დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ესეებისა და კალიგრაფიის კონკურსების გამარჯვებულებს საზეიმო ვითარებაში სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ალიბეგაშვილმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ გადასცეს.
ესეების კონკურსში: „ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ მონაწილეობა მიიღეს ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში ჩართულმა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა და თსუ-ს 1+4 პროგრამის სტუდენტებმა. ერთობლივი კონკურსის 10 გამარჯვებულიდან 3 ჟვანიას სკოლის მსმენელია: რაია ხალილოვა (მარნეული), აიგუნ ოსმანოვა (მარნეული) და ნეკტარ გარიბიანი (ნინოწმინდა).
ჟვანიას სკოლის მიერ ორგანიზებული კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები ნინოწმინდის რეგიონული სასწავლო ცენტრის მსმენელები მერი გარიბიანი და ზარუჰი ათორაკალიანი არიან. მათ სიგელებთან ერთად მოოქროვილი ვეფხისტყაოსნები გადაეცათ.
შეხვედრაზე საუკეთესო ესეების ავტორებმა საკუთარი ნაწარმოებები წაიკითხეს, ასევე მოეწყო კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეთა ნაშრომების გამოფენა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ:
- განათლების ,მეცნიერების ,კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თსუ ახალგაზრდული ცენტრი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;
- კრეატიული სკოლა;
- ენის ამერიკული სკოლა.