ENG / RUS       12+

„შავი ხალიფატი“ საქართველოში შემოიჭრა - რას გადაურჩა და რას ვერ გადაურჩა ქვეყანა?

22 საათიანი სპეცოპერაცია თბილისის არა ცენტრალურ, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კვარტალში, როგორც იქნა, დასრულდა. დასრულდა მსხვერპლით იმ გმირ ბიჭებს შორის, რომლებმაც გაანადგურეს ტერორისტები და ამით ვალი მოიხადეს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე.

მით უფრო გამაოგნებელია ყოფილი თავდაცვის მინისტრის (!) განცხადება: „ის, რომ ტერორისტები არიან საქართველოში, არ გულისხმობს, რომ ტერორიზმი მოვიდა საქართველოშიო“.

კი მაგრამ, ეს რას ნიშნავს? რომ ტერორისტები (ტრანზიტით) საქართველოში კი იყვნენ, მაგრამ თვით საქართველოს არაფერს დაუშავებდნენ? ჯერ ერთი, საკითხავია, დაუშავებდნენ თუ არა საკუთრივ საქართველოს, მაგრამ ასეც რომ იყოს, ქვეყანას ხომ საერთაშორისო ვალდებულება აქვს შეძლებისდაგვარად ებრძოლოს ტერორიზმს, თუნდაც იგი არა  საქართველოს, არამედ სხვა ქვეყანას ემუქრებოდეს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხანგრძლივი სპეცოპერაციის შედეგად, სამი ტერორისტი (არაოფიციალური ინფორმაციით „ისლამური სახელმწიფოს“ ჩეჩენი მებრძოლები) ლიკვიდირებულია. ერთი -დაპატიმრებული. თუმცა ეს „ერთი“ (პანკისელი რიზვან გორნაკაშვილი) აშკარად არა თვით ოპერაციის მსვლელობისას, არამედ რამდენიმე საათით ადრე დააკავეს. და მისი დაკავების მთავარი მოტივი ის იყო, რომ სწორედ მან მიაქირავა ტერორისტებს  ბინა.

ნორმალურ, დემოკრატიულ  ქვეყანაში (მაგალითად ისრაელში) მარტო მას კი არ დააკავებდნენ, არამედ ყველას, ვისაც ხსენებული ბინა ეკუთვნოდა, „სხვას გადაუფორმა“, მერე „ვიღაცას დაუთმო“, „დაუტოვა“, ერთი სიტყვით, ვიღაც-ვიღაცის დეიდის ქმრის ბიძაშვილია თუ  მამიდაშვილის  ცოლისძმა, როგორც ახლა გვიყვებიან იმ რეგიონის (პანკისის ხეობის) წარმომადგენლები, - თავი რომ ისე უჭირავთ, თითქოს არავინ არაფერი იცოდა საერთოდ და, თურმე, მათგან  კაცმაც არ იცის, ეს სისხლისმსმელი ავაზაკები იმ ბინაში როგორ „აღმოჩნდნენ“.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ამგვარ შემთხვევაში, ისრაელი ამ მრავალბინიან სახლს, რასაკვირველია,  აღადგენდა სახელმწიფოს ხარჯზე, ოღონდ, გარდა უშუალოდ იმ ბინისა, სადაც ტერორისტები ცხოვრობდნენ მთელი არსენალით, ხოლო პანკისელ მამიდა-ბიძაშვილ-ცოლისძმა-დეიდაშვილიანა არავინ არაფერი უწყოდა (თურმე) და რაც მთავარია, არც იყო ვალდებული სცოდნოდა: „300 დოლარი გამოართვა და...... სტუდენტი გოგონები უნდა შესახლებულიყვნენ და.......“ თუმცა ბანდიტები შესახლებულან საკადრო ბატალიონისთვის სამყოფი იარაღით და.....„აბა ჩვენ რა ვალდებული ვიყავით შეგვემოწმებინაო“.

ისევ და ისევ:  მსგავსი ისრაელში მოხდეს......დედა-წულიან-ნათესაობიან-დეიდაშვილ-მამიდაშვილიანა ყველას.......დააპატიმრებდნენ უკლებლივ! ეს უკეთეს შეთხვევაში.

ან იქნებ ვინმეს ჰგონია, ისრაელზე იოლ მდგომარეობაში ვართ და ბევრად ნაკლები რისკ-გამოწვევები გვაქვს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველა ვერ აცნობიერებს, რას გადაურჩა ქვეყანა: საქმე გვქონდა აბსოლუტურად პირწავარდნილ, გამხეცებულ, მძვინვარე ფანატიკოსებთან! თანაც, 3-4 წლიანი საომარი გამოცდილების მეომრებთან, რომელთათვისაც სიკვდილი ბაირამობა და საიქიოში 77 ქალწულთან განცხრომაა.

კიდევ კარგი, მადლობა უფალს,  ოპერაციის დაწყებამდე მათ ვერ მოასწრეს მძევლების, მათ შორის მეზობელი ქალებისა და ბავშვების ტყვედ აყვანა, ანუ ფარად გამოყენება. რა, განა  ჭკუა დაუშლიდათ?

თუ ისინი მოასწრებდნენ მძევლების აყვანას, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთელი ქვეყანა აღმოჩნდებოდა უმძიმესი დილემის წინაშე: შეესრულებინა ტერორისტთა მოთხოვნები, ესე იგი  უსაფრთხოდ გაეშვა ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ თუნდაც იმავე პანკისის ტყეში, ან  ჩაეტარებინა საზარელი სისხლიანი ოპერაცია და ტერორისტები მძევლებთან ერთად გაენადგურებინა! ისინი არ დანებდებოდნენ, გამორიცხულია: აბა  ვნახოთ როგორ მოკვდა ბოლო, მესამე ტერორისტი, - როცა მიხვდა, სხვა გზა აღარ იყო, კორპუსის წინ, ღია ადგილას გამოვარდა ყვირილით „ალაჰუ აქბარ!“, რათა „ბაირამობას“ იარაღით ხელში შეგებებოდა.

მძევლების არარსებობა ამ ოპერაციის ყველაზე დიდი და უმთავრესი წარმატებაა თუკი (!) ეს მართლა იმის შედეგია, რომ ოპერაცია ისე დაიგეგმა, ტერორისტებს მძევლად ვერ აეყვანათ მეზობლები. მაგრამ თუ ეს შემთხვევით მოხდა ასე, მართლა ღმერთმა გადაარჩინა ეს მრავალტანჯული, ისედაც გაუბედურებული ქვეყანა ამ საშინელებას.

ამას კი გადაურჩა, სამაგიეროდ ვერ გადაურჩა სხვა საშინელებას: ტელეეკრანები მოიარა მოკლული ტერორისტის გამოსახულებამ, რასაც მაშინვე მოჰყვა შესაბამისი მუქარა სოციალურ ქსელში „ისლამური სახელმწიფოს“  მხრიდან: „მწარედ განანებთ და თქვენს მიწას სისხლით მოვრწყავთო“.

სწორედ მძვინვარე ფანატიკოსთა ამ „შოკური აღქმა-რეაქციის“ გამო, მიწაზე განრთხმულ, მოკლულ ტერორისტებს არ აჩვენებს (არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში) პასუხისმგებელი მედია. ეს ბევრად საშიში და სერიოზულია, ვიდრე თუნდაც სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება.

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტები ჩეჩნები იყვნენ. ოღონდ არა პანკისელები, არამედ ჩრდილოკავკასიელები. „საიდან ამდენი იარაღიო“, ყველაზე საინტერესო კითხვაა, რომელსაც პოლიტკორექტულობის გამო არავინ პასუხობს.

საიდან და „იქედან“, რომ „ნულოვანი წლებით“ (2000) დაწყებული, როდესაც პანკისში რუსლან გელაევის ბანდა დაბანაკდა, ამ „კრაზანათა ბუდის“ რეალურად გაკონტროლება და იარაღის ამოღება  ვერ შეძლო ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილის, ვერც დღევანდელმა ხელისუფლებამ.

„კრაზანების ბუდე“ იქცა  „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარ პოლიგონად, საიდანაც  „ხალიფატის“ ლიდერშიპი იკვებებოდა ცოცხალი ძალით. იქ დღემდე უამრავი იარაღია დასაწყობებული და ეს იარაღი მალულად მოძრაობს კიდეც მთელ საქართველოში; მათ შორის თბილისის მიმართულებით.

არ დაიჯეროთ აშკარა, მტკნარი ტყუილი, თითქოს ისანში ლიკვიდირებული  ტერორისტები იარაღის ამ არსენალით შემოვიდნენ ქვეყანაში. ისინი ბრუნდებოდნენ სირიიდან ან ერაყიდან, მაშასადამე  გადმოკვეთეს თურქეთ-საქართველოს საზღვარი და აბსოლუტურად გამორიცხულია ჯერ თურქ მესაზღვრეებს, მერე მათ ქართველ კოლეგებს იარაღის არსენალი გამოჰპარვოდათ; სინამდვილეში, არაპოლიტკორექტული სიმართლე ისაა, რომ  საკადრო ბატალიონის სამყოფი იარაღის არსენალი იმ ბინაში მოხვდა უკვე ათეულობით წლის განმავლობაში უკონტროლო „კრაზანების ბუდიდან!“.

რატომ არ დაიმალენ თვით ხეობაში, რატომ ამჯობინეს თბილისში ბინის დაქირავება? იმიტომ, რომ მართალია თბილისი ხეობას იმდენად  ვერ აკონტროლებს, ჯერ კიდევ გელაევის და სხვათა გადამალულ იარაღის საწყობებს მიაგნოს, მაგრამ ინფორმატორები კი ნამდვილად ჰყავს და უცხოელთა ხეობაში დასახლება სპეცსამსახურებს არ გამოეპარებოდათ. დიდ ქალაქში დამალვა ბევრად მოხერხებული და უსაფრთხოა მათთვის. და „კრაზანების ბუდესაც“ არ უქმნიან უშუალო რისკებს. მით უმეტეს, თუკი თბილისში ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ და იარაღის აქ დასაწყობება ამისთის სჭირდებოდათ.

აბა ვის შეეძლო გაეთვალა, რომ იმავე კორპუსის რომელიღაც მაცხოვრებელი (სინამდვილეში სწორედ ასე იყო და არა სხვაგვარად) იმდენად ფრთხილი და გონიერი აღმოჩნდებოდა, „დარეკავდა“, ხოლო სპეცსამსახურები ამ კორპუსს თვალთვალს დაუწყებდნენ?

ის, ვინცდარეკა“, იმ დაღუპულ გმირ ბიჭზე არანაკლებ დამსახურებულია ქვეყნის გადარჩენაში!

ისევ და ისევ: პანკისის ხეობა დღეს ქვეყნის უდიდესი საფრთხე და პრობლემაა. მისი გადაჭრა ვერ მოხერხდება მკაცრი ზომების გარეშე, - თუკი ხელისუფლებას ესოდენ  დონდლო პოზიცია ექნება, რომ საერთოდ არა  აქვს „კითხვები“ იმათთან, თავხედურ ზღაპრებს  რომ გვიყვებიან „დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ცოლისძმა-„აბა მე რა ვიცოდი ან რა ვალდებული ვიყავი მცოდნოდა“ უნისონით.

ეს რეგიონი სერიოზულად „მისახედია“ და მისახედია საკუთარი ძალებით -  სხვა არავინ ამ საქმეში არ დაგვეხმარება და არც უნდა დავიხმაროთ.

 

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .