საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი.
ღონისძიებები 13:00 საათზე დაიწყება და 22:30 საათამდე გაგრძელდება.
მემედ აბაშიძის გამზირზე გაიმართება ქართული ბაზარი, სადაც გამოფენილი იქნება ხელნაკეთი აქსესუარები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი ნაწარმი. მოეწყობა ნობელების მუზეუმის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის ექსპონატების გამოფენა.
საბავშვო კუთხეში გაიმართება სპორტული და მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები, თემატური თამაშები, სახეზე მოხატვა. საბავშვო კუთხე მორთული იქნება ბუშტებითა და დროშებით. ღონისძიებას გააფორმებენ ზღაპრის გმირები.
რაც შეეხება საკონცერტო პროგრამას, ევროპის მოედანზე არსებულ სცენაზე მაყურებლის წინაშე წარდგებიან კახაბერი და ხანუმები, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო ბედია, აჩიკო ნიჟარაძე, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, აჩიკო გოგიტიძე, მორის მელაძე, ავთო აბესლამიძე, ვაჟა ტუღუში, გიორგი დიასამიძე, ასევე, ჯგუფები “რესპექთ“, “ეროუ“, “4 up” და “ლურჯი იალქანი“.
ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით.