იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, 2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება, გაიზრდება მისი უსაფრთხოება და მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის კიდევ უფრო შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის რისკებს.
მან აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა უკვე შეაფასეს დადებითად შენგენის ზონის ქვეყნების შესაბამისმა უწყებებმა.
წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობისა და პირადად იუსტიციის მინისტრის მიერ საჯარო და სატელევიზიო გამოსვლებში ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნება, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს დასაქმებას ან თავშესაფრის მოთხოვნას ევროკავშირის ქვეყნებში და ასეთი ქმედება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარ მონაპოვარს − უვიზო მიმოსვლას ევროპის ქვეყნებთან.
„ამასთან, საქართველოს ყველა მოქალაქე 2015 წლიდან დღემდე პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღებისას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში იუსტიციის სამინისტროსგან იღებს სპეციალურ ბროშურას, სადაც დეტალურადაა განმარტებული, თუ როგორია უვიზო მიმოსვლის წესები. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც ეხმარება მოქალაქეს, აკონტროლოს, თუ რამდენი დღე გაატარა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ, რათა არ დაარღვიოს ევროკავშირში კანონიერად ყოფნის წესები (აღნიშნული აპლიკაცია შექმნის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა)“, - განაცხადა წულუკიანიმა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ამ წლების განმავლობაში ყველა შესაძლო შემთხვევას იყენებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, რომელთა შორისაა პირისპირ შეხვედრები როგორც დედაქალაქში, ისე საზოგადოებრივ ცენტრებში რეგიონის მოსახლეობასთან. ისეთ ეროვნულ დღესასწაულზე, როგორიცაა 26 მაისი, უკვე წლებია, იუსტიციის სამინისტრო ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად ინსტალაციებსა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს იყენებს.
„ამჯერადაც, 2019 წლის 26 მაისს, რომლის მთავარი თემაა „გააზიარე ცოდნა“, იუსტიციის სამინისტრო გორში უმასპინძლებს სადღესასწაულო ღონისძიებებს და გეგმავს სპეციალური მასშტაბური პავილიონის აგებას (თვითმფრინავის, მოცდის დარბაზის, საპასპორტო კონტროლის და სხვა ინსტალაციების გამოყენებით), რომლის მთავარი თემაა „გააზიარე ცოდნა ევროპაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ“, - თქვა წულუკიანმა.