ტერეზა მეის მიერ მომზადებული ბრექსიტის შეთანხმება, რომელსაც მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი რორი სტიუარტი - კონსერვატიული პარტიის წევრი, საერთაშორისო განვითარების მდივანი.

მეორე ვარიანტი არის ევროკავშირთან ბრექსიტის მოლაპარაკებების განახლება. ეს არის ის, რასაც ლიდერობის მსურველთა უმრავლესობა იმედოვნებს, მაგრამ ევროკავშირმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს ბრიტანეთთან ბრექსიტის მოლაპარაკებების განახლებას.

აღსანიშნავია, რომ არ არსებობს გარანტია, თუ ახალი პრემიერ-მინისტრი მოახერხებს ევროკავშირთან ახალი შეთანხმების მიღწევას, მისი დამტკიცება პარლამენტმა 31 ოქტომბრამდე მოასწროს.

ბორის ჯონსონის თქმით, კი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე 31 ოქტომბერს დატოვებს.

მესამე ვარიანტის მიხედვით, ბრიტანეთმა უნდა დატოვოს ევროკავშირი შეთანხმების გარეშე და დაუყოვნებლივ გაწყვიტოს კავშირი გაერთიანებასთან. მაგრამ ამ ვარიანტს ეწინააღმდეგებიან პარლამენტარების უმრავლესობაში.

კიდევ ერთი ვარიანტის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაინიშნოს კიდევ ერთი რეფერენდუმი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების თაობაზე. თუმცა დეპუტატები არც ამ იდეის სულისკვეთებას იზიარებენ.

დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები!