ENG / RUS

არც კეთილი და არც ნაზი მასთან არ ვყოფილვარ - ანა ახმატოვასა და ამადეო მოდილიანის სიყვარულის ისტორია

ანა ახმატოვა და ამადეო მოდილიანი

 

არც კეთილი და არც ნაზი მასთან არ ვყოფილვარ

 

ანა ახმატოვას თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარდა. ანას რომანების შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი მხოლოდ მისი მეგობრებისგან გახდა. ხშირად პოეტი თავის ლექსებში ამჟღავნებდა საყვარელი მამაკაცების მიმართ თავის გრძნობებს. და მხოლოდ ერთმა ისტორიამ, რომელიც მას ახალგაზრდობაში გადახდა, როდესაც ოცი წლის იყო, გააჩინა ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხის გაცემა დღემდე არავის შეუძლია.

ახმატოვა საგულდაგულოდ მალავდა ამ სიყვარულის ისტორიას და მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს ფრთხილად ახადა ფარდა სათუთ გრძნობებს იტალიელი მხატვრის ამადეო მოდილიანის მიმართ.

ებრაული წარმოშობის იტალიელი მოდილიანი პარიზში 1906 წელს გადავიდა, რათა ფრანგ ფერმწერებთან სამხატვრო ოსტატობის გაკვეთილები მიეღო და ფართო საზოგადოებისათვის ახალგაზრდა, ნიჭიერ მხატვრად გაეცნო თავი. მოდილიანი ყველასთვის უცნობი და ღარიბი იყო. მისი სახე კი გამოხატავდა ისეთ უზრუნველობასა და სიმშვიდეს, რომ ახმატოვას ის უცნაური, მისთვის გაუგებარი და ამოუცნობი სამყაროს მკვიდრი ეგონა.

დახვეწილი, არისტოკრატული გარეგნობის, მგრძნობიარე ამადეო გამოირჩეოდა განსაკუთრებული ექსტრავაგანტურობით, რაც რუს გოგონას მაშინვე თვალში მოხვდა. ის იხსენებდა, რომ პირველი შეხვედრისას მოდილიანის ეცვა ყვითელი ველვეტის შარვალი და კაშკაშა ასეთივე ფერის ქურთუკი.

ის ერთი შეხედვით სასაცილო იყო, თუმცა მხატვარი ისე დახვეწილად გადმოსცემდა საკუთარ თავს, რომ ანას სიმპატიურ და ელეგანტურ მამაკაცად ეჩვენა, რომელიც ჩაცმული იყო პარიზული მოდის უძვირფასეს სამოსში. მაშინ მოდილიანი 26 წლის იყო, ანა ოცის. ამ შეხვედრამდე ერთი თვით ადრე 1910 წლის გაზაფხულზე ახმატოვა დაინიშნა პოეტ ნიკოლაი გუმილიოვზე. რის შემდეგაც შეყვარებულები პარიზში გაემგზავრნენ.

მოდილიანი ახმატოვას საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში შეხვდა. ამბობდნენ, რომ პოეტი ისეთი ლამაზი იყო, რომ ქუჩაში გამვლელები თვალს არ აშორებდნენ, უცნობი მამაკაცები კი მოურიდებლად ხმამაღლა გამოთქვამდნენ მის მიმართ აღტაცებას.

მე ვიყავი უბრალოდ უცხო, ალბათ არც თუ ისე გასაგები... უცხოელი ქალი, - იხსენებდა შემდეგ პოეტი.

მხატვარმა ახმატოვას მორიდებით სთხოვა მისი პორტრეტის დახატვა. ისიც დათანხმდა. ასე დაიწყო ვნებიანი, მაგრამ ხანმოკლე სიყვარულის ისტორია.

პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ ახმატოვა ლექსების წერას განაგრძობდა. მან ისტორიულ-ლიტერატურულ კურსებზე ჩააბარა, მისი ქმარი ნიკოლაი გუმილიოვი კი სექტემბერში დასაწყისში აფრიკაში გაემგზავრა, სადაც გაზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო.

ახალგაზრდა ცოლი თავს მარტოსულად გრძნობდა და თითქოს მის აზრებს კითხულობდა, პარიზელმა ამადეომ მას ვნებიანი წერილი გაუგზავნა, სადაც გამოუტყდა რომ მისი დავიწყება არ შეუძლია და მასთან ახალ შეხვედრაზე ოცნებობდა.

წერილები გახშირდა და ყოველ მათგანში მოდილიანი სიყვარულს ეფიცებოდა.

მაგრამ ანა მეგობრებისგან, რომლებიც პარიზში იმყოფებოდნენ, იგებდა, რომ დედო (ასე ეძახდნენ მოდილიანის მეგობრები), ღვინოსა და ნარკოტიკებს მიეძალა.

მხატვარს სიღარიბე და უიმედობა სტანჯავდა. რუსი გოგონა კი რომელიც ასე ძლიერად შეიჭრა მის ცხოვრებაში, შორეულ, უცხო და მისთვის გაუგებარ ქვეყანაში რჩებოდა. 

1911 წლის მარტში გუმილიოვი აფრიკიდან დაბრუნდა. მალე ცოლ-ქმარმა სერიოზულად იჩხუბა. განაწყენებული ახმატოვა, რომელსაც პარიზელი თაყვანისმცემელი გაახსენდა, მოულოდნელად საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც სამ თვეს დარჩა.

ანამ ამადეო სრულიად სხვაგვარად დაინახა. ის გამხდარი, ფერკმრთალი, სმისა და უძილო ღამეებისგან გატეხილი იყო. დედო რამდენიმე წლით დაბერებული ჩანდა. მას წვერი ჰქონდა მოშვებული და ბერიკაცს ჰგავდა.

თუმცა ანა ახმატოვასთვის ვნებიანი იტალიელი სამყაროს ულამაზეს მამაკაცად რჩებოდა. ის, როგორც ადრე წვავდა გამჭოლი მომნუსხველი მზერით. მოდილიანიმ ანას დაუვიწყარი დღეები აჩუქა, რომლებიც მასთან მთელი ცხოვრება დარჩა. 

რამდენიმე წლის შემდეგ ანა იხსენებდა, რომ მხატვარი ისეთი ღატაკი იყო, რომ მას ვერსად პატიჟებდა და მთელს ქალაქში ფეხით დაატარებდა.

ისინი ხშირად შედიოდნენ მათთვის საყვარელ ლუქსემბურგის ბაღში, სადაც საათობით ისხდნენ სკამზე. სეირნობდნენ ღამის პარიზში ძველ, ბნელ ქუჩებში. ერთხელ ამ ქუჩებში ხეტიალისას გზა აებნათ და მხატვრის სახელოსნოში მხოლოდ გათენებისას მივიდნენ.

პატარა, ტილოებით სავსე ოთახში ახმატოვა მხატვრისთვის პოზირებდა.

ახმატოვა იხსენებდა, რომ მაშინ მოდილიანმა ათზე მეტი მისი პორტრეტი დახატა, რომლებიც შემდეგ ხანძრის დროს დაიწვა, თუმცა დღემდე ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ ახმატოვამ ეს პორტრეტები დამალა, რადგან არ სურდა ისინი მსოფლიოს ენახა.

შესაძლოა, ანას ეშინოდა, რომ ეს ნახატები მათი ურთიერთობის შესახებ სიმართლეს გაამხელდნენ.

მრავალი წლის შემდეგ მხატვრის ნამუშევრებს შორის აღმოაჩინეს შიშველი ქალის პორტრეტი, რომელიც ძალიან ჰგავდა რუს პოეტ ქალს.

ეს ნახატები მოდილიანისა და ახმატოვას სიყვარულის დადასტურებად იქცნენ. ეს ორი არსება შესაძლოა საუკუნოდ ერთად დარჩენილიყო, მაგრამ ბედმა ისინი ერთმანეთს სამუდამოდ დააშორა.

მაგრამ იმ წელს შეყვარებულები არ ფიქრობდნენ განშორებაზე. ისინი ერთმანეთით ტკბებოდნენ, ის - მარტოსული და ღატაკი იტალიელი მხატვარი და გათხოვილი რუსი ქალი. დღისით მოდილიანს ანა მუზეუმებში დაჰყავდა, განსაკუთრებით ხშირად სტუმრობდნენ ლუვრის ეგვიპტურ სარდაფს.

ამადეო დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ ეგვიპტური ხელოვნება წარმოადგენდა ნამდვილ ღირშესანიშნაობას. მხატვარი უარყოფდა ფერწერის სხვა მიმდინარეობებს.

ანას ის გამოსახავდა ეგვიპტელი დედოფლებისა და მოცეკვავეების სამოსში. შეყვარებულები გამოდიოდნენ სახელოსნოდან და ღია ცის ქვეშ გათენებამდე სეირნობდნენ.

როგორც შემდეგ ახმატოვა იხსენებდა, იმ დღეებში თავსხმა წვიმები იყო. მზრუნველ დედოს ყოველთვის ჰქონდა შავი ქოლგა, რომელსაც წვიმის დროს ანას აფარებდა, თითქოს ყველანაირი საფრთხისგან იცავდა.

იმ წუთებისთვის ანასათვის არსებობდა მხოლოდ ის - მისი უცნაური მეგობარი, რომელიც პატარა ბავშვს ჰგავდა, სასაცილო რომანტიკოსი, რომელიც არამიწიერ სამყაროს აღმერთებდა. 

ანას არასდროს უნახავს მთვრალი მოდილიანი. მხოლოდ ერთხელ ჰაშიშის ზემოქმედების ქვეშ იწვა ის საწოლზე და ანას ხელი ეჭირა და დაბნეულად, არეული გონებადანისლული იმეორებდა: „იყავი კეთილი, იყავი ნაზი“. „მაგრამ არც კეთილი და არც ნაზი მასთან არ ვყოფილვარ“, - აღნიშნავდა შემდეგ ანა.

როდესაც ახმატოვა პარიზს ტოვებდა მასთან დამშვიდობებისას მხატვარმა გადასცა ნახატები, რომლბეზც ეწერა: „მოდი“. ფრანგულად ეს „დაწყევლილს“ ნიშნავდა. მადეო ანას სთხოვდა ეს ნახატები რუსეთში თავისი ოთახის კედლებზე დაეკიდა, მაგრამ ანამ იტალიელი მხატვრის ნახატები საიმედო ადგილას დამალა. მხოლოდ მოდილიანის ერთადერთი ნამუშევარი ეკიდა სიცოცხლის ბოლომდე მისი საწოლის თავზე.

„მათი ბოლო შეხვედრიდან ცხრა წელი გავიდა. ახმატოვა ლექსების წერას განაგრძობდა, მან სახელი გაითქვა. ანას ზოგიერთ ლექსში ჩანდა პარიზისა და ამადეოს სევდიანი მონატრება.

სიცოცხლის ბოლომდე პოეტი ამტკიცებდა, რომ მის შემოქმედებაში არ არსებობდა მოდილიანისადმი მიძღვნილი არცერთი ლექსი.

ასე იყო თუ არა დღეს ძნელი სათქმელია. დედო კი ქალებს კვლავ ხვდებოდა, ის ცდილობდა მათ შორის თავისი მუზა ეპოვა. მის სახელოსნოში რამდენიმე დღის განმავლობაში კვალვ ცხოვრობდნენ იაფასიანი კაბარეს მოცეკვავეები, ბორდელის მეძავები და ქუჩის ქალები.

ამადეომ კვლავ სმას მიჰყო ხელი და ყურადღებას არ აქცევდა თავის გაუარესებულ ჯანმრთელობას. მას „უსახლკარო მაწანწალას“, „დონჟუანსა და გულთამპყობელს“ ეძახდნენ.

ამადეო მღელვარე, აღვირახსნილი ცხოვრების წესს მისდევდა. თითქოს სურდა რაც შეიძლებოდა მალე მომკვდარიყო. ღამით ფერწასული, წვერმოშვებული შავთმიანი ახალგაზრდა კაცი თავზე ირგებდა შავ ქუდს და პარიზის ქუჩებში დაეხეტებოდა. შესაძლოა სწორედ იმ დროს იხსენებდა ამოუცნობი რუსს გოგონას, რომელიც მას მისთვის გაუგებარ ენაზე შექმნილ ლექსებს უკითხავდა.

1914 წელს მოდილიანიმ გაიცნო მდიდარი ინგლისელი ქალი ბეატრის ჰასტინგსი, რომელიც მასზე ხუთი წლით იყო უფროსი და ძალიან უყვარდა მხატვარი.

მათი რომანი ვნებიანი, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ ბეატრისს მოსწყინდა მთვრალი ამადეოს ატანა და მისგან წავიდა.

ერთი წლის შემდეგ მხატვარი გაიტაცა ოცი წლის ჟანა ებიუტერნის სიყვარულმა. მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს. 1918 წლის შემოდგომაზე ჟანამ გოგონა გააჩინა. მხატვარი ბედნიერი იყო. ბოლოსდაბოლოს მან მოიპოვა ოჯახი და დიდი ხნის ნანატრი სიმშვიდე. მაგრამ მას ძალა დღითიდღე ელეოდა.

1919 წლის ბოლოს მოდილიანი გაცივდა და ერთი თვის შემდეგ მოკვდა.

დარდისგან ჭკუიდან გადასულმა ბეატრისმა, რომელიც მეორე ბავშვზე რვა თვის ორსული იყო, საყვარელი კაცის სიკვდილი ვერ გადაიტანა. 

ის მეორე დღეს ფანჯრიდან გადახტა, რადგან ამ ქვეყნიდან წასვლა ამადეოსთან ერთად სურდა.

ანა ახმატოვამ ცნობა მოდილიანის გარდაცვალების შესახებ შემთხვევით შეიტყო. ის 1920 წლის იანვრის ერთ საღამოს ევროპულ ჟურნალს ათვალიერებდა, სადაც თვალი მოჰკრა პატარა ნეკროლოგს, რომელიც უნიჭიერესი მხატვრის სიკვდილის შესახებ იუწყებოდა.

ამადეო მოდილიანის ქალიშვილმა წლების შემდეგ დაწერა წიგნი მამაზე, სადაც აღწერდა მის ცხოვრებას  და სხვადსახვა ქალთან მის ათობით რომანს.

ის ახსენებდა ყველა ქალს, რომელთა მიმართაც მამამისი ძლიერ გრძნობას განიცდიდა.

ამ წიგნში მხოლოდ ახმატოვაზე არაფერია ნათქვამი. შესაძლოა მხატვარს, ისევე როგორც პოეტს არ სურდა გაეხმაურებინა მათი უცნაური და უჩვეულო რომანი.

1922 წელს მსოფლიომ მოდილიანი დიდებულ მხატვრად აღიარა. დღეს მისი ნახატები აუქციონებზე მილიონობით დოლარი ღირს.

1960-იანი წლების დასაწყისში ახმატოვამ მაინც გადაწყვიტა იტალიელ მხატვართან შეხვედრის შესახებ მოგონებები დაეწერა. ის იხსენებდა ხანმოკლე, მაგრამ დიდ სიყვარულს.

„ყველაფერი, რაც ხდებოდა, ორივესთვის ჩვენი ცხოვრების წინასიტყვაობა იყო: მისი ძალიან მოკლე და ჩემი ძალიან გრძელი ცხოვრების“- წერდა ანა. ახმატოვა აღარ უარყოფდა ამადეოსადმი თავის სიყვარულს. პოეტი 1966 წლის 5 მარტს გარდაიცვალა.

1990-იანი წლების დასაწყისში იტალიაში ამადეო მოდილიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დამთვალიერებლებმა ას ნახატს შორის აღმოაჩინეს ლამაზი, ახალგაზრდა, შავთმიანი გოგონას თორმეტი გამოსახულება. ეს ანა ახმატოვას პორტრეტები იყო.

© მოამზადა მაკა სვიმონიშვილმა, "ჯი-ეიჩ-ენი"