რაც კომისიამ დაწერა დასკვნაში, ზუსტად ეს დადასტურდა ამ ჩანაწერებით, - ასე აფასებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.
მისი თქმით, აუდიო ჩანაწერებით კომისიის წევრების მიერ შემუშავებული დასკვნის სისწორე, კიდევ ერთხელ დადასტურდა.
„ფარსია ყველანაირი შს სამინისტრო, პროკურატურა, გამოძიება სასამართლო. ეს ყველაფერ ლაგდება რამდენიმე ადამიანის კაბინეტში, იქვე შეიძლება კალაშნიკოვიანი ადამიანებიც დგანან და ასე ჭრიან და კერავენ როგორც უნდათ. ამან, აჩვენა პრაქტიკულად ის, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი. რაც კომისიამ დაწერა დასკვნაში, ზუსტად ეს დადასტურდა ამ ჩანაწერებით,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.
სკანდალური ჩანაწერები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.
საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.