ENG / RUS

ევროპა, პუტინი, „ყვითელი ჟილეტები“ და ბიატლონი

ძალიან ცუდ დღეშია ევროპა. ამჯერად არანაირი „რუსული პროპაგანდა“ არ არის მტკიცება, რომ მართლა კრიზისია. თან ძალიან სერიოზული სისტემური კრიზისი, რომელსაც (რაც ყველაზე უარესი და საშიშია, მათ შორის ჩვენთვისაც) აქვს სახიფათო პოტენციალი, გადაიზარდოს უკვე ცივილიზაციურ კრიზისში! ცივილიზაციური კრიზისი კი, როგორც კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, შეუქცევადია. თუმცა კი ის თვისება აქვს, რომ ადამიანები მას ან ვერ ამჩნევენ ან არ იმჩნევენ.

მაგალითად, სადღაც III საუკუნის მიწურულს რომაელი მოქალაქისთვის, გახშირებული არეულობა, დაპირისპირება, კრიზისები და შფოთი  ჩვეულებრივი, დროებითი მოვლენა იყო, რაკი გარეგნულად რომის დიდებას თითქოს არაფერი ემუქრებოდა. უფრო მეტიც, სწორედ მაშინ, ძლევამოსილებისა და ბრწყინვალების მწვერვალს მიაღწია თითქოს მაგრამ......ჩვენ მაინც, დღევანდელი გადასახედიდან ხომ ვხედავთ, რამდენად ცდებოდა?

მიზეზი მუდამ ერთი და იგივეა: სისტემურ კრიზისთა და „გამოწვევათა“ მენეჯმენტის, მათზე რეაგირების მექანიზმების მოშლა!

ანუ, როდესაც ეს მექანიზმები ვერ მუშაობს როგორც სუბიექტური (ამას კიდევ ეშველება, თუკი უფალმა წყალობა მოიღო) ასევე სისტემური, ინსტიტუციური მიზეზების გამო.

ამჟამინდელი ევროპული კრიზისი რომ უკვე ეგზისტენციურ ზღვარზე ბალანსირებს, ამის უამრავი თითქოს უმნიშვნელო, თითქოსდა წვრილმანი „მარკერი“ არსებობს. მათგან ზოგი ცნობილი და რეზონანსულია, სხვები - ნაკლებ ცნობილი და „უმნიშვნელოდ“ მიჩნეული.

აი, მაგალითად, თითქოსდა რა კავშირი შეიძლება არსებობდეს საფრანგეთში ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ გამანადგურებელ აქციებს, „ბრექსიტს“, ასევე სტრასბურგში ვიღაც სოციოპატის მოწყობილ მორიგ სასაკლაოსა  და სპორტულ (უფრო სწორად არასპორტულ) დოპინგს შორის?

მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე  „მარკერებად“ შეიძლება დავასახელოთ „თეთრი სახლის“ გარშემო დატრიალებული   მარაზმი, ქერჩის სრუტეში რუსეთის თავხედური მოქმედება, „ქიმიური ასადის“ დაუსჯელი თავგასულობა, სკრიპალების მოწამვლა და ა.შ. თუმცა ეს ოთხიც საკმარისია, რადგან „რეაგირება-მენეჯმენტის“ კრიზისს იოლად ადასტურებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა მოხდა პარიზში? ერთი შეხედვით, არაფერი იმგვარი, რაც ადრე არ მომხდარა. ბოლოს და ბოლოს პარიზი ევროპაშიც კი ცნობილია „სოციალურ ბუნტთა“ ტრადიციით - დაწყებული ჯერ კიდევ XIX საუკუნის „კომუნიდან“, როდესაც პარიზელებმა პირწმინდად გადაწვეს თავისი დედაქალაქი და იმ მოვლენათა ნაჭდევი, თუ ყურადღებით დააკვირდებით, ამ ქალაქში დღემდე იგრძნობა.

„საკრე-ქერის“ ეკლესია („რატომღაც“ მაინცდამაინც  ბიზანტიურ სტილში) სწორედ კომუნის შემდეგ ააგეს ფრანგულმა ელიტებმა ცოდვათა, ესე იგი აჯანყების სისხლში ჩახშობის მოსანანიებლად.

დღეს „ელისეის მინდვრები“ -  ევროპის უდიდესი და ულამაზესი გამზირი გადაწვეს ყვითელ ჟილეტებში გამოწყობილმა რადიკალებმა. ფორმალური საბაბი გახდა მაზუთზე „ეკოლოგიური“ გადასახადის დაწესება. 1871წ „კომუნის“ მიზეზიც გადასახადი იყო. ოღონდ კომუნალური. და აქვე იწყება ნიშანდობლივი სისტემური სხვაობა: „მწვანე“ გადასახადს საბიუჯეტო დატვირთვა არ ჰქონია. იგი მხოლოდ  ეკოლოგიური მოსაზრებებითაა განპირობებული, მაგრამ „ყვითელი ჟილეტების“ ამბოხის დასაშოშმინებლად, პრეზიდენტ მაკრონის მთავრობა იძულებული გახდა ჯერ სამარცხვინოდ უკან დაეხია, ეს გადასახადი გაეუქმებინა, შემდეგ კი სოციალური გადასახადებიც შეემცირებინა, რაც საფრანგეთის ბიუჯეტს 10 მილიარდი ევრო დაუჯდება.

რუსული პროპაგანდა მთელი ამ დღეების განმავლობაში გვიმტკიცებს, თითქოს ამაზრზენი ბუნტის მიზეზი ის გახდა (თურმე) რომ „ფრანგები ძალიან ცუდად ცხოვრობენ, სოციალური გადასახადები ახრჩობთ“...სინამდვილეში, არანაირი რაციონალური საფუძველი ამ ბუნტს არ ჰქონია: ბოლოს და ბოლოს ის მაღალი სოციალური გადასახადი განაპირობებს სწორედ საყოველთაო თითქმის უფასო ჯანდაცვას და სოციალური უზრუნველყოფის „ევროპულ“ დონეს.

„ყვითელ ჟილეტთა“ აბსოლუტური უმრავლესობა არანაირი „მძღოლი“ არ ყოფილა, ვისაც „ეკოლოგიური გადასახადი“ შეეხებოდა. მაგრამ რადიკალურმა მემარჯვენე და მემარცხენე ჯგუფებმა (შინაარსობრივად იმავე სოციოპათებმა), ვისაც ნეოფაშისტი მარინ ლე პენიც კი გაემიჯნა,  ისარგებლეს სოციალურ ქსელთა განვითარებით, ამ ქსელებით მოახერხეს თვითორგანიზება (ბუნებრივია, პუტინის „საინფორმაციო ჯარებიც“ წაეხმარათ ამაში) და ლამის „კომუნა-2“ მოაწყვეს ევროპის ამ ნატიფ, მშვენიერ ქალაქში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არაკორექტულია ამის თქმა მაგრამ.....XIX საუკუნეში ფრანგულ ელიტებს ის უაზრო სოციალური ბუნტი რომ ვერ ჩაეხშოთ, არც საფრანგეთს და არც ევროპას შემდგომი განვითარების საშუალება არ ექნებოდათ. დღეს? 1000 დაპატიმრებულიდან ნახევარი გაათავისუფლეს, მეორე ნახევარიც სულ მალე გამოვა გარეთ და უარესს ჩაიდენს, რაკი  „ადამიანის უფლებათა“ ცივილიზაციურმა ფილოსოფიამ ელიტებს წაართვა მიზანშეწონილი რეაგირების მექანიზმი. ამიტომ ეს ყოველივე მხოლოდ დასაწყისია.

სტრასბურგში, აღმოსავლური წარმოშობის სოციოპათმა ავტომატით დახვრიტა რამდენიმე უმწეო მოქალაქე საშობაო ბაზრობის მიმდებარედ. როგორც ირკვევა, პოლიციის აღრიცხვაზე იყო, მაგრამ სამხილის არარსებობის გამო „თითიც ვერ დააკარეს“ სანამ ოთხი ადამიანი არ შეიწირა.

ბრიტანეთში, რადიკალიზებულმა და „ჩლუნგი ფობიებით“ მოცულმა მასამ, რეფერენდუმზე  მიიღო აბსოლუტურად გამანადგურებელი გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. უდიდესი ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ მთავრობა იძულებულია შეასრულოს რეფერენდუმის შედეგი, თუმცა კი არ ეთანხმება მას. ახალი რეფერენდუმი კი დემოკრატიის (მაშასადამე ცივილიზაციის)  საფუძვლებს დაანგრევდა.

და ბოლოს. თითქოსდა უმნიშვნელო საოცრება, რაც ავსტრიაში მოხდა: პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე რუსი ბიატლონისტის წინააღმდეგ დოპინგის გამოყენებისთვის (ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს კრიმინალია), მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაუპატიმრებიათ. უფრო მეტიც: ისინი მშვიდად ჩავიდნენ ავსტრიაში და ბიატლონის მორიგ ტურნირშიც იღებენ მონაწილეობას. სხვა უფლებამოსილება კი პოლიციას არა აქვს: რაკი დაპატიმრება ვერ გაბედა, ვერც ტურნირში მონაწილეობას აუკრძალავს. ეს რუსი სპორტსმენებიც, ტურნირის შემდეგ მშვიდად დაბრუნდებიან რუსეთში, სადაც ბევრს იცინებენ ავსტრიის სასამართლოს მოსალოდნელ გამამტყუნებელ განაჩენზე.

ოთხივე შემთხვევაში ჩანს „კრიზისებსა და გამოწვევებზე“  რეაგირების  სისტემის სახიფათო მოშლა!

 იმავე პრობლემის გამოვლინებაა ისიც, რომ ევროპული „ლიდერშიპი“ ანუ „ლიდერობის“ ფენომენი, აშკარად წარსულს ბარდება. ავიღოთ თუნდაც იგივე იმმანუილ მაკრონი: აბსოლუტურად უსახური...... „არაფერი“ - „არაფრიდან“ გაჩენილი მოულოდნელი უცნაურობა, რომელმაც ჩაანაცვლა ასეთივე უსახურობა და არარაობა ფრანსუა ოლანდი. იგივე უსახურობანი ევროპის სხვა ქვეყნებშიც...შევადაროთ ჩერჩილს, ადენაუერს, დე გოლს, ან თუნდაც მომდევნო ეპოქის  ლიდერებს: ფრანსუა მიტერანი, მარგარეტ ტეტჩერი, ჰელმუტ კოლი......

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისტორიის საოცარი ირონიაა, რომ ეს მართლაც მშვენიერი და შემოქმედი ცივილიზაცია საკუთარი გენიალობის მსხვერპლი ხდება, რაკი დღეს, მისი აბსოლუტიზებული ჰუმანიზმი ელიტებს აღარ აძლევთ ძალაუფლების მყარი და მკვიდრი სისტემის ჩამოყალიბების, მაშასადამე კრიზისებსა და გამოწვევებზე მიზანშეწონილი რეაგირების საშუალებას.  ამით სარგებლობს მეზობელი „დერჟავა“, რომლის ცივილიზაციური საფუძველი არა ადამიანის, არამედ, საპირისპიროდ, -  სწორედაც ძალაუფლების აბსოლუტიზებაა!

პირველი ინაუგურაციისას ვლადიმერ პუტინმა ზუსტად ამას გაუსვა ხაზი, როდესაც კრემლს, სადაც ფიცს სდებდა „რუსი ხალხისათვის წმიდათაწმიდა“ ადგილი უწოდა.

თუ ასე გაგრძელდა (ყირიმზე, საქართველოს ოკუპაციაზე  და სხვა ამგვარზე ხომ არაფერი გვითქვამს ჯერ) ეს კულტურული ცივილიზაცია უკვე ჩვენი თაობის თვალწინ ისევე დაემხობა უკულტურო ველურ აგრესორთა  ზეწოლით, როგორც ბევრი მისი წინამორბედი დაემხო და აღიგავა პირისაგან მიწისა.

ნიკა იმნაიშვილი