თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში რუსეთის სავიზო ცენტრი განთავსდება.
ასევე, უკვე ამოქმედდა საქართველოში რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრის ვებგვერდიც: https://tass-georgia.ge/.
რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების მომსახურეობის ხარისხის გაზრდის მიზნით, 2018 წლის 17 აგვისტოს თბილისში იხსნება რუსეთის სავიზო ცენტრი (რსც). კერძოდ, მოხდება ვიზების გაფორმების პროცედურის დაჩქარება და გამარტივება, და აგრეთვე შეიქმნება განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები. აღნიშნულს ხელს შეუწყობს რსც-ს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური პერსონალი, 16 მიმღები ფანჯარა, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა დედაქალაქის ცენტრში, კომფორტული კეთილმოწყობილი ფართები და სხვა შესაძლებლობები. რსც ოფიციალურად უფლებამოსილია მიიღოს, დაამუშაოს და გადასცეს თბილისში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას ფიზიკური პირებისა და იურიდიული ორგანიზაციებისგან მიღებული განსახილველი დოკუმენტები ყველა კატეგორიის ვიზის გასაცემად, გასცეს პასპორტები მზა ვიზებით და გაუწიოს სხვა მომსახურებები. რსც-ში დოკუმენტების შეტანისას, განმცხადებელი იხდის საკონსულო გადასახადს და სერვისის საფასურს. საკონსულო გადასახადის ტარიფები დადგენილია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. სერვისის საფასური არის რსც-ს მომსახურეობის გადასახადი და შეადგენს 30 აშშ დოლარს. მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში, რსც-ს შეუძლია დამატებითი მომსახურებების გაწევა, რომელთა ჩამონათვალისა და საფასურის დაზუსტება შესაძლებელია მის ოფიციალურ გვერდზე ან ტელეფონის მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ გაავრცელა.
ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.