აგვისტოს ბოლოდან ბათუმს ახალი ავტობუსები მოემსახურება. "ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსები უკვე ბათუმის მიმართულებით მოემართებიან. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, საწყის ეტაპზე ქალაქს 15 ერთეული ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი მოემსახურება, წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 35-მდე გაიზრდება.
ახალი ავტობუსები ბათუმს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ეყოლება, რაც ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს.
"ევრობანკმა" საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, ხოლო E5P-მ 1.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო, რის შედეგადაც ბათუმს პირველ ეტაპზე 15 ერთეული ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი მოემსახურება, წლის ბოლომდე კი - 25 ერთეული დაემატება.
ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში ევრობანკი ასევე გამოყოფს 0.8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებში.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულება 2017 წლის 13 ივლისს გაფორმდა.
ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული უკრაინულ-იაპონური კომპანია – „ჩერკასკი ავტობუსია”, რომელიც ბათუმის მერიას „ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსებს მიაწოდებს. ახალი ავტობუსები 60 ადამიანზე (ჯდომით და დგომით) იქნება გათვლილი, აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით და ადაპტირებული არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. არსებულ ავტობუსებთან შედარებით ახალი სატრანსპორტო საშუალება ხარჯის 50%-ით ეკონომიას გააკეთებს.
რაც შეეხება მგზავრობის საფასურის გადახდის წესებს, უკვე დაინერგა უკონტაქტო გადახდის გაუმჯობესებული სისტემა.