ვეფხია ბაქრაძე ჩვენებას აუცილებლად მისცემს და ის იტყვის აბსოლუტურ სიმართლეს, - აცხადებს ბარნოვზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვლის, ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი, თეიმურაზ მაგლაქველიძე.
როგორც ის განმარტავს, დღეს სასამართლოში დაკითხულ პირებს საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაუჟღერებიათ.
"გარდა მოწმეების დაკითხვისა, დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხიც გადაისინჯა. ბრალდებული ჩადენილ მკვლელობას არ უარყოფს, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვეს", - აცხადებს მაგლაქველიძე.
შეგახსენებთ, რომ თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თაკო გამრეკელაშვილს აღენიშნებოდა 33 ჭრილობა, ასევე აღენიშნებოდა მრავალი სისხლნაჟღენთი დაზიანება. 33 ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულ-მკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე. კისრის და ყელის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება.