ENG/RUS

რომი შნაიდერი და ალენ დელონი

დღე, როდესაც შენ აღარ გენდობი, ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი იქნება

სიყვარულის ეს ისტორია ნამდვილსა და გულწრფელს ჰგავდა, მაგრამ ევროპელი ვარსკვლავების იდეალურმა რომანმა ვერ გაუძლო დიდების გამოცდასა და ამბიციებს. რომი შნაიდერის ცხოვრება ბედნიერებითა და კეთილდღეობით ბრწყინავდა. და მაშინ მისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო, რა კოშმარად ექცეოდა მას ცხოვრება.

რომი შნაიდერმა და ალენ დელონმა ერთმანეთი ფილმ „კრისტინას“ გადაღებებზე, 1958 წელს გაიცნეს. იმ დროს ავსტრიელ, ევროპული კინოს ვარსკვლავსა და არისტოკრატი მსახიობების ცნობილი დინასტიის მემკვიდრეს უკვე ის სტატუსი ჰქონდა, რომ საკუთარი თავისთვის პარტნიორების არჩევანის უფლება მიეცა. მისი არჩევანი ყველასთვის უცნობ ფრანგ მსახიობზე შეჩერდა. სიყვარული ერთი ნახვით არ ყოფილა. კარგად აღზრდილი და ინტელიგენტი რომი კოლეგას ზედმეტად ახალგაზრდად მიაჩნდა. ალენს პარტნიორი მომხიბვლელად არ ეჩვენებოდა.

მათი რომანი ყველასთვის მოულოდნელად დაიწყო, რადგან მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. ალენი ცინიკური, სასტიკი და ღარიბი ოჯახიდან გამოსული უპერსპექტივო ახალგაზრდა იყო, რომი კი - ინტელიგენტი გოგონა კარგი ოჯახიდან. რომი ვნებამ ისე გაიტაცა, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად პარიზში გაემგზავრა. მისი პრინციპები, ცხოვრების წესი, ოჯახსა და ბავშვებზე ოცნება დელონში დამამცირებელ სიცილს იწვევდა. ალენი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ის თავისუფალი იყო ყოველგვარი ვალდებულებისა და მოვალეობისგან. მათ ერთმანეთისკენ რაღაც გაურკვეველი ძალა იზიდავდა, მაგრამ ჰარმონია, ურთიერთგაგება და პატივისცემა ამ ურთიერთობაში არასდროს ყოფილა.

დელონი საკმაოდ უხეშად ექცეოდა რომის და აგრძნობინებდა, რომ ეს ურთიერთობა რომისთვის უფრო საჭირო იყო, ვიდრე მისთვის. პრესა აღმერთებდა პატარა ანგელოზს - რომის და მისი თანამგზავრის საქციელს კიცხავდა. ყვითელი პრესა დელონისა და შნაიდერის ყველა ნაბიჯს უთვალთვალებდა. წერდა დელონის ყველა გამოხდომის შესახებ და დასცინოდა რომის, რომელიც საქმროს ღალატს პატიობდა. რომისთვის დამამცირებელი იყო მოთმინება, ის ყველასთვის დაცინვის ობიექტი გახდა. თუმცა რომის წასვლა არ შეეძლო, მას გულუბრყვილოდ სჯეროდა ალენის.

დელონი ყოველდღე ახერხებდა რომის დარწმუნებას, რომ მეორე დღეს ყველაფერი შეიცვლებოდა. მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში ის არა მხოლოდ ანადგურებდა რომის გრძნობებს, არამედ ნელ-ნელა ზღვარს სცილდებოდა მის მიმართ დამოკიდებულება, ის საშინლად ექცეოდა რომის და ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი აყენებდა. ეს ხუთ წელიწადს გაგრძელდა. ვნებიანი, მტკივნეული, არაერთმნიშვნელოვანი და დამამცირებელი ურთიერთობა თავად დელონმა გაწყვიტა. მისი კარიერა მწვერვალზე ავიდა. დელონი თეატრალურ წრეებში მიიღეს, მას სერიოზული ჰონორარები ჰქონდა. დელონის ცხოვრებაში თაყვანისმცემელთა დიდი არმია გაჩნდა. რომიმ, რომელიც ალენს დაეხმარა, ვარსკვლავად ქცეულიყო, საკუთარი სამსახიობო მეთოდი შეიმუშავა. სწორედ ამ დროს რომი ღრმა, სახასიათო, ძლიერ, დრამატული ტემპერამენტის მსახიობად ყალიბდება.

დელონი მას წერილის დახმარებით დაემშვიდობა. წერილში ეწერა: „ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ აეროპორტებში გადავაწყდებოდით ხოლმე“. ეს მისი სტილი იყო - ცივი, ცინიკური, არანაირი პირადი. მალე ის მსახიობ ნატალი ნარტელემიზე დაქორწინდა. რომი შნაიდერი მის გარეშე კვდებოდა. ის თავის გრძნობებს ებრძოდა. დელონთან გატარებული წლების განმავლობაში ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო დრამატულმა მსახიობმა საკუთარი თავის სიყვარული დაკარგა.

1966 წლის გაზაფხულზე რომი გათხოვდა. რომის გამო მისმა რჩეულმა ჰარი მაიენმა მიატოვა ქალი, რომელთანაც 12 წელი იცხოვრა.

რომი თავის დღიურში წერდა: „ალენთან გატარებული წლები იყო ველური, გიჟური. ჰარისთან საბოლოოდ დავმშვიდდი“. ამ ურთიერთობაში ის პატივისცემას უფრო ეძებდა, ვიდრე სიყვარულს. შესაძლოა, მისი ცხოვრების ისტორია სხვაგვარი ყოფილიყო, რომ არა 1968 წელს დელონის სატელეფონო ზარი. მან დაარწმუნა რომი და პროდიუსერები, რომ ფილმ „აუზში“ თავისი პარტნიორის როლში მხოლოდ რომის ხედავდა.

სკანდალებსა და წარუმატებელ პროექტებში გახვეულ დელონს, რომელმაც პირად ცხოვრებაში მარცხი განიცადა, სჭირდებოდა წარმატებული ხმაურიანი პროექტი, რათა თავისი მდგომარეობა გამოესწორებინა. რომი შნაიდერი მას სჭირდებოდა არა მარტო, როგორც ლამაზი და დიდებული მსახიობი, არამედ მათი ცოტა ხნის წინანდელი ურთიერთობა ალენისთვის საუკეთესო პიარნაბიჯი იქნებოდა. რომის ერთგული ცოლისა და დედის სტატუსი კი ვითარებას პიკანტურობას მატებდა.

ფილმმა აღიარება მაშინვე მოიპოვა. ის ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ იყიდა. გაზეთებში რომისა და ალენის ფოტოები იბეჭდებოდა, სადაც ისინი ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ. ალენ დელონმა თავისას მიაღწია და მისი ცხოვრებიდან ისევ გაქრა. ჰარი მაიენმა ცოლის პატიება ვერ შეძლო. მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. ჰარიმ სამუშაო მიატოვა, სმა დაიწყო. რომი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ისიც ალკოჰოლს მიეძალა. რომის ცხოვრებაში საშინელი ეპოქა დაიწყო. განქორწინება, ახალი ქორწინება, ყოფილი ქმრის თვითმკვლელობა. ის თავის თავში ჩაიკეტა და უარი თქვა სხვადასხვა წინადადებებზე, მათ შორის იყო ფილმები „ქალი და მამაკაცი“ და „უკანასკნელი ტანგო პარიზში“.

რომი მიფრინავს მექსიკაში, სადაც დელონთან ერთად მონაწილეობს მესამეხარისხოვან სურათში. ყველაზე მეტად კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდება მისი თამამი ფოტოები ჟურნალ Playboy-ში.

ყველაზე დიდი ტრაგედია მსახიობის ცხოვრებაში მეორე ქმართან განქორწინების შემდეგ მოხდება. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იღუპება მისი 14 წლის ვაჟი. ჭკუიდან შეშლილი რომი მხოლოდ დელონთან ურთიერთობს. ის ბევრს სვამდა და ყველას თვალში პატივისცემას კარგავდა.

რომი შნაიდერი 1982 წლის 30 მაისს გარდაიცვალა. ყველამ იცოდა დიდებული მსახიობის ცხოვრების ტრაგედიის შესახებ და არავის შეეძლო დაჯერება, რომ მას 44 წლის ასაკში გული გაუჩერდა. გაზეთები გამოვიდა სათაურებით: „რომი შნაიდერმა თავი მოიკლა“. მოგვიანებით ოფიციალურად განაცხადეს, რომ რომის გულმა, უბრალოდ, სტრესს ვერ გაუძლო. საყვარელი მსახიობის გარდაცვალებას მთელი ევროპა გლოვობდა.

ალენ დელონი კი საკუთარი თავის ერთგული დარჩა და ჟურნალ „პარი მატჩში“ გაგზავნა საეჭვო განცხადება, სათაურით: „მშვიდობით, ჩემო თოჯინა“.

„დღე, როდესაც შენ აღარ გენდობი, ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი იქნება“, - რომი ამ რეპლიკას ფილმ „კრისტინადან“ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იმეორებდა. ის დელონს სიცოცხლის ბოლომდე ენდობოდა.

მოამზადა მაკა სვიმონიშვილმა