საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე განხორცილებული შესაძლო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
"ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს. სამინისტროს მიზანია, როგორც ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, არამედ მისი პრევენცია.
სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწვლეზე განხორცილებული შესაძლო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო.
იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ამავე სკოლის მოსწავლის მშობელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მეხუთეკლასელი შვილის მიმართ მასწავლებელმა ვერბალური ბულინგი განახორციელა.
მისივე ინფორმაციით, რახან მისი შვილი მოგრძო თმას ატარებს, მასწავლებელმა მისი ბიჭის მისამართით კლასს საჯაროდ დაუსვა კითხვა იმის გასარკვევად, ახალი მოსწავლე გოგო იყო თუ ბიჭი.
"მასწავლებელი, რომელიც ვერბალურ ბულინგს გააზრებულად ახორციელებს პირველივე დღეს ახალ მოსწავლესთან, არის დამნაშავე! მასწავლებელი, რომელიც თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე!", - წერს მშობელი.