„რუსეთის პრეზიდენტმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა, პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა და ფედერალური საკრებულოს (სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს) წევრებმა 2017 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები გამოაქვეყნეს“, - ნათქვამია გაზეთ «КоммерсантЪ»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ვლადიმერ პუტინმა 2017 წელს 18,7 მილიონი რუბლი გამოიმუშავა, რაც 9,9 მილიონი რუბლით მეტია 2016 წელთან შედარებით. პრეზიდენტის მფლობელობაშია საცხოვრებელი ბინა (77 კვ.მ.), გარაჟი (18 კვ.მ.), ავტომობილები - „ვოლგა“ (ГАЗ М21) და „ნივა“, მისაბბმელ „სკიფ“-თან ერთად. როგორც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, ვლადიმერ პუტინის შემოსავლების გაზრდის მიზეზი ისაა, რომ მან მიწის ნაკვეთი გაყიდა.
რაც შეეხება სახელმწიფო სათათბიროს წევრების ქონებას, როგორც გაირკვა, ერთ-ერთ დეპუტატს ქონება საქართველოშიც ჰქონია: „პარტია „ედინაია როსიას“ წევრი, დეპუტატი ოთარ არშბა [დედით ქართველი, მამით - აფხაზი, ФСБ-ის გადამდგარი პოლკოვნიკი, აფხაზი სეპარატისტების ფინანსური სპონსორი 1992-93 წლებში - ს.კ.] საქართველოში ფლობს მიწის ორ ნაკვეთს და ერთ ოთახს (16 კვ.მ.). მისი ცოლს მარინე ზენაიშვილსაც საქართველოში ასევე აქვს მიწის ორი ნაკვეთი, ორი სახლი და ბინა“.