ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციების გავრცელება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნული რეფორმის შედეგები პირველ რიგში, ტაქსის მძღოლების და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.
„ტაქსების რეფორმა დავიწყეთ იმისთვის, რომ ეს სფერო მოწესრიგებული იყოს. სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად, არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება. პირველ რიგში, ეს რეფორმა მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლებისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავინ არავის ავალდებულებს და არაფერს აძალებს. არის ორი მიმართულება, რომლითაც შეუძლიათ მათ რომ ისარგებლონ: A კატეგორიის ლიცენზია და B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება გადაღებვის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ადამიანებისთვის სერიოზული პრობლემა ყოფილიყო. მესმის, არსებული სოციალური მდგომარეობა. ძირითადად, ეს ადამიანები იმიტომ არიან ამ საქმიანობით დაკავებულები, რომ უჭირთ. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც დღის განმავლობაში სამსახურში მუშაობს და შემდეგ მგზავრების გადაყვანას ახორციელებს. ჩვენ ესეც გავითვალისწინეთ და ამ ადამიანებს რომ კიდევ ზედმეტი ხარჯი არ ჰქონოდათ, ვაუჩერების გადაცემა გადავწყვიტეთ. კომპანია, რომელმაც ჩვენს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, თავის ვალდებულებას შეასრულებს და ტაქსის მძღოლებს გადაღებვაში არცერთი თეთრი არ დაეხარჯებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტაქსის მძღოლები უფასო პარკინგით და ასევე, რეკლამის შემოსავლით ისარგებლებენ. ეს პირველ რიგში, მათი და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება ასახული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.